ღარიბაშვილი: მდინარაძის გადადგომამ საზოგადოება დაარწმუნა, რომ წერილი ნამდვილია

ირაკლი ღარიბაშვილი და მამუკა მდინარაძე.

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს, რომლის პირველი ნაწილი ყოფილი თანაგუნდელის, მამუკა მდინარაძის გადადგომასა და პოლიტიკიდან წასვლას შეეხება.

მისი თქმით, „მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს“.

„ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება. მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

კიდევ რაზე საუბრობს ღარიბაშვილი ამ წერილში

ღარიბაშვილს კითხვები აქვს „ასავალ-დასავალის“ იმ რესპონდენტის გარდაცვალებაზე, რომელიც მას აქებდა და კობახიძეს კი აკრიტიკებდა
  • 17 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც კორუფციული ბრალდება აღიარა და 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა საპროცესო შეთანხმებით, გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირსპირდა;
  • მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ;
  • 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს;
  • ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან მისთვის კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც მას საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი;
  • 18 აგვისტოს, როცა მამუკა მდინარაძე ჯერ კიდევ იკავებდა მინისტრის თანამდებობას, რადიო თავისუფლებას რეგიონული განვითარების სამინისტროში უთხრეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“;
  • 24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, - მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს;
  • 27 აგვისტოს, მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაბრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“;
  • ამავე დღეს მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად უარყო ღარიბაშვილის გავრცელებული ინფორმაცია წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით: „არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“;
  • 31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის სამინისტრო, რომელშიც მინისტრის თანამდებობას ის მანამდე იკავებდა და ასევე, აღარ შეიქმნებოდა უწყება, რომლის ხელმძღვანელიც ის უნდა გამხდარიყო.

ასევე ნახეთ

“მე მხოლოდ ჩემს თავს და ოჯახს ვიცავ” - რას ჰყვება ღარიბაშვილის წერილები ივანიშვილის საქართველოზე?