რუსეთის ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარეობს, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად იძულებული გახდა, ნავთობის პირველადი გადამუშავების ძირითადი დანადგარის მუშაობა შეეჩერებინა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
თავად „ლუკოილს“ ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა კსტოვოს ქარხანა „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზზე“ მორიგი შეტევა 20 მაისს მიიტანეს. ეს ქარხანა რუსეთში სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა.
Reuters-ის წყაროთა თანახმად, ნავთობის პირველადი გადამუშავების გაჩერებული დანადგარი ქარხნის საერთო სიმძლავრის 53%-ს უზრუნველყოფდა და დღე-ღამეში 25 700 ტონა ნავთობს გადაამუშავებდა.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა კსტოვოში „ლუკოილის“ ქარხანას დრონებით რამდენჯერმე შეუტიეს 2024-2025 წლებშიც, 2026 წლის აპრილის დასაწყისში და 18 მაისსაც.
Reuters-ის მონაცემებით, ბოლო კვირებში უკრაინული დრონებით შეტევების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პრაქტიკულად ყველა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, წარმოება შეეჩერებინა ან შეემცირებინა.
ასევე ნახეთ
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა შეტევა იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზერუსულმა გამოცემამ „Вот Так“ დათვალა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ რუსეთის ევროპულ ნაწილში შეუტია ყველა მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და მათზე სულ მცირე 158 დარტყმა განახორციელა.
მხოლოდ 2026 წლის დასაწყისიდან 32 შეტევა იყო.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ძალებმა ყველაზე მეტჯერ(15-15) დაარტყეს რიაზანის და სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.
ასევე ნახეთ
Reuters: ენერგომატარებლებიდან რუსეთის შემოსავლები მაისში შეიძლება 40%-ით გაიზარდოს- რუსეთს პრობლემებს უქმნის თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევები ნავთობის საცავებზე, პორტების ტერმინალებზე, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებსა და სხვა ობიექტებზე.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.