„ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის“ თანახმად, ბათუმისა და ყულევის პორტებიდან 2023-26 წლებში დიდი მოცულობის რუსული ნავთობპროდუქტები გაიგზავნა დასავლეთში, - ქვეყნებში, რომელთაც რუსული ნავთობისთვის სანქციები აქვთ დაწესებული.
„შოკისმომგვრელია, რომ ყულევის ქარხანას ამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდა სანქციებისგან თავის არიდების საშუალება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას CREA-ს ახალ კვლევაზე პასუხისმგებელი ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი.
24 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვენებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო სრულად იცავს ევროკავშირის სანქციებს და არ დაუშვია მათი გვერდის ავლა.
ასევე ნახეთ
საგარეო სამინისტრო "წუხილს გამოხატავს“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გამოCREA-ს კვლევაზე პასუხისმგებელი ანალიტიკური ჯგიფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბრიუსელის რადარზე ყულევის მოხვედრის შემდეგ, სანქციების დამწესებელმა პარტნიორებმა ყურადღება ბათუმის პორტისკენაც უნდა მიაპყრონ.
- წინა დღეს, 2026 წლის 23 ივლისს, ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში მაინც შეიყვანა, - იმ დათქმით, რომ სანქციები მასზე მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დაწესდება, თუკი არსებული პრაქტიკა არ შეიცვლება.
- ჯერ ამ კვლევას არ გამოხმაურებია, თუმცა ოფიციალური თბილისი გამუდმებით აცხადებს, რომ ფინანსურ სანქციებს იცავს, ყულევის ქარხნის ოპერატორმა კი სანქცირებამდე 3 კვირით ადრე პირობა დადო, რომ აგვისტო-სექტემბრიდან სრულად უარს იტყვის რუსული ნავთობის გადამუშავებაზე.
ასევე ნახეთ
სანქციები ყულევის ქარხანას „6 თვის შემდეგ“ - ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტირა წერია ახალ ანგარიშში?
„ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვიდან სამი წლის შემდეგ, ყულევისა და ბათუმის პორტებიდან სანქციების დამწესებელ იურისდიქციებში ექსპორტირებულია 1,2 მილიარდი ევროს ღირებულების გადამუშავებული საწვავი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობისგან იყო წარმოებული“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის სანქცირებიდან ზუსტად სამწლიან პერიოდში, - ესე იგი, 2023 წლის 5 თებერვლიდან 2026 წლის 5 თებერვლამდე, - ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა „ყულევის პორტიდან 811 მილიონი ევროს ღირებულების 1,46 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი მიიღეს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ამავე პერიოდში, ბათუმის პორტმა დიზელის იმპორტის 79% რუსეთიდან მიიღო, ხოლო ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში გაიტანა 339 მილიონი ევროს ღირებულების 508 000 ტონა დიზელი.
ამ სამწლიან პერიოდში ბათუმის პორტიდან დიზელის ექსპორტის 90% ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში განხორციელდა:
- დიდი ბრიტანეთი ბათუმის პორტიდან დიზელის უმსხვილესი იმპორტიორია, - ბრიტანეთმა ბათუმიდან ექსპორტირებული დიზელის 44% მიიღო;
- მეორე ადგილზეა ნიდერლანდი, - ბათუმის პორტიდან ექსპორტირებული დიზელის 20%-ით;
- მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებს ინაწილებენ დანია (19%), შვედეთი (8%), ბელგია (5%) და იტალია (2%).
ასევე ნახეთ
ყულევის პორტს ევროკავშირის სანქციები ემუქრება„ყულევის ქარხნიდან პორტამდე“
„ყულევის გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევის პორტის სიახლოვეს და პორტს დაკავშირებულია ნავთობსადენით“, - წერენ ავტორები.
„არსებული ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, 2025 წლის ოქტომბერში გახსნის შემდეგ, მხოლოდ რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული და, როგორც ჩანს, არღვევს ევროკავშირის იმ რეგულაციას, რომელიც კრძალავს ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული ნედლი ნავთობისგან მიღებული ნავთობპროდუქტების იმპორტს 2026 წლის 21 იანვრის შემდეგ“, - წერია ანგარიშში.
ასევე ვკითხულობთ, რომ „ყულევის ქარხანამ 2025 წლის 6 ოქტომბერს რუსული ნავთობკომპანია RussNeft-ისგან მიიღო 105 340 ტონა Siberian Light-ის მარკის ნედლი ნავთობის პირველი პარტია“.
- აღნიშნულ კომპანიას 2025 წლის 18 დეკემბერს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა;
- საუბარია კერძო კომპანია „რუსნეფტზე“ (Русснефть) და არა „როსნეფტზე“ (Роснефть), რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის;
- 19 დეკემბერს ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში მოუწოდა პარტნიორებს, - მათ შორის საქართველოს, - „გააძლიერონ ძალისხმევა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად“.
სხვა მონაცემები ყულევის პორტზე
კვლევის ავტორების თანახმადვე:
- „2025 წლის 6 ოქტომბრიდან 2026 წლის მაისის ბოლომდე, ყულევის პორტში რუსული ნედლი ნავთობის ექვსი პარტია გადმოიტვირთა;
- ამავე პერიოდში პორტს არცერთი სხვა ქვეყნისგან მიღებული ნედლი ნავთობის პარტია არ ჰქონდა დოკუმენტირებული;
- ესპანეთში ბარსელონის პორტმა ყულევიდან, - რომელიც მხოლოდ რუსულ ნედლ ნავთობს ამუშავებს, - მიიღო თითქმის 6,000 ტონა PyGas-ი (საწვავის გადამუშავების შედეგად მიღებული ქვეპროდუქტი);
- აღნიშნული ტვირთი ყულევიდან ბარსელონის მიმართულებით ევროკავშირის აკრძალვის ამოქმედებიდან ხუთი დღის შემდეგ გავიდა;
- ბულგარეთის BMF Burgas-ის პორტმა 2026 წლის 17 მარტს ყულევის პორტიდან მიიღო 2,715 ტონა ულტრადაბალი გოგირდის შემცველობის დიზელის საწვავი (Ultra-Low Sulphur Diesel, ULSD).
„ექვს თვეში“ - „დედლაინი“ და BSP-ს წინასწარი მზაობა
ევროკავშირმა 23 ივლისს საბოლოოდ შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი, რომელიც უკვე ამოქმედდა. სანქციების სიაში შევიდა ყულევის ქარხანაც.
თუმცა ქარხნისადმი სანქცია - „ტრანზაქციების აკრძალვა“ - არ ამოქმედდება 2027 წლის 25 იანვრამდე.
- ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ეს კონკრეტული ზომა - ექვსთვიანი ვადის, ერთგვარი „დედლაინის“ დაწესება - ევროკავშირმა თავის პრაქტიკაში პირველად მიიღო;
- ინფორმირებული წყაროს განმარტებით, ამის საფუძველი გახდა მზაობა, რომ [სასანქციო] მოთხოვნებს (შე)ასრულებდნენ.
- ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის პერსპექტივიდან, თუკი ექვსი თვის განმავლობაში ქარხნის გარშემო არაფერი შეიცვლება, - ესე იგი, რუსული ნავთობის გადამუშავებას განაგრძობს, - სანქციები ამოქმედდება; ასევე, ქარხანაზე მომდევნო პაკეტითაც გავრცელდება ტრანზაქციების შეზღუდვები.
მანამდე, 1 ივლისს, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ (BSP) აცხადებდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან საწარმო სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას დაიწყებს.
ასევე ნახეთ
Black Sea Petroleum-ი აცხადებს, რომ დაიწყებს სრულად არარუსული ნავთობის გადამუშავებას„შოკისმომგვრელია“
„შოკისმომგვრელია, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამდენი ხნის განმავლობაში სანქციებისთვის თავის არიდების საშუალება ჰქონდა“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას CREA-ს ევროპისა და რუსეთის მიმართულების ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ისააკ ლივაიმ.
„ის ბეწვზე გადაურჩა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს, თუმცა მაინც განაგრძობდა მუშაობას მხოლოდ რუსულ ნედლ ნავთობზე და ევროკავშირში საწვავის ექსპორტს ახორციელებდა“, - თქვა ანალიტიკოსმა.
მისი შეფასებით, „ქარხანა არღვევდა ევროკავშირის აკრძალვას რუსული ნედლი ნავთობისგან წარმოებული საწვავის იმპორტზე და, ამავდროულად, კრემლის საომარი ეკონომიკისთვის ასობით მილიონი ევროს შემოსავალი მოჰქონდა“.
„იმედი გვაქვს, ევროკავშირის გადაწყვეტილება, სანქციები დაუწესოს ქარხანას, რომელიც რუსულ ნედლ ნავთობზე მუშაობს და ევროკავშირში საწვავი ექსპორტზე გააქვს, მკაფიო გაფრთხილება იქნება და სხვებსაც შეაკავებს მსგავსი საქმიანობისგან“, - გვითხრა მან.
თუმცა ის ხაზს უსვამს, რომ „ექვსთვიანი პერიოდი ძალიან დიდია“ და „ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა აკრძალოს ყულევიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი“.
ისააკ ლივაი, CREA-ს ევროპა–რუსეთის პოლიტიკისა და ენერგეტიკული ანალიზის მიმართულების ხელმძღვანელი
„ყურადღება უნდა მიაქციონ ბათუმსაც“
რადიო თავისუფლებასთან კომენტარში CREA-ს წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ ევროკავშირმა ახლა ბათუმისკენ უნდა მიაპყროს ყურადღება:
„ევროკავშირმა ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს ბათუმზე, რომელსაც სავარაუდო დარღვევების ისტორია აქვს და, როგორც ჩანს, რუსული დიზელის ხელახალ ეტიკეტირებას ახდენს, რის შემდეგაც მის ექსპორტს ახორციელებს ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში“, - ამბობს იგი.
„საქართველოს სანაპიროზე ერთი მარშრუტის დახურვა და მეორის ღიად დატოვება მხოლოდ გეზს შეუცვლის სანქციებისგან თავის დაძვრენის სქემას“, - გვითხრა მან.
CREA-ს ანგარიშის თანახმად, ბათუმის პორტის მიერ მიღებული დიზელის 79% იყო რუსეთიდან, - 204 000 ტონა, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 147 მილიონ ევროს. საუბარია კვლავ 2023-26 წლების მონაცემებზე.
ამავე პერიოდში „ბათუმის პორტმა დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში დიზელის საწვავის 9-ჯერ მეტი მოცულობა გაიტანა, ვიდრე მიიღო არარუსული წყაროებიდან, რაც, ავტორთა თანახმად, საწვავის რეალურ წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს“.
ამასთან:
- „არსებული მილსადენებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ბათუმის პორტამდე ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა“;
- „ბათუმის ნავთობტერმინალს მარეგულირებელი და სამართლებრივი პრობლემების ისტორია აქვს“;
- ამის მაგალითად მკვლევრები ახსენებენ 2025 წლის დეკემბერში ბათუმის ნავთობტერმინალში 10 000 ტონაზე მეტი ნედლი ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით განკარგვის ბრალდებით ყაზახეთის სამი მოქალაქის დაკავებას.
ასევე ნახეთ
„ბათუმის ნავთობტერმინალში“ 15 მლნ-ის ნავთობის დარღვევით განკარგვის ბრალდებით 3 პირი დააკავესსხვა რეკომენდაციები
„აკრძალეთ იმპორტი ნებისმიერი პორტიდან თუ ქარხნიდან, რომელმაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსული ნავთობი გადაამუშავა და სანქციები დაუწესეთ მათ, ვინც წესებს არღვევს. ნებისმიერი სხვა ქმედება კრემლს სანქციებისგან დასხლტომაში ეხმარება“, - წერია CREA-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ორგანიზაცია მოუწოდებს აშშ-ს, ევროკავშირსა და ბრიტანეთს:
- „სანქციები დაუწესონ ნავთობპროდუქტებს იმ პორტებიდან, რომლებმაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსული გადამუშავებული საწვავი მიიღეს“;
- აღნიშნულმა სანქციებმა უნდა მოიცვან ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა იმ პორტებიდან, რომლებიც მილსადენით ან რკინიგზით უკავშირდება „რუსულ ნავთობზე დამოკიდებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს“;
- „ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისმა (OLAF) და მისმა საგამოძიებო ორგანომ ჩაატარონ გამოძიება ბათუმისა და ყულევის პორტების შესახებ“.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს" ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს ევროკავშირის სანქციებს და არ დაუშვია მათი გვერდის ავლა.
უწყების თანახმად, ევროკომისიას წარედგინა ყველა საჭირო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეტანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
საქართველო იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ექვსთვიან ვადაში გადაწყვეტილებას გადახედავს და მზად არის თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.