დრონებით შეტევა იყო „გაზპრომის“ ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანაზე

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქარხანა „გაზპრომნეფტეხიმ სალავატს“ დრონებით დაარტყეს 2025 წლის სექტემბერშიც

14 ივლისს აფეთქებები იყო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატის სამრეწველო ზონაში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „მოგერიებულია” უკრაინული დრონების „მასირებული შეტევა”.

BBC-ს ინფორმაციით, დარტყმა იყო კომპანია „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „გაზპრომნეფტეხიმ სალავატზე“. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებულ და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოკადრებში ჩანს კვამლი ქარხნის ტერიტორიის თავზე.

უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1400 კილომეტრით დაშორებულ ამ ქარხანაზე დარტყმის შესახებ წერს მონიტორინგის უკრაინული არხიც Exilenova+.

ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურმა რადიი ხაბიროვმა სალავატის სამრეწველო ზონაზე „მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევის მოგერიების” გარდა, სოციალურ ქსელებში მხოლოდ ის დაწერა, რომ არის „ჩამოგდებული უპილოტოების ნამსხვრევებით გამოწვეული დაკვამლიანების რიგი კერები” და „ოპერატიულმა სამსახურებმა დაიწყეს შედეგების ლიკვიდაცია”. ხაბიროვს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.

  • „გაზპრომნეფტეხიმ სალავატი“ ტრანსნაციონალური ენერგოკომპანია „გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა და რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს ფლობს.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა სალავატში მდებარე ქარხანას დრონებით ორჯერ დაარტყეს 2025 წლის სექტემბერშიც.

განახლება: 14 ივლისს დღისით უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალების ოფიციალურ საიტებზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „წარმატებით დაარტყეს“ რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ და ნავთობქიმიურ კომპლექსს, „გაზპრომნეფტეხიმ სალავატს“.

სპეცოპერაციების ძალების თანახმად, ეს იყო ბენზინის ბოლო მსხვილი მწარმოებელი, რომელზეც 2026 წელს იერიში არ მიუტანიათ. წინასწარი მონაცემებით, დარტყმის შედეგად დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების კრიტიკულად მნიშვნელოვანი დანადგარი და სხვა საწარმოო სიმძლავრეები.

ასევე ნახეთ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრასნოდარში დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
  • უკრაინის თავდაცვის ძალები ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.
  • რუსეთის ხელისუფლება ამ შეტევებს „ტერორისტულს“ უწოდებს.
  • უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.

ასევე ნახეთ

კიევზე სარაკეტო შეტევა იყო