დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

21 მაისს რუსული და უკრაინული წყაროებით გავრცელდა სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრის ამსახველი ფოტოები

21 მაისს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანის იმ რაიონში, სადაც რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო.

ქალაქ სიზრანზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ განაცხადა სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა. მის ტელეგრამ-არხზე 21 მაისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სიზრანში ორი ადამიანი დაიღუპა და არიან დაშავებულები. გუბერნატორს არც დაშავებულთა რიცხვი დაუსახელებია და არც დრონებით შეტევის სამიზნე.

მონიტორინგის უკრაინულმა არხმა Exilenova+-მა ადგილობრივ მცხოვრებთა ცნობებზე დაყრდნობით დაწერა, რომ დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.

ამ ქარხანაზე შეტევა და ხანძარი თვითმხილველების მიერ გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ.

  • სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ სტრუქტურაშია და წელიწადში 8,5 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება შეუძლია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთი შეტევა მიიტანეს 2024-2025 წლებში და 2026 წლის აპრილშიც.

განახლება: უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა დაადასტურეს, რომ უპილოტო სისტემების ძალებთან ერთად დაარტყეს სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 800 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების თანახმად, სიზრანის ქარხანაში, რომელიც საწვავით ამარაგებს რუსეთის სამხედრო ავიაციას და რუსეთის ცენტრსა და სამხრეთში განთავსებულ სამხედრო ნაწილებს და მდინარე ვოლგისა და კასპიის ზღვის გავლით ნავთობპროდუქტების ექსპორტშიც ჩართულია, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ასევე ნახეთ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ისევ დაარტყეს „ლუკოილის“ ქარხანას ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში

ASTRA-ს ინფორმაციით, 21 მაისს ერთ-ერთი დრონი ჩამოვარდა სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან დაახლოებით 2,5 კილომეტრში მდებარე დასახლებულ რაიონშიც, სადაც კერძო სახლებია. სავარაუდოა, რომ დრონმა კურსი შეიცვალა რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედებით.

21 მაისს დილით ქალაქ სიზრანის ადმინისტრაციამ გაავრცელა მოკლე ცნობა, რომ „ტრაგიკული მოვლენების" გამო ქალაქში კვირის ბოლომდე გააუქმეს ყველა „გასართობი, მასობრივი, სპორტული და სანახაობრივი ღონისძიებები".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 20 მაისის საღამოს რვიდან 21 მაისის დილის შვიდ საათამდე სამარის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკის, როსტოვის და სარატოვის ოლქებში, ყალმუხეთის რესპუბლიკაში, ყირიმში და კასპიის ზღვის თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" ე.წ. თვითმფრინავის ტიპის 121 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლების ცნობით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად შჩებეკინოს რაიონში სამი ადამიანი დაშავდა. როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ“ ტყის მასივში ორი ხანძარი გამოიწვია.

ასევე ნახეთ

უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის მორიგ საჰაერო შეტევას
  • რუსეთისთვის სულ უფრო პრობლემური ხდება თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევები ნავთობის საცავებზე, პორტების ტერმინალებზე, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებსა და სხვა ობიექტებზე.
  • მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.