ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი 1 ივლისს ბაქოში შეხვდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
ევროკომისიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მშვიდობის განმტკიცების გზები კავშირების გაფართოებისა და სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებთა მხარდაჭერის გზით და ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და ენერგეტიკული პარტნიორობის საკითხები.
ევროკავშირი 200 მილიონ ევროს დახარჯავს სასაზღვრო რაიონების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება დაახლოებით ორი მილიარდი ევროს კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების მოზიდვა. კიდევ 20 მილიონი ევრო განკუთვნილია აზერბაიჯანის და სომხეთის სასაზღვრო რაიონების თემების მხარდასაჭერად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ტერიტორიების განაღმვა, კვალიფიკაციის ამაღლება და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება.
რაც შეეხება ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ორმხრივ თანამშრომლობას, ევროკავშირი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს ნახიჩევანის რკინიგზას. 2026 წელს აზერბაიჯანმა, ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა დაიწყეს პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.
ასევე ნახეთ
აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა შეაჩერა, ბაქომ პროტესტი გამოუცხადა ევროკავშირის ელჩსაზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 1 ივლისს გამოაცხადეს, რომ 2026 წლის ბოლომდე ბაქოში ჩატარდება მინისტრთა კონფერენცია, რომელზეც კავშირგაბმულობის სფეროში ინვესტირების საკითხებს განიხილავენ. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.
აზერბაიჯანის შემდეგ, 2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი მარტა კოსი იწყებენ ვიზიტს სომხეთში.
განახლება: 2 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან სომხეთზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეწოლის ფონზე ევროკავშირი სომხეთს გაუწევს ფინანსურ და სავაჭრო დახმარებას.
კერძოდ, ევროკავშირი აპირებს საბაჟო გადასახადისგან გაათავისუფლოს სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80% - ხილი, ბოსტნეული და სასმელები. ვაჭრობის დივერსიფიკაციის ხელშესაწყობად სომხეთი ევროკავშირისგან მიიღებს დამატებით 80 მილიონი ევროს დახმარებას.
ასევე ნახეთ
ევროკავშირმა სომხეთს პირველი 34 მლნ ევრო გამოუყო რუსეთის შეზღუდვების შემდეგრუსეთმა ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დარღვევის საბაბით, სომხეთის პარლამენტის არჩევნების წინ, 2026 წლის მაისიდან დაიწყო სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვა.
პირველ ეტაპზე აიკრძალა სომხეთიდან ყვავილების, ბოსტნეულის და ხილის გარკვეული სახეობების და თევზის შეტანა. მარკირების წესის დარღვევის საბაბით აკრძალეს მინერალური წყლის, „ჯერმუკის" იმპორტი. შეზღუდვა შეეხო სომხეთის რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებულ ალკოჰოლურ პროდუქციასაც.
სომხეთში 7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის მიერ პრორუსული ძალების დამარცხებისა და ხელისუფლების შენარჩუნების შემდეგ რუსეთმა გამოაცხადა, რომ აკრძალა სომხეთიდან მთელი „საკარანტინო" პროდუქციის შეტანა.
რუსეთის გადაწყვეტილებას პოლიტიკური კონტექსტი აქვს. მოსკოვი გაღიზიანებულია ევროკავშირთან სომხეთის დაახლოებით.
ასევე ნახეთ
პაპუაშვილი: ახალი ინიციატივა ვეტოზე „უფლებრივი სეგრეგაციაა“. კოსი: „თუ წესებს დაიცავენ, არაფერი მოხდება“აზერბაიჯანისა და განსაკუთრებით სომხეთის მიმართ მზარდი ინტერესისა და თანამშრომლობის გაფართოების ფონზე, ევროკავშირს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო შეჩერებული აქვს თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ერთადერთი ქვეყანაა და წლების წინ ლიდერად ითვლებოდა ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ ქვეყნებს შორის.