რუსეთმა დროებით აკრძალა საავიაციო საწვავის ექსპორტი

საილუსტრაციო ფოტო. მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტი

რუსეთმა ბენზინის შემდეგ დროებით აკრძალა საავიაციო საწვავის ექსპორტიც.

რუსეთის მთავრობის მიერ 30 მაისს მიღებული დადგენილებით, რომელიც 1 ივნისს გამოქვეყნდა და ამოქმედდა, რუსეთიდან საავიაციო საწვავის გატანა აიკრძალა ნახევარი წლით, 2026 წლის ნოემბრის ჩათვლით.

რუსეთის მთავრობამ ამ გადაწყვეტილების მიზნად დაასახელა „საწვავის შიდა ბაზარზე სტაბილური სიტუაციის უზრუნველყოფა“.

ექსპორტის დროებით აკრძალვა არ ვრცელდება საავიაციო საწვავზე, რომლის საბაჟო პროცედურები 1 ივნისამდე დაიწყო და საწვავის მიწოდებაზე „სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების ფარგლებში“.

ასევე ნახეთ

ანექსირებულ ყირიმში ბენზინის „ტალონებით“ გაცემა დაიწყეს
  • რუსეთმა საავიაციო საწვავის ექსპორტი დროებით აკრძალა იმ ფონზე, როცა ერთი მხრივ, პირადად მას პრობლემას უქმნის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტების ტერმინალებზე უკრაინის თავდაცვის ძალების გახშირებული დარტყმები და მეორე მხრივ, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტის დაბლოკვამ გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაძვირება და მიწოდების პრობლემა, მათ შორის საავიაციო საწვავის.
  • რუსეთის მთავრობას 2026 წლის 31 ივლისამდე აკრძალული აქვს ბენზინის ექსპორტიც.

ასევე ნახეთ

Lufthansa ზაფხულიდან დროებით გააუქმებს 20 000 რეისს

რუსული წარმოების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ დასავლეთის სახელმწიფოების სანქციები მოქმედებს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის გამო.

ამასთან, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით მსოფლიო ბაზარზე შექმნილი პრობლემების გამო შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის საწინააღმდეგო ეს სანქციები ნაწილობრივ და დროებით მოხსნეს.