"მიხეილ სააკაშვილი აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს" - TI

ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებებისა და გამოტანილი განაჩენების შესწავლის საფუძველზე, ექსპრეზიდენტი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად.

ორგანიზაცია "TI-საქართველომ" ივლისში გამოაქვეყნა სია, რომელშიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საქართველოში "91 პოლიტპატიმარია". ამ სიაში არ შედიოდა მიხეილ სააკაშვილი, რის გამოც ორგანიზაციის დასკვნამ მისგან კრიტიკა მიიღო, დასკვნას მან "სამარცხვინო" უწოდა.

ასევე ნახეთ

სააკაშვილი "სრულიად სამარცხვინოს" უწოდებს TI-საქართველოს "პოლიტპატიმართა" სიაში მისი არშეყვანის გამო

"TI-საქართველოში" მაშინ განმარტეს, რომ "საქართველოში არსებობენ სხვა პოლიტიკური პატიმრებიც", მაგრამ ამჯერად ყურადღებას ამახვილებდნენ "2024-2025 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებზე".

რა დაასკვნა სააკაშვილთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ"?

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" დღეს, 25 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ივლისში მათ დაუკავშირდა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ექსპრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის საკითხის შესასწავლად მიაწოდა ე.წ. პიჯაკების, საზღვრის კვეთისა და ტელეკომპანია „იმედის“ საქმეებზე არსებული მასალები.

ამ მასალების შესწავლის საფუძველზე, იმავე კრიტერიუმებით, რომლებითაც შეადგინეს 91-კაციანი სია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" შეფასებით, "ე.წ "პიჯაკების" საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიხედვით აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ (5-დან 4) კრიტერიუმს", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დასკვნაში.

ამასთან, ორგანიზაცია შენიშნავს, რომ მათ არ შეუსწავლიათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ უკვე შესწავლილი საქმეები, "კერძოდ, სანდრო გირგვლიანის საქმის ფიგურანტების შეწყალებისა და ვალერი გელაშვილზე ძალადობის საქმეები, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლები დარღვეულად არ მიიჩნია".

ასევე ნახეთ

"TI - საქართველოს" თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმებით საქართველოში "91 პოლიტპატიმარია"


სააკაშვილი ოთხ საქმეზე იხდის სასჯელს

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოდან წასული მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის პოლიციამ არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავა.

  • მის წინააღმდეგ პირველი განაჩენი 2018 წლის 6 იანვარს დადგა - თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე (მსჯავრდადებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით;
  • 2018 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას კვლავ დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს 2005 წელს თავს დაესხნენ და სცემეს. სწორედ ამ საქმეში, სააკაშვილს ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი;
  • 2025 წლის 12 მარტს მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს;
  • ბოლო განაჩენი 2025 წლის 17 მარტს დადგა. ის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთისთვის დამნაშავედ ცნეს და ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილისთვის, ჯამში, 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პატიმრობაში 12 წელი და 6 თვე უნდა გაატაროს.


ის ასევე ბრალდებულია რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე „საბოტაჟის საქმეზე“. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე - 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით.

მმართველი პარტიის პოზიცია

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პოზიციით, საქართველოში ადამიანები პატიმრობაში იმყოფებიან მხოლოდ კონკრეტული სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის და არა მათი პოლიტიკური ნიშნის, შეხედულებებისა თუ საქმიანობის გამო.

მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყენებულ ტერმინს, „პოლიტპატიმარს“, მიიჩნევენ პოლიტიკურ სპეკულაციად და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობად.

ევროპარლამენტი, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები Feedom House და სხვა საქართველოს ხელისუფლებას ხშირად მოუწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტისა და დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გათავისუფლებისკენ.