რუსეთმა რაკეტებით და დრონებით დაარტყა კიევს, დნიპროს, ხარკოვს და სხვა ქალაქებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების მიერ 2 ივნისის დილის 11 საათისთვის გავრცელებული ცნობებით:
- სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნიპროში. დაღუპულთა შორის არიან სამი წლის ბიჭი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველი, რომელიც ერთ-ერთი დარტყმის რაიონში მუშაობისას განმეორებით შეტევას ემსხვერპლა. დნიპროში ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით სახლი.
- სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 65 დაშავდა უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები, მათ შორის ოთხი სამედიცინო დაწესებულება.
- 10-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ქალაქ ხარკოვში, სადაც დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, საბავშვო ბაღი და საწარმოები.
- სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა კიევის ოლქში. ბუჩის, ვიშგოროდის, ფასტოვის და ობუხოვის რაიონებში დაზიანებულია სახლები და საწყობები.
განახლება: დღის 12 საათისთვის კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი დაშავებული. კიევში დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.
განახლება: დღის ორი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ კიევში დაღუპულია 6 და დაშავებულია 66 ადამიანი. დნიპროში მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ამოიტანეს ორი ქალის და რვა წლის ბიჭის ცხედრები. დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.
ასევე ნახეთ
რუსეთში დრონებით შეტევა იყო ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე700-ზე მეტი დრონი და რაკეტა
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 2 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 73 რაკეტით(გემსაწინააღმდეგო, ბალისტიკური და ფრთოსანი) და 656 უპილოტო საფრენი აპარატით.
დარტყმის ძირითადი მიმართულება იყო კიევი. შეტევა იყო დნიპროზე, ხარკოვზე, ზაპოროჟიეზე, პოლტავის ოლქსა და სხვა რეგიონებზეც.
ადგილობრივი დროით დილის ცხრის ნახევრისთვის დადასტურებული იყო 40 რაკეტის და 602 დრონის მოგერიება და 33 რაკეტით და ამდენივე დრონით პირდაპირი დარტყმა 38 ადგილზე.
2 ივნისს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის ტერორისტული აქტების” პასუხად, შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტებით და დრონებით დაარტყეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს კიევში, ზაპოროჟიეში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში და პოლტავის, სუმის და ხმელნიცკის ოლქებში, საწვავის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებიც უკრაინის არმიის ინტერესებისთვის გამოიყენება და სამხედრო აეროდრომებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაფერი უთქვამს მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში და სახლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ცნობით, რუსეთის მასირებული შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო უკრაინის ენერგოსისტემა. ენერგოობიექტებზე დარტყმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დედაქალაქ კიევის და კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმის, ჩერკასის და დონეცკის ოლქების ნაწილს.
ასევე ნახეთ
ლავროვმა რუბიო გააფრთხილა, რომ კიევზე „სისტემური დარტყმები“ იქნებადნიპრო და ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის ჯარები პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ.
დედაქალაქ კიევზე წინა მასირებული შეტევა, რომელსაც დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, 24 მაისს იყო. მეორე დღეს რუსეთმა გამოაცხადა, რომ „კიევის ტერაქტებზე” პასუხად შეიარაღებული ძალები იწყებენ „თანმიმდევრულ სისტემურ დარტყმებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე კიევში“, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე და სამეთაურო პუნქტებზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ისთვის 29 მაისს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა ბრძოლის ველზე ინიციატივა დაკარგა და ეს არის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც უკრაინაზე მასირებული სარაკეტო დარტყმები დაიწყო.