უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 2 ივნისს დღისით განაცხადა, რომ გასული ორი დღის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით და რაკეტებით დაარტყეს რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სარაკეტო კომპლექსს და გემს.
უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა მანამდე რუსული წყაროებით გავრცელებული ცნობა, რომ 2 ივნისს თავდაცვის ძალებმა შეტევა მიიტანეს რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. გენერალური შტაბის თანახმად, ანექსირებულ ყირიმში დაარტყეს რუსეთის სარაკეტო კომპლექსს „პანცირი“.
უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, დაზუსტებულია, რომ 31 მაისს რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული ფრთოსანი რაკეტებით „ნეპტუნი“ დარტყმის შედეგად დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების ორი დანადგარი. იმავე დღეს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევის შედეგად დაზიანდა ერთი დანადგარი, ხოლო კიროვის ოლქში - საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „ლაზარევოს“ ნავთობის ორი რეზერვუარი და მაგისტრალური საქაჩი სადგურის შენობა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 1 ივნისს თავდაცვის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში დაარტყეს რუსეთის სამხედრო გემს, შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გემზე და სარაკეტო კომპლექსზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ
ბავშვები და მაშველი არიან უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა შორის- ბოლო თვეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად გაააქტიურეს შეტევა რუსეთის ნავთობის გადამუშავების და ტრანსპორტირების ობიექტებზე.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.
მაისის შედეგები
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის მაისში რუსეთის ნავთობობიექტებზე უკრაინული დრონებით სულ მცირე 30 დარტყმა იყო, რაც ომის დაწყების შემდეგ ერთ თვეში განხორციელებული შეტევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მაისში დარტყმა იყო 16 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, მათ შორის რვა რუსეთის ათი უმსხვილესი ქარხნის ჩამონათვალშია. ზოგიერთ მათგანს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენჯერმე შეუტიეს. Bloomberg-ის დათვლით, ნავთობის გადამუშავება დღე-ღამეში 4,58 მილიონი ბარელამდე დაეცემა, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წლის მაისთან შედარებით და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2009 წლის შემოდგომის შემდეგ.
რუსეთის მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შორის, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა მაისში დაარტყეს, იყო კომპანია „ლუკოილის“ ვოლგოგრადის ქარხანაც. 29 მაისს შეტევის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. 1 ივნისს სააგენტო Reuters-მა ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ვოლგოგრადის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა.