უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის მორიგი შეტევისას, რომელიც გასულ ღამით დაიწყო, ერთ-ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და ქალაქ გალაცში შეეჯახა მრავალბინიანი სახლის სახურავს.
სახლის ბოლო სართულზე ხანძარი გაჩნდა. რუმინეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი. სახლიდან მობინადრეთა ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი ლიკვიდირებულია.
29 მაისს გამთენიისას მომხდარი ინციდენტი დაადასტურა რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ. რადარებზე დრონის გამოჩენის გამო გაიგზავნა რუმინეთის არმიის ორი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი.
- უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამით რუსული დრონებით შეტევა მიმდინარეობდა რუმინეთთან მოსაზღვრე ოდესის ოლქზე.
განახლება: რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, გალაცში სახლს შეეჯახა რუსული დრონი „გერანი 2“.
რუმინეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებს დრონის ჩამოგდების ბრძანება ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ ეს არ გააკეთეს ხმელეთზე ნგრევის და დანაკარგების დიდი რისკის გამო. ამასთან, საჰაერო სამიზნის აღმოჩენას, იდენტიფიცირებას და ჩამოგდებას სჭირდება გარკვეული დრო, რუსული დრონი კი სახლთან შეჯახებამდე რუმინეთის საჰაერო სივრცეში მხოლოდ ოთხი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
რუმინეთის რეაქცია
ბუქარესტმა მკაცრად დაგმო რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებები, როგორც მორიგი გამოწვევა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მსგავსი ინციდენტები აჩვენებს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუმინეთის მოქალაქეებს, არამედ ნატოს კოლექტიურ უსაფრთხოებასაც.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოიუმ ინციდენტს უწოდა რუსეთის მხრიდან „სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაცია“ და განაცხადა, რომ რუმინეთი მიმართავს საჭირო დიპლომატიურ ზომებს თავისი საჰაერო სივრცისა და საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევის გამო.
რუმინეთმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა ევროპის სხვა სახელმწიფოებს, ნატოელ მოკავშირეებსა და ალიანსის გენერალურ მდივანს და ითხოვა, რომ დაჩქარდეს რუმინეთისთვის დრონებთან ბრძოლის საშუალებების გადაცემა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის გამოსაცხადებლად დაიბარეს რუსეთის ელჩი.
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და განაცხადა, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირდაპირი შედეგია. პრეზიდენტმა თავდაცვის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ნატოს და ევროკავშირის რეაქცია
ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის, ელისონ ჰარტის ინფორმაციით, გენერალურ მდივანს კავშირი აქვს რუმინეთის ხელისუფლებასთან. ალიანსმა დაგმო რუსეთის უგუნური ქმედება და განაცხადა, რომ განაგრძობს ყველა საფრთხისგან, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაცვის გაძლიერებას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთა, რუსული დრონით დარტყმა იყო რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ და ეს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხდა.
ურზულა ფონ დე ლაიენმა რუმინეთს და მის ხალხს სრული სოლიდარობა გამოუცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, უსაფრთხოების განმტკიცების გარდა, განსაკუთრებით ევროკავშირის აღმოსავლეთის საზღვრებზე, გააგრძელებენ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას და სანქციების 21-ე პაკეტს ამზადებენ.
29 მაისს დღის პირველ ნახევარში რუსეთის მთავრობის მხრიდან საპასუხო რეაქცია არ ყოფილა. რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრ ანდრეი კოლესნიკის კომენტარი, რომ ეს არის „პროვოკაცია მტკიცებულებების გარეშე".
ასევე ნახეთ
ლიეტუვა: რუსეთი უკრაინის სამხედრო დრონებს გამიზნულად მიმართავს ბალტიისკენ- უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ნატოსა და ევროკავშირის წევრი რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შეღწევის ათეულობით შემთხვევა იყო, თუმცა 29 მაისის ინციდენტი პირველია, როცა დრონი რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში აფეთქდა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაშავება გამოიწვია.
- ბოლო თვეებში იყო არაერთი შემთხვევა, როცა ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთში ჩამოცვივდა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები. კიევმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული დრონები კურსს ასცდნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად.
- რუსეთი უარყოფს, რომ ნატოს და ევროკავშირის ქვეყნებში დრონების შეღწევა მიზანმიმართული ქმედებაა.