ომბუდსმენმა ირაკლი ღარიბაშვილზე სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტების შესწავლა დაიწყო

ფოტოკოლაჟი: ლევან იოსელიანი (მარცხნივ), ირაკლი ღარიბაშვილი

სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რათა მიიღოს ინფორმაცია ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში აღწერილი "სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ".

როგორც დღეს, 10 ნოემბერს, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენი "ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს", მათ შორის

  • სასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს;
  • დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს.

რას ამბობდა ღარიბაშვილი წერილში

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც მეორე ბრალი წაუყენეს (ქრთამის აღების მუხლით), მოითხოვს მისი საქმე ღია სასამართლო სხდომებზე განიხილებოდეს.

9 ნოემბერს ციხიდან გამოქვეყნებულ მე-10 წერილში ის ამბობს, რომ გასულ ორშაბათს, 2 ნოემბერს, როცა მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, სასამართლოს დარბაზში „პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ“ სურდა საუბარი, თუმცა „უსამართლო გადაწყვეტილებით“, სხდომა დაიხურა.

ასევე ნახეთ

ღარიბაშვილი ღია სასამართლო სხდომებს ითხოვს - მე-10 წერილი ციხიდან

ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღძრული მეორე, „ქრთამის აღების საქმის“ არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 ნოემბერს დაიწყო. ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამ სხდომაზე გამოცხადდა.

ასევე ნახეთ

„ფსიქიკური და მორალური წამება“ – რა თქვა ღარიბაშვილმა სასამართლოში

იმ დღეს, ადვოკატების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე სრულად დახურა - სხდომაზე დასწრება მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ.

ახალი ბრალდების შემდეგ ღარიბაშვილი პირველად დაესწრო საკუთარ პროცესს. დახურულ სხდომაზე ის ამტკიცებდა, რომ მასზე „ფსიქიკური და მორალური წამება“ განხორციელდა „უფლებამოსილი მოხელის“ მხრიდან, – რათა დაეთანხმებინათ ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე.

ღარიბაშვილი პატიმრობაშია

  • ირაკლი ღარიბაშვილი 5-წლიან პატიმრობაში იმყოფება. მან მის წინააღმდეგ წაყენებული კორუფციის ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება 12 იანვარს გაფორმდა.
  • საპროცესო შეთანხმებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა - წაყენებული ბრალით მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ასევე ნახეთ

ღარიბაშვილი უკვე ციხეშია - 5-წლიანი პატიმრობა და ₾1 მილიონი ჯარიმა საპროცესო შეთანხმებით

24 აგვისტოს დილას, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

გამოძიებასთან თანამშრომლობის მოტივით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა: ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა.

ასევე ნახეთ

„გამოძიებასთან თანამშრომლობის“ მოტივით ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ღარიბაშვილმა ახალი ბრალის წაყენებამდე ერთი კვირით ადრე, 17 აგვისტოს, საპატიმროდან წერილი გაავრცელა, რომლითაც გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ. სწორედ ამას აღიქვამს ის ზეწოლად.

  • 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს. ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მდინარაძის პრესსამსახურში მაშინ თქვეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“;
  • 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ მოულოდნელად ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი კობახიძეს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“.

ასევე ნახეთ

ივანიშვილის დავალებით გამოგზავნილ წერილში კორუფციის „აღიარებას“ მთავაზობენ, ამ ჩაგვრას წინ აღვუდგები - ღარიბაშვილი