CNN-ის წყაროების ცნობითვე, 5 მარტს აზერბაიჯანის ანკლავ ნახიჩევანის აეროპორტზე შეტევას ერთი დღით უსწრებდა ისრაელის ძალების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მკვლელობა.
ოფიციალური ბაქო ინფორმაციას ისრაელური ძალებისთვის თავისუფლად ოპერირების სივრცის მიცემაზე კატეგორიულად უარყოფს.
„ირანის წინააღმდეგ ოპერაციების ხელშეწყობა“
ტელეკომპანია CNN-მა 5 ივნისს ოთხ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ:
- ირანთან ომის დაწყების შემდეგ ისრაელმა „ფარულად განალაგა ელიტური სამხედრო და სადაზვერვო დანაყოფები აზერბაიჯანში, როგორც ახლო აღმოსავლეთში არსებული საიდუმლო ობიექტების ქსელის ნაწილი“;
- ამ მოძრაობის მიზანი იყო, „ხელი შეეწყო ირანის წინააღმდეგ ოპერაციებისთვის“.
ოთხიდან ორი წყაროს თანახმად, - წერს CNN-ი, - ეს ძალები მოქმედებდნენ სამხრეთ აზერბაიჯანის რამდენიმე ადგილიდან, ირანის ჩრდილოეთ საზღვრის მიმდებარედ და, ყველაზე ახლოს, ირანის ქალაქ თავრიზიდან მხოლოდ დაახლოებით 60 მილის დაშორებით. ამ ქალაქს ისრაელმა ომის დროს შეუტია.
დანარჩენი ორი წყაროს ცნობით კი, ამ ადგილას ასევე განლაგდნენ სპეციალური „კომანდოს“ დანაყოფები, რომლებიც ახორციელებდნენ სადაზვერვო მისიებსა და დრონების ოპერაციებს, რაც ისრაელს მნიშვნელოვან სივრცეს აძლევდა ომის დროს ჩრდილოეთ ირანის დასაზვერად.
აზერბაიჯანი იყო ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში, - მათ შორის ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ნაწილობრივ აღიარებულ სომალილენდში, - განთავსებულ მრავალრიცხოვან საიდუმლო სამხედრო ბაზებსა და სამხედრო ობიექტებს შორის, - წერს CNN-ი დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩატარებულ ოპერაციაში რამდენიმე ათეული ჯარისკაცი მონაწილეობდა, მათ შორის ისრაელის სპეციალური ოპერაციების ძალების, მისი ელიტური საბრძოლო და სამაშველო ძალების წევრები და „მოსადის“ პერსონალი.
ასევე ნახეთ
ტრამპის დაუმთავრებელი საქმე - რა უძღოდა წინ “ეპიკურ მრისხანებას”აზერბაიჯანი ცნობებს უარყოფს
სტატიის გამოქვეყნებამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელმა CNN-ისთვის მიცემულ განცხადებაში თქვა:
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო ბრალდებებს აზერბაიჯანის ტერიტორიის მესამე ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციებისთვის სავარაუდო გამოყენების შესახებ“.
გამოქვეყნების შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ მსგავსი შინაარსის ვრცელი განცხადება გაავრცელა.
საგარეო უწყების პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ X-ზე დაწერა, რომ CNN-ის გავრცელებული ცნობები არის „სრულიად უსაფუძვლო და კატეგორიულად უარყოფილი“.
„ანონიმურ წყაროებზე დაფუძნებული ბრალდებების გამოქვეყნება, რაიმე სანდო მტკიცებულების წარდგენის გარეშე და აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიციის უგულებელყოფით, ეწინააღმდეგება ჟურნალისტიკაში ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიული ეთიკის პრინციპებს“, - განაცხადა მან.
CNN-ი წერს, რომ კომენტარისთვის მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას და ისრაელის თავდაცვის ძალებს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ნახიჩევანზე შეტევა „პასუხი“ იყო?
CNN-ი ერთ-ერთი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანის გამოყენებით განხორციელებული ერთ-ერთი მთავარი ოპერაცია 2026 წლის 4 მარტს რაჰმან მოღადემის მკვლელობა იყო.
CNN-ის თანახმადვე, ეს უკანასკნელი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) დაზვერვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა - ისრაელი მას 2024 წელს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში ადანაშაულებდა.
მოღადემის მკვლელობის მეორე დღეს, 5 მარტს კი უპილოტო თვითმფრინავებმა აზერბაიჯანის ანკლავის, ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყეს, რის შედეგადაც ტერმინალის შენობა დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
ასევე ნახეთ
აზერბაიჯანი თავდასხმად აფასებს ნახიჩევანის აეროპორტის რაიონზე ირანის ტერიტორიიდან დრონებით შეტევასაზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაადანაშაულა ირანი და მომხდარს უწოდა „ტერორისტული აქტი“, რომელიც იყო „მახინჯი, მშიშრული და უსირცხვილო“ საქციელი. ირანმა, თავის მხრივ, უარყო თვითმფრინავების გაშვება.
- ირანის და აშშ-ისრაელის დაპირისპირების ექომ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც შემოაღწია: შეტევა იყო ნახიჩევანის აეროპორტზე, რისთვისაც ბაქომ თეირანისგან ბოდიში მკაცრად მოითხოვა.
- ამასთან, აზერბაიჯანმა 6 მარტს განაცხადა, რომ ირანული ქსელი გეგმავდა თავდასხმას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე - რაც 10-მდე ადამიანის დაპატიმრებით აღკვეთეს.
ასევე ნახეთ
საქართველო ირანის "დიპლომატიურ ალიყურს", აშშ-ს "ღვინის თასსა და ხმალს" შორის - ინტერვიუ ჯოზეფ ეპსტინთანექო საქართველოშიც?
ამ მოვლენების შემდეგ, 2026 წლის 31 მარტს, ირანის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანიმ დაწერა, რომ „არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან“ და „კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს“.
ასევე ნახეთ
ირანის ელჩი საქართველოში: კრიზისი ბევრად ახლოა, ვიდრე ჩანს. ვინც ტრამპს მხარი აუბა, ფასის გადახდა მოუწევსელჩი ასევე წერდა: „დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს - როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს“.
იგი კონკრეტულ ქვეყნებს არ ასახელებდა და წერდა: „ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ“.
მისი ეს პოსტი საქართველოში ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა საქართველოსადმი მუქარად აღიქვა.
ასევე ნახეთ
თუ იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, რეაქცია გვექნება - ირანის ელჩი კითხვაზე თბილისში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის დაშვების შესახებცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი
- 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზეზად დაასახელეს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობით გამოწვეული საფრთხე. თეირანი ირწმუნება, რომ ბირთვულ პროგრამას სამოქალაქო მიზნები აქვს.
- ირანმა აშშ-ისრაელის ოპერაციას უპასუხა დარტყმებით ისრაელსა და აშშ-ის მოკავშირე მეზობელ ქვეყნებზე და მსოფლიო ბაზრებისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემა და გაძვირება გამოიწვია.
- თავის მხრივ, აშშ-მა დაბლოკა ირანის პორტები.
- 2026 წლის 7 აპრილიდან აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მიზნით.
- დროებითი ზავის გამოცხადების შემდეგ იყო რამდენიმე ინციდენტი, თუმცა მთლიანობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია.