დრონებით შეტევა იყო მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე რუსეთის ქალაქ იაროსლავლში

იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „სლავნეფტ-იანოსი“ (ფოტო არქივიდან)

6 აგვისტოს აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ იაროსლავლში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ განაცხადა. ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი წყაროების თანახმად, შეტევა იყო რუსეთის ხუთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ერთ-ერთზე.

მონიტორინგის უკრაინულმა არხმა Exilenova+-მა 6 აგვისტოს გაავრცელა თვითმხილველთა მიერ გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც მისი ინფორმაციით, ასახავენ დრონებით დარტყმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ კადრების ანალიზის საფუძველზე დააზუსტა, რომ იაროსლავლში იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „სლავნეფტ-იანოსი“.

  • „სლავნეფტ-იანოსი“ რუსეთის ხუთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორისაა და წელიწადში საშუალოდ 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
  • 2026 წლის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას რამდენჯერმე დაარტყეს, მათ შორის 6 ივლისს.

იაროსლავლის ოლქის გუბერნატორ მიხაილ ევრაევის ტელეგრამ-არხზე 6 აგვისტოს, დილის ცხრა საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ რეგიონზე „მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე მასირებული შეტევა მოიგერიეს“ და „ლიკვიდირებულია 88-ვე უპილოტო“. ევრაევის თანახმად, მსხვერპლი არ არის, დაიწვა კერძო სახლი და რამდენიმე მრავალბინიან სახლში ფანჯრები ჩაიმსხვრა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესახებ გუბერნატორს არაფერი უთქვამს.

განახლება: 6 აგვისტოს დღისით უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა დარტყმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე „სლავნეფტ-იანოსი“. ხანძრის ფაქტი აღიარა იაროსლავლის ოლქის გუბერნატორმაც.

ასევე ნახეთ

დრონებით შეტევა იყო რუსული „ბაშნეფტის“ ქარხანაზე ქალაქ უფაში

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 4 აგვისტოს შეაჯამა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2026 წლის ივნისში დამტკიცებული, რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაციის“ შედეგები. მათ შორისაა შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, 40 დღის განმავლობაში მტრის ზურგში დაარტყეს 100-ზე მეტ სტრატეგიულ ობიექტს, მათ შორის 14 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

ასევე ნახეთ

Bloomberg: რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 2002 წლის დონეზე დაეცა
  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.

ასევე ნახეთ

კიევის ოლქში 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად