რა მოხდა პეტროპავლივსკი ბორშჩაგივციში - უკრაინა რუსეთის კვალზე საუბრობს

პეტროპავლივსკი ბორშჩაგივცი, კიევის მახლობლად, ბუჩის რაიონში მდებარე ეს სოფელი, 2 ნოემბრის საღამოს მოვლენების ეპიცენტრში მოექცა.

უკრაინის პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა 130 ადამიანი გამოავლინეს, რომლებიც შესაძლოა კიევის მახლობლად, პეტროპავლივსკი ბორშჩაგივციში 2 ნოემბერს მომხდარ არეულობას უკავშირდებოდნენ.

სამართალდამცველების მტკიცებით, მათგან 27 ადამიანი უშუალოდ უკანონო მოქმედებებში მონაწილეობდა, 24 კი დაპირისპირებას აღვივებდა.

უკრაინელი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ არეულობისას დაშავდა ეროვნული გვარდიის 16 სამხედრო მოსამსახურე, დაზიანდა პოლიციის ოთხი ავტომობილი და ეროვნული გვარდიის ავტობუსი.

დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი:

  • 5 ნოემბერს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ვიქტორ იენას, რომელიც ინციდენტის დროს თავს სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლად წარადგენდა.
  • 4 ნოემბერს სასამართლომ 60-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დაპირისპირების კიდევ ერთ მონაწილეს, ვალენტინა მოლოდას. მოსამართლემ მას გირაოს გადახდის შესაძლებლობა არ მისცა.
  • დაკავებულია კიდევ ერთი ქალი.

    პეტროპავლივსკი ბორშჩაგივციში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით მიმდინარეობს:
  • სამხედრო ფორმირებების კანონიერი საქმიანობისთვის ხელის შეშლა (114-1);
  • სამხედროების განლაგების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელება (114-2);
  • მასობრივი არეულობა (294);
  • სამხედრო თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების გადამეტება (426-1).

    ამ ბოლო მუხლით საქმეს იძიებს უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა პირობებში იმყოფებოდნენ შენობაში სამხედრო მოსამსახურეები და ხომ არ იყვნენ ისინი უკანონო იძულების ან ძალადობის მსხვერპლები.

ასევე ნახეთ

პუტინმა „ვირტუალურად აიღო“ კიდევ ერთი ქალაქი - რა ხდება სინამდვილეში დობროპოლიეში?

როგორ დაიწყო არეულობა კიევის მახლობლად - მოვლენების ქრონოლოგია

კიევის ოლქში, შენობასთან, სადაც ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები დროებით იყვნენ განთავსებული, დაპირისპირება მოხდა. 2 ნოემბერი, 2026 წელი

პეტროპავლივსკი ბორშჩაგივციში კიევის მახლობლად, ბუჩის რაიონში მდებარეობს. ეს სოფელი 2 ნოემბრის საღამოს მოვლენების ეპიცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სოციალურ ქსელებში, ტელეგრამის არხებზე გავრცელდა ფოტოები, ვიდეოები და ინფორმაცია, თითქოს ამ სოფლის ერთ-ერთი სახლის სარდაფში დაახლოებით 40 ადამიანს იძულებით, მძიმე პირობებში ამყოფებდნენ. ვრცელდებოდა ცნობები შესაძლო გარდაცვლილის შესახებაც.

კადრების გავრცელებიდან მალევე, ხალხმა შენობის გარშემო შეკრება დაიწყო.

პირველი ვიდეო, რომ სოფლის ერთ-ერთ შენობაში შესაძლოა ადამიანები ჰყავდათ ჩაკეტილი, 2 ნოემბერს, 16:40 საათზე, Telegram-არხმა Київ ІНФО-მ გამოაქვეყნა.

ვიდეოს თან ახლდა ინფორმაცია, რომ შენობაში არიან დაშავებულები და ადგილზე ათობით მედიკოსი მუშაობს.

18:21 საათზე იმავე Telegram-არხზე კიდევ ერთი ვიდეო ქვეყნდება - კადრში ჩანს წითელ სამედიცინო ქურთუკში ჩაცმული ქალი. ის ადგილზე შეკრებილებს უყვება, რომ შენობაში შეუშვეს და ყველა სართული დაათვალიერა, სხვენიდან სარდაფამდე.

ვალენტინა მოლოდა, ქალი, რომელიც სახლთან სასწრაფო დახმარების ავტომობილის მსგავსი მანქანით მივიდა.

მისი თქმით, სარდაფში დაახლოებით 25-30 მამაკაცი იმყოფება, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ დაუთვლია: „ამ ადამიანებმა თავადაც არ იციან, ვინ არიან და რა სტატუსით იმყოფებიან იქ“, - ამბობს ქალი ვიდეოში.

მისივე თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ შენობიდან ოთხ ადამიანს გამოიყვანენ და საავადმყოფოში გადაიყვანენ. ამ ვიდეოში არ ჩანს, რა მდგომარეობაში არიან შენობაში მყოფი მამაკაცები. მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ქალის მონათხრობს ეფუძნება.

დაახლოებით 18:40 საათზე სააგენტო UNIAN-ი შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასწრაფო დახმარების ავტომობილებით საავადმყოფოში ოთხი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გადაჰყავთ.

დაახლოებით 18:50 საათზე შენობასთან უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალი ოლექსანდრ პივნენკო მიდის.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პივნენკო სახლის ღობესთან შეკრებილ მოქალაქეებს ესაუბრება.

ასევე ნახეთ

კრემლის „ბნელი კლარკი“: როგორ ეხმარება AI რუსეთს დასავლეთ ნახევარსფეროზე ზემოქმედებაში

„ოთხი სამხედრო მოსამსახურეა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ესენი არიან სამხედროები, რომლებმაც სამხედრო ნაწილები თვითნებურად დატოვეს, შემდეგ ისინი დააკავეს და ქვედანაყოფში დააბრუნეს. დანარჩენები კი ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები არიან“.

„რუსეთის აგრესია ადამიანების წამების უფლებას არ გაძლევთ“, - ისმის ხალხის შეძახილები. მალევე ეს საუბარი ხმამაღალ კამათსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადადის.

გენერალი არ განმარტავს, რატომ სჭირდება ოთხ სამხედრო მოსამსახურეს სამედიცინო დახმარება, რამდენი ხანია შენობაში იმყოფებიან და რა სამართლებრივი საფუძვლით იმყოფებიან იქ.

დაპირისპირება შენობის მიმდებარედ. 2 ნოემბერი, 2026 წელი

19:30-ისთვის შენობასთან სამხედროების კოლონა ჩნდება. Telegram-არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ უახლოვდება შენობას სამხედრო ფორმაში გამოწყობილების კოლონა.

შეკრებილები მათ უყვირიან: „ჩვენ მოსაკლავად მოხვედით?“ „სინდისი გაქვთ? ვის წინააღმდეგ მოდიხართ?“ „იქ ნაცემი ბიჭები წვანან!“

დაახლოებით ერთ საათში, 20:30 საათისათვის, სოციალურ ქსელებში შენობის შიგნით გადაღებული პირველი კადრები ვრცელდება.

კადრებში ჩანს ვიწრო დერეფანი, სადაც, სულ მცირე, 20 მამაკაცი დგას. მათ სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ.

ერთ-ერთი კაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ქვედანაყოფის სახელით საუბრობს, ჟურნალისტებს უხსნის:

„ეს ადამიანები ჩვენს ქვედანაყოფს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ცენტრებმა გადმოსცეს. მე ვესაუბრე ხელმძღვანელობას, მოვახსენე ყველაფერი. წამება არ ყოფილა, არაადამიანური პირობები არ ყოფილა. ყველა მათგანი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ცენტრებიდან არის მოყვანილი და გადანაწილებას ელოდება“.

ასევე ნახეთ

"და ვის აინტერესებს სანქციები?!" - როგორ ამღერებს რუსული პროპაგანდა AI-ს

იქვე მყოფი კიდევ ერთი კაცი ადასტურებს, რომ სასწავლო ცენტრებში გადანაწილებას ელოდებიან.

ჟურნალისტები ეკითხებიან, აქვთ თუ არა რაიმე პრეტენზია ან საჩივარი.

„ყველაფერი ნორმალურადაა“, - პასუხობენ ისინი.

„ჩვენ არ გვცემენ“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

მისივე თქმით, შენობაში უკვე თვე-ნახევარია იმყოფება.

შენობიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს ცარიელი დერეფანი, ოთახი ქვის კედლებით და კიდევ ერთი ოთახი, სადაც ბუხრის გვერდით, იატაკზე ლეიბები და საბნებია გაშლილი. ეს არის ერთ-ერთი პირველი ვიდეო, რომელიც აჩვენებს რა ხდება შენობის შიგნით.

თუმცა ჩანაწერი გადაღებულია მას შემდეგ, რაც შენობასთან მოქალაქეები უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ შეკრებილი და ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შესაბამისად, კადრებით შეუძლებელია დადგენა, როგორი პირობები იყო შენობაში დღის პირველ ნახევარში ან სად იმყოფებოდნენ მანამდე ისინი, ვისაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

2 ნოემბერს ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე დამატებითი სამხედრო ძალები მივიდნენ. მოქალაქეები სამხედროებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მათ ძალადობაში ადანაშაულებდნენ და შენობის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ.

დაპირისპირება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც შენობაში მყოფი მამაკაცები ავტობუსში ჩასვეს - შეკრებილთა ნაწილმა ავტობუსის ფანჯრები ჩაამსხვრია და მის გადაბრუნებას ცდილობდა.

პეტროპავლივსკი ბორშჩაგივცი. 2 ნოემბერი, 2026 წელი

მოგვიანებით შენობასთან მივიდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვიც. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, დაპირისპირება 2 ნოემბრის საღამოსვე დასრულდა და ეროვნული გვარდიის სამხედროებმა ტერიტორია კონტროლის ქვეშ მოაქციეს.

ასევე ნახეთ

“ერთ დაღუპულ უკრაინელზე შვიდი დაღუპული რუსი მოდის” - მეთიუ „Sovereign“ სემპსონი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არეულობა წინასწარ იყო დაგეგმილი

3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან ვიგივსკიმ განაცხადა, რომ პეტროპავლივსკი ბორშჩაგივციში მომხდარი მოვლენები წინასწარ დაგეგმეს ადამიანებმა, რომლებიც თავს სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებად ასაღებდნენ. თუმცა, მისი თქმით, სამედიცინო ორგანიზაციამ, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ, არსებობა რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა.

მინისტრის ინფორმაციით, ინციდენტამდე ადგილზე მივიდა სამედიცინო დახმარების ნიშნებიანი ავტომობილის მძღოლი და შენობას ფოტოები გადაუღო.

ქალი, 49 წლის ვალენტინა მოლოდა, რომელიც შენობასთან სასწრაფო დახმარების ავტომობილით მივიდა და მძღოლი სამართალდამცველებმა დააკავეს.

პროკურატურა ვალენტინა მოლოდას ბრალს სდებს თავდაცვის ძალების საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და სამხედრო ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ის თაღლითური გზით ცდილობდა სამხედრო ნაწილიდან იმ მამაკაცის გაყვანას, რომელსაც სამხედრო ნაწილი თვითნებურად ჰქონდა მიტოვებული.

თავად ვალენტინა მოლოდამ კიევის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ მას მიმართა ქალმა და უამბო ნაცნობის შესახებ, რომელიც ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან წაიყვანეს, სარდაფში ჰყავდათ და სცემდნენ.

მოლოდა ირწმუნება, რომ აქვს კლინიკა, რომლის მთავარი ექიმია და შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი მოვალეობა, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება.

ასევე ნახეთ

კიევში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ქალებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სამხედრო პუნქტთან არეულობასთან კავშირში

კიევის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ტეტიანა კირეევასაც.

პროკურატურის ვერსიით, კირეევა მოლოდას შეუთანხმდა ერთობლივ მოქმედებებზე და გაასაჯაროვა ინფორმაცია სამხედრო ობიექტის მდებარეობის შესახებ.

სასამართლოს სხდომაზე კირეევამ განაცხადა, რომ თავისი დის რჩევით მოლოდას დასახმარებლად მიმართა სოციალური ქსელებით, იცოდა, რომ მომსახურება 107 ათასი გრივნა ღირდა, სამხედრო ობიექტთან კი მივიდა იქ მყოფი ქმრის ჰოსპიტალიზაციის მიზნით და საპროტესტო აქციისკენ არავისთვის მოუწოდებია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ყალბი ინფორმაცია უწოდა განცხადებებს, თითქოს შემთხვევის ადგილზე „წამების ოთახი“ არსებობდა.

ეროვნული გვარდიის პრესსპიკერმა განმარტა, რომ სამხედროები შენობაში დროებით იყვნენ განთავსებული.

მოგვიანებით კორპუსმა „აზოვმა“ დააზუსტა, რომ შენობაში სამხედრო ნაწილებში გადანაწილებას ელოდებოდნენ მობილიზებული პირები და სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო ნაწილების თვითნებურად დატოვების შემდეგ დააკავეს.

ასევე ნახეთ

"საინფორმაციო ავტოკრატია" და ევროინტეგრაციის დაკნინება - სად გადის რუსეთის "კოგნიტური ომის" ფრონტის ხაზი?

ვინ გადაიყვანეს საავადმყოფოში და რატომ?

ამ ოთხი კაცის ვინაობა ცნობილია. „უკრაინსკა პრავდას“ ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსის, „აზოვის“, სამხედრო ნაწილის მეთაურმა პავლო კურჩენკომ განუცხადა, რომ ისინი არიან ანდრიი კულეშოვი, ივან იარეშკო, ოლექსანდრ პავლიუჩენკო და ოლექსანდრ პერმინოვი.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს, პავლიუჩენკოს, ხერხემლის მალა ჰქონდა მოტეხილი, რის გამოც მანამდე ლუცკის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. იარეშკოს შემთხვევაში კი მეთაური თვითდაზიანების ნიშნებზე მიუთითებს. დანარჩენი ორი მამაკაცის კონკრეტული დიაგნოზები არ გასაჯაროებულა.

„აზოვის“ წარმომადგენლების განცხადებით, ოთხივე მამაკაცი ეროვნული გვარდიის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და 4 ნოემბრის მდგომარეობით, მათი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელი იყო. თუმცა უცნობია, რომელ კლინიკაში იმყოფებოდნენ ისინი, რა სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და საჭიროებდნენ თუ არა სტაციონარულ მკურნალობას.

მათი მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი სამედიცინო დასკვნა საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

ასევე ნახეთ

სადისტური ინტერესი - როგორ აწამებდნენ ტყვეობაში სტივენ ჰაბარდს

სამხედრო ომბუდსმენის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო

უკრაინის სამხედრო ომბუდსმენმა ოლჰა რეშეტილოვამ, რომლის სამსახურის წარმომადგენლებიც 2 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, განაცხადა, რომ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის სამსახურმა შემოწმება დაიწყო. მისი მიზანია დადგინდეს, დაირღვა თუ არა სამხედრო ნაწილების თვითნებურად დატოვების შემდეგ დაკავებული სამხედროებისა და ახალწვეულების უფლებები სამხედრო სამსახურის გავლის პროცედურებისა და ეტაპების განმავლობაში.

უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველმა კორპუსმა „აზოვმა“ განაცხადა, რომ თუ შემოწმება უკანონო ძალადობის ფაქტებს დაადასტურებს, დამნაშავეები დაისჯებიან.

„რუსეთის კვალი იკვეთება“

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ირწმუნება, რომ უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ 2 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გარე გავლენის გარეშე არ განვითარებულა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ სოციალურ ქსელში დაწერა „პეტროპავლივსკი ბორშჩაგივციში მოწყობილი პროვოკაციის“ შესახებ და განმარტა, რატომ ხედავს მასში რუსეთის კვალს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა

„მტრის ამოცანაა არსებული პრობლემების მასშტაბის გაზრდა. ეს ტიპური ტაქტიკაა. ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს - ეს ჩვენი შიდა ამოცანაა და ამ პასუხისმგებლობას არავინ გვხსნის. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ამ პროვოკაციის გაღვივების უკან სწორედ მტერი დგას.

ბრძოლის ველზე მიზნების მიუღწევლობისა და რეკორდული დანაკარგების ფონზე, მოსკოვი მთავარ ფსონს ზურგში ვითარების დესტაბილიზაციაზე დებს. სწორედ ამიტომ აძლიერებს რუსეთი თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, ენერგეტიკაზე, რკინიგზასა და ეკონომიკაზე, ასევე - ადამიანების ემოციებზე“, - განაცხადა სიბიჰამ.

ასევე ნახეთ

წამება, დამცირება, უარი მკურნალობაზე - დაადგინეს უკრაინელი ტყვეების წამებაში ბრალდებული ექიმის ვინაობა

როგორ გამოეხმაურა რუსული მედია კიევთან მომხდარს

2 ნოემბერს კიევის მახლობლად მომხდარი დაპირისპირება, მალევე იქცა რუსული სახელმწიფო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად.

სააგენტო TASS-ი და სხვა რუსული გამოცემები შენობას „წამების სარდაფად“ და „საიდუმლო საპატიმროდ“ მოიხსენიებდნენ. გაავრცელეს ცნობები, თითქოს უკრაინელი სამხედროები იქ ათობით ადამიანს აწამებდნენ, სცემდნენ, ფულს სძალავდნენ და ზოგიერთ მათგანს კლავდნენ.

რუსულმა სააგენტო РИА Новости-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა თავად აღიარა ქვეყანაში მრავალი მსგავსი „წამების სარდაფის“ არსებობა. სააგენტო ასევე წერდა შენობაში 14 წლის მოზარდის წამების შესახებ.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი შენობაში დაკავებული არ ყოფილა. კადრებში ჩანს საბანში გახვეული მოზარდი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ესაუბრება. ჰყვება, რომ არეულობის დროს ღობეზე გადაძვრა და ასე მოხვდა შენობის ეზოში. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბიჭი ღობიდან გადმოვარდა, რის შემდეგაც სამხედროებმა დახმარება აღმოუჩინეს.

დამოუკიდებელი რუსულენოვანი გამოცემა „მედუზის“ ინფორმაციით, 3 ნოემბერს TikTok-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც 14 წლის მოზარდი ამტკიცებდა, რომ პეტროპავლივსკი ბორშჩაგივციში მდებარე შენობის ღობიდან გადმოვარდნის შემდეგ შავ ტანსაცმელსა და ე.წ. ბალაკლავებში გამოწყობილმა პირებმა შენობაში შეათრიეს და სცემეს. ეს ბრალდება, ამ ეტაპზე, დადასტურებული არ არის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება „საიდუმლო საპატიმროს“ შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მომხდარის მიჩქმალვას ცდილობდა.

ISW: კრემლმა კიევთან მომხდარი უკრაინაში განხეთქილების გასაღრმავებლად გამოიყენა

2 ნოემბერი, 2026 წელი

ამერიკული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) შეფასებით, კრემლმა 2 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირება უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილების გასაღრმავებლად გამოიყენა, განსაკუთრებით სამხედრო მობილიზაციის საკითხზე არსებული დაძაბულობის ფონზე.

ამის შესახებ ისინი ინსტიტუტის 3 ნოემბრის ანგარიშში წერენ:

„რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და სახელმწიფო მედიამ ეს ინციდენტი უკრაინულ საზოგადოებაში მობილიზაციასთან დაკავშირებული დაძაბულობის გასაღვივებლად და გასაძლიერებლად გამოიყენეს. კრემლის მაღალჩინოსნებმა შენობას „წამების ოთახი“ უწოდეს, ხოლო რუსი სამხედრო ბლოგერები ავრცელებდნენ დაუდასტურებელ ბრალდებებს, თითქოს უკრაინელი სამხედროები შენობის სარდაფში ადამიანებს აწამებდნენ, მათგან ქრთამს მოითხოვდნენ, იძულებით ახდენდნენ მათ მობილიზაციას და ხოცავდნენ“, - წერენ ISW-ის ანალიტიკოსები.

მათი შეფასებით, მოსკოვი, სავარაუდოდ, სარგებლობს იმით, რომ მომხდარის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არასაკმარისია და ამ საინფორმაციო ვაკუუმს პროვოკაციული, დაუსაბუთებელი განცხადებების გასავრცელებლად იყენებს.

3 ნოემბერს კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. შეკრება წინა დღეს მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდამჭერი აქცია. კიევი. 3 ნოემბერი, 2026 წელი

უკრაინული სააგენტო „უკრინფორმის“ ცნობით, აქციაში 70-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, უმეტესად ახალგაზრდები. მათ შორის იყვნენ დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები და ყოფილი სამხედრო ტყვეები. მონაწილეები აპროტესტებდნენ უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ძალადობას და აცხადებდნენ, რომ წინა დღის მოვლენები რუსეთის მიერ ორგანიზებული პროვოკაცია იყო. აქცია გაიმართა ლოზუნგით: „მე მხარს ვუჭერ უკრაინის თავდაცვის ძალებს“.

ასევე ნახეთ

"ბოროტი ექიმი", რომელმაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები აწამა მორდოვეთის ერთ-ერთ ყველაზე დახურულ კოლონიაში (გამოძიება)