უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა 5 დეკემბერს მიიტანეს. მდინარე ვოლგაზე მდებარე ეს ქარხანა კომპანია „როსნეფტისაა“.
Reuters-ის წყაროთა თანახმად, დრონებით პირდაპირი დარტყმა იყო ნედლი ნავთობის პირველადი გადამუშავების ძირითად დანადგარზე CDU-6. ეს დანადგარი უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა 2025 წლის აგვისტოშიც და რემონტს ორი კვირა დასჭირდა. სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამჯერად, სარემონტო სამუშაოები შესაძლოა, დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდეს.
კომპანია „როსნეფტმა“ უპასუხოდ დატოვა Reuters-ის მიმართვა კომენტარის შესახებ.
ოფიციალური მონაცემებით, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას წელიწადში 8,9 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
Reuters-ის წყაროთა ცნობით, გასულ წელს ქარხანამ თითქმის ორჯერ ნაკლები საწვავი გადაამუშავა.
„როსნეფტის“ ამ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო 2024 წლის მარტშიც.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი