რუსეთის ამ რეგიონების გუბერნატორებმა 25 სექტემბერს დილით განაცხადეს, რომ „მოგერიებულია მასირებული შეტევა”, თუმცა არის მსხვერპლი და დაზიანებულია სამრეწველო ობიექტები.
პერმი
პერმის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მახონინის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობით, დრონებით შეტევა იყო „სამრეწველო ობიექტზე”, სადაც „შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს”. დაღუპულია ერთი ადამიანი. კონკრეტული ობიექტი და შედეგები მახონინს არ დაუსახელებია.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ შეტევა იყო პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „პერმნეფტეორგსინთეზზე“, რომელიც კომპანია „ლუკოილს” ეკუთვნის.
- „ლუკოილის“ პერმის ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, წელიწადში 13 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ბენზინს, დიზელის საწვავს და საავიაციო ნავთს აწარმოებს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა პერმის ქარხანას ორჯერ დაარტყეს 2026 წლის გაზაფხულზე, 29 ივლისს და 21 აგვისტოს.
როსტოვი
25 სექტემბერს აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკშიც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დაზიანებულია ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ინფორმაციით, ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
ნოვოშახტინსკის ქარხანა დიზელის საწვავს და მაზუთს აწარმოებს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის დასაწყისიდან კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
- სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის შიდა ბაზარი სრულადაა უზრუნველყოფილი დიზელით და საავიაციო საწვავით, თუმცა არის საავტომობილო ბენზინის გარკვეული დეფიციტი.
ასევე ნახეთ
ტრამპი: რუსეთმა დაკარგა კონტროლი თავის დიზელის მრეწველობაზერუსეთის სხვა რეგიონები
უკრაინული დრონებით „მასირებული შეტევის“ შესახებ განაცხადა რუსეთის ვორონეჟის ოლქის ხელისუფლებამაც. რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ინფორმაციით, ქალაქ ვორონეჟში დაშავდა სულ მცირე 13 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაზიანებულია სახლები და „არასაცხოვრებელი და საწარმოო შენობები“.
დამოუკიდებელი გამოცემის, ASTRA-ს ცნობით, ვორონეჟში დარტყმა იყო ქარხანაზე, რომელიც სინთეტიკურ კაუჩუკს აწარმოებს.
„სამრეწველო საწარმოზე“ შეტევა და მისი დაზიანება დაადასტურა რუსეთის ულიანოვსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი რუსკიხმა, თუმცა კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
ASTRA-ს და კიდევ რამდენიმე რუსული მედიასაშუალების ცნობით, ეს ქარხანა ქალაქ ულიანოვსკში მდებარე „ისკრაა“, რომელიც ელექტრონულ მოწყობილობებს აწარმოებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ულიანოვსკში დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი, დაზიანებულია სახლები და ენერგოობიექტები. ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი შეაჩერეს
ასევე ნახეთ
რუსეთმა ისევ დაარტყა კიევს, ოდესას, ზაპოროჟიეს - დაღუპულთა შორის 14 წლის ბიჭია- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.