ხუთამდე გაიზარდა მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Your browser doesn’t support HTML5

1 აგვისტოს მოსკოვის კუდრინის მოედანზე მდებარე Balzi Rossi-ს რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. რუსული მედიის წყაროების ცნობით, დაშავებულთაგან ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ექვსზე მეტი ადამიანი კვლავ მძიმე მდგომარეობაში რჩება.

მანამდე რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყებოდა. დაღუპულთა შორის იყვნენ ქალი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიტანა, დაცვის თანამშრომელი და რესტორნის ერთ-ერთი სტუმარი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერორისტული აქტის მუხლით. წინასწარი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც საჩუქრის ყუთში იყო დამალული, დისტანციურად აამოქმედეს. გამოძიება მიიჩნევს, რომ ქალმა, რომელმაც ყუთი მიიტანა, შესაძლოა არ იცოდა, რა იყო მასში.

ასევე ნახეთ

მოსკოვში აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები

ვინ იყო თავდასხმის სამიზნე, ოფიციალურად არ სახელდება. თუმცა, რუსული მედია და Telegram-არხები, მათ შორის ბლოგერი ანატოლი შარი და ВЧК-ОГПУ, ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები მიზნად ისახავდნენ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, გენერალ ალექსანდრ ჩაიკოს მკვლელობას. ამავე არხების ცნობით გენერალი რესტორანში თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა. ამ ვერსიის ირიბ მტკიცებულებად მოჰყავთ რესტორნის სცენაზე შენიშნული წარწერა „Александр 55“ („ალექსანდრე 55“). აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

როგორც რუსული მედია იტყობინება, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და რესტორნის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის კორდონი მოიხსნა.

აფეთქების შემდეგ რესტორან Balzi Rossi-ს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მზად არის დახმარება გაუწიოს დაღუპულთა ოჯახებსა და დაზარალებულებს. ადმინისტრაციამ ასევე ბოდიში მოიხადა სოციალურ ქსელებში მომხდარიდან მალევე გამოქვეყნებული განცხადებისთვის, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რესტორანში „ყველაფერი რიგზეა“. მოგვიანებით ეს პოსტი წაიშალა.

ასევე ნახეთ

„ზოგს ყურები მოაჭრეს, ზოგს კბილები დააძრეს, მათ შორის იყვნენ მოზარდები“ - ომის დანაშაულის მოწმეები

ალექსანდრ ჩაიკო - რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების (ВКС) მთავარსარდალი.

კიევის ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი - 2022 წლის თებერვალ-მარტში ჩაიკო აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სარდალი იყო და იმ რუსულ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევის მიმართულებით მოქმედებდნენ.

ბუჩისა და მიმდებარე ქალაქების მოვლენები - უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა მიიჩნევენ, რომ იმ პერიოდში ჩაიკოს დაქვემდებარებაში მოქმედებდნენ სამხედრო ნაწილები, რომლებიც ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში იმყოფებოდნენ. სწორედ ამ ქალაქებში რუსეთის უკან დახევის შემდეგ აღმოაჩინეს ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე.

ევროკავშირმა 2026 წელს სანქციების დაწესებისას მიუთითა, რომ ჩაიკო იყო ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაური, რომლის ხელმძღვანელობის დროს ეს დანაშაულები მოხდა.

სამხედრო დანაშაულების ბრალდებები – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) მას ბრალი წაუყენა კიევის ოლქში სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ

უკრაინამ ბრალი წაუყენა რუს გენერალს