ახალი ბრალდების შემდეგ ღარიბაშვილი პირველად დაესწრო საკუთარ პროცესს. დახურულ სხდომაზე ის ამტკიცებდა, რომ მასზე „ფსიქიკური და მორალური წამება“ განხორციელდა „უფლებამოსილი მოხელის“ მხრიდან, – რათა დაეთანხმებინათ ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე.
დღეს აღარ უხსენებია არც ყოფილი დამსაქმებელი, – „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი – და არც პოლიტიკიდან წასული სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე, – რომლებზეც ციხიდან გამოგზავნილ პირველ წერილში საუბრობდა.
მოითხოვა გამოძიების დაწყება და გამოთქვა მზადყოფნა, დეტალები პროკურორს გაანდოს და „ბრალდებები დაასაბუთოს“.
„ქრთამის აღებაში“ ბრალდებული ორგზის ექსპრემიერი ახლა პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე ჩივის.
„ფსიქიკური წამება“ – რა თქვა ღარიბაშვილმა დახურულ სხდომაზე
ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ადვოკატების პოზიციების მიუხედავად, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროკურორ ანა ლეკიაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო სხდომები სრულად დახურა. შედეგად, მედია ირაკლი ღარიბაშვილს განაჩენის გამოცხადებამდე ვეღარ იხილავს.
პროცესის დახურვის შემდეგ სხდომათა დარბაზში მოსამართლე, ბრალდებული, პროკურორი, ადვოკატები და მანდატურები დარჩნენ. შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ ამბავიც ადვოკატებმა გამოიტანეს.
ექსპრემიერის ადვოკატმა იოსებ (სოსო) ბარათაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მოახსენა სასამართლოს, რომ მასზე განხორციელდა ფსიქიკური და მორალური წამება“.
დააზუსტა, რომ ეს მოხდა „მანამდე, ვიდრე ამ საქმეზე დაიწყებოდა გამოძიება“ და მოხდა „იმ მიზნით, რომ ეღიარებინა ქრთამის აღების მომავალი ბრალდება“, – რასაც კატეგორიულად უარყოფს.
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, ახსენა თუ არა ღარიბაშვილმა სიტყვა წამება თავად, ადვოკატმა თქვა: „დიახ, თავად ახსენა“.
„უფლებამოსილი მოხელის მხრიდან“
დააზუსტა, რომ იგულისხმება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლი და წამების განმარტებებს შორისაა „პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას“.
მან დააზუსტა, რომ არარსებული ბრალის აღიარების მოთხოვნა მოდიოდა „უფლებამოსილი მოხელის მხრიდან“.
ქრთამის აღების ბრალდება მოჰყვა ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს, რომლებშიც იგი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობდა, - რაც „ქართულ ოცნებაში“ უარყვეს.
18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში ღარიბაშვილი ამბობდა, რომ „მუქარის“ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო – „[ბიძინა] ივანიშვილის დავალებით“.
მდინარაძე სუსის ყოფილი უფროსია, რომელიც იმჟამად რეგიონული განვითარების სამინისტროს დროებით ხელმძღვანელობდა.
19 აგვისტოს მან განაცხადა: „პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა. თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება“.
27 აგვისტოს კი მდინარაძემ გამოაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ღარიბაშვილის ბრალდებებს არ უკავშირდებოდა.
რაში გამოიხატა წამება?
რადიო თავისუფლების კითხვაზე, როდესაც ექსპრემიერი წამებაზე საუბრობს, იგულისხმება თუ არა ამაში მის ნათესავებზე, ბიზნესის მფლობელ ადამიანებზე, მის მეგობრებზე, რაიმე სახის ზეწოლაც – ადვოკატმა თქვა:
„ის განცხადება, რაც მან დღეს გააკეთა, იყო კონცენტრირებული [ბრალის აღიარების] შეთავაზების ფაქტზე; ახსნა, საიდან წარმოიშვა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე და რა პოლიტიკური მანიპულაციები უძღოდა მას წინ. ამ კონტექსტში ისაუბრა. მომავალში შეიძლება, თქვენ რასაც ბრძანებთ, იმ კონტექსტშიც ისაუბროს, მაგრამ მე არ ვიცი“.
ჟურნალისტების რეპლიკასა და კითხვაზე: „ვიცით, რომ მის მამასთან, ტარიელ ღარიბაშვილთან ჩხრეკა ჩატარდა. ამაზე რაიმე ინფორმაცია გაქვთ“? – უპასუხა: „ამაზე ვერ მოგახსენებთ“.
„მამის დაკავებით რომ ემუქრებოდნენ?“ – ჰკითხა მას ტვ პირველმა. „ამასთან დაკავშირებით ვკითხავ მას და თუ მექნება ინფორმაცია, მოგახსენებთ“, – თქვა ადვოკატმა ბარათაშვილმა.
ღარიბაშვილი მეორე წერილში წერდა, რომ „შეთავაზებას“ თან ახლდა „ამორალური შანტაჟი და ზეწოლა“ და „უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით“.
ღარიბაშვილი გამოძიებას მოითხოვს
მართალია, დღეს სხდომაზე გვარები არ დაუსახელებია, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის, „კონკრეტული პირების სახელები გამოძიების პროცესში“ დაასახელოსო, – განუცხადა რეპორტიორებს სოსო ბარათაშვილმა.
იქვე მიუთითა, რომ პროკურატურა ვალდებული იყო, ღარიბაშვილის 18 აგვისტოს საჯარო განცხადებაზე გამოძიება დაეწყო, რაც, მისი ინფორმაციით, არ მომხდარა:
„ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე“, – თქვა მან.
ბარათაშვილის თანახმად, „გამოძიების მსვლელობის პროცესში ის, რა თქმა უნდა, დაასახელებს ამ გვარს, ვისი მხრიდანაც მომდინარეობდა შეთავაზება კონკრეტული პირის მიმართ და ყველა დეტალს განუმარტავს გამოძიებას“.
„პოლიტიკაში დაბრუნების პრევენცია“?
როდესაც ყოფილმა პრემიერმა მდინარაძის წერილზე საჯაროდ ისაუბრა, მიუთითა, რომ მის ყოფილ თანაგუნდელებს ეშინოდათ, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამ რისკის „გადაზღვევას“ ცდილობდნენ.
„კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარება გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, – წერია ღარიბაშვილის განცხადებაზე თანდართულ წერილში.
რადიო თავისუფლებამ დღეს მის ადვოკატს ჰკითხა, ღარიბაშვილის აზრით, რა არსებითი განსხვავებაა ორ ბრალდებას შორის:
- პირველი იყო „ფულის გათეთრება“ – უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, – რაზეც ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული და, შესაბამისად, ბრალი აღიარებული;
- ახალი ბრალი კი ასევე „ქრთამის აღებაა“.
ადვოკატმა თქვა, რომ მოტივებს არ ჩაეძიება: „მე არ შევალ იმის განსჯაში, დეტალებში, ვინ რას ფიქრობდა, რატომ სთავაზობდა… მე ვამბობ მხოლოდ ფაქტს, რომელსაც ახმოვანებს ირაკლი ღარიბაშვილი. ამ ფაქტს სჭირდება დადასტურება და დასაბუთება, ასევე გამოძიება. გამოძიების სვლელობის დროს ყველა დეტალი გახდება ცნობილი გამოძიებისათვის და ასევე საზოგადოებისათვის“.
- პირველი ბრალდება – სხვის სახელზე არსებული ბიზნესიდან შემოსული უკანონო შემოსავლის „გათეთრება“, – საპროცესო შეთანხმების გარეშე 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა;
- „ქრთამის აღება“ უფრო მძიმე მუხლია – ბრალდება კი თავდაცვის სამინისტროს მიერ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ერთ-ერთი ტენდერიდან დიდი რაოდენობის ქრთამის აღებაა – რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
18 აგვისტოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ღარიბაშვილის მიერ „პოლიტიკაში დაბრუნების პრევენციის“ ხსენებაზე პასუხად რადიო თავისუფლების კითხვას ასე უპასუხა: „რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როცა ადამიანს აქვს აღიარებული კორუფციული დანაშაული“?!
„პოლიტიკურად მოტივირებული“ „მასკარადი“
ამ დრომდე ირაკლი ღარიბაშვილი უარს აცხადებდა, დასწრებოდა სასამართლო პროცესებს.
„მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში!“ – წერილობით განაცხადა მან 25 აგვისტოს, ბრალის წარდგენის შემდეგ და არც „პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობა“ მოისურვა.
2 ნოემბერს ის სხდომას დაესწრო. ჯერ უცნობია, მოისურვებს თუ არა მომდევნო, დახურულ სხდომებზე დასასწრებად ციხის დატოვებას.
როდესაც მოსამართლემ შეკითხვა დაუსვა, „საზოგადოებისთვის განმარტებების გაკეთების“ სურვილი გამოთქვა, თუმცა შეაწყვეტინეს და მხოლოდ სხდომის დახურვის შუამდგომლობაზე დააფიქსირებინეს პოზიცია.
„მე მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი ჩატარდეს გამჭვირვალედ“.
მსგავსი შუამდგომლობა 19 ოქტომბერს, წინა სხდომაზეც დააყენა პროკურორმა, – რაც წინა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა.
ბრალდების დეტალები
ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა იყო, – პოლიტიკაში მოსვლამდე კი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამშრომელი.
2026 წლის 12 იანვარს მან „ფულის გათეთრების“ ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმებით 5-წლიან პატიმრობას მოაწერა ხელი, რითაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობა აირიდა თავიდან.
ახალი ბრალდება, რომელიც 24 აგვისტოს წარედგინა, უკავშირდება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, – მის მეგობარს.
- გამოძიების თანახმად, - თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ცოლისძმის ჩვენებებით, - ბურჭულაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს;
- მოგვიანებით, ამ ჩვენების შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა: მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა.
ფორუმი