მოსამართლეს აინტერესებდა, პარტიებს შორის თანამშრომლობა ავტომატურად გულისხმობს თუ არა ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებლობას, თუ თითოეული ფაქტი ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს. ის ითხოვდა განმარტებას, უნდა შეერაცხოთ თუ არა სხვა ოპოზიციურ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2012 წლამდე მომხდარი ფაქტები.
„მიპასუხეთ, 2012 წლამდე მომხდარი ფაქტები შეერაცხება თუ არა დანარჩენ ოთხ პარტიას?“ - ჰკითხა ევა გოცირიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, „ქართული ოცნება“ კიდევ ოთხი ოპოზიციური პარტიის - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას ითხოვს.
„ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, საუბარია არა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ურთიერთობაზე, არამედ პარტიების „ერთიან ორგანიზმად“ მოქმედებაზე. ამის დასტურად მან დაასახელა კოალიციური მთავრობის შექმნისა და პრეზიდენტობის საერთო კანდიდატის წარდგენის მიზნები, ასევე შეთანხმება, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას ისეთი მთავრობის ფორმირებაში, რომელშიც „ქართული ოცნება“ იქნებოდა წარმოდგენილი.
გორდულაძის მტკიცებით, თუ პარტიები ერთად მოქმედებენ და ერთმანეთის წარსულ ქმედებებს ქმედითად არ ემიჯნებიან, ამ ქმედებებზეც პასუხისმგებელნი ხდებიან.
ამასთან, გორდულაძემ აღნიშნა, რომ სარჩელი მხოლოდ 2012 წლამდე მომხდარ ფაქტებს არ ეხება და მოსარჩელეები ოპოზიციურ პარტიებს შემდგომი პერიოდის ქმედებებზეც ედავებიან.
ასევე ნახეთ
სადაა ზღვარი პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობებს შორის? მოსამართლის შეკითხვა „ოცნებას“ამავე საკითხზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა. მან მაგალითად „ლელო“ მოიყვანა და თქვა, რომ ამ პარტიას თავად არ ჩაუდენია ის ქმედებები, რომლებსაც მოსარჩელეები „ნაციონალურ მოძრაობას“ ედავებიან, თუმცა მასთან კოალიციაში შესვლის გამო პასუხისმგებლობა „ლელოსაც“ უნდა დაეკისროს.
„როდესაც „ლელო“ კოალიციაში შედის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, როდესაც მშვენივრად იციან, ამ პოლიტიკურ გაერთიანებას რა არაკონსტიტუციური ქმედებები აქვს ჩადენილი, ბუნებრივია, ეს ქმედებები მათაც შეერაცხება“, - განაცხადა კახიანმა.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ოპოზიციური პარტიები კოალიციებისა და საერთო პლატფორმების შექმნით „ერთიან ორგანიზმად“ მოქმედებენ და არაკონსტიტუციურ ქმედებებს აგრძელებენ. ამის მაგალითად კახიანმა არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება დაასახელა, რასაც, მისი თქმით, 2018 წლიდან სისტემატური ხასიათი აქვს.
ასევე ნახეთ
კობახიძე, ყაველაშვილი და პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს საიუბილეო კონფერენციას დაესწრნენმსჯელობაში ჩაერთო მოსამართლე ვასილ როინიშვილიც. მან მიუთითა, რომ ზოგიერთი მოპასუხე წარსული ქმედებებისგან გამიჯვნაზე საუბრობს და გორდულაძეს ჰკითხა, მისი პოზიციით, უნდა განასხვაონ თუ არა საჯარო გამიჯვნა და პარტიის რეალური მოქმედება.
გორდულაძის პასუხით, წარსულში გაკეთებული განცხადება პარტიისთვის „ინდულგენცია“ ვერ იქნება. მისი თქმით, შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები, ისე მათი ქმედებები.
ასევე ნახეთ
რას წერდა კობახიძე პარტიების აკრძალვაზე 2008-ში და რას ითხოვს „ოცნება“ დღესელისაშვილის საქმე და „ლელოს“ პასუხისმგებლობა
არჩილ გორდულაძემ „ლელოს“ პასუხისმგებლობაზე საუბრისას ალეკო ელისაშვილის საქმეც მოიყვანა. მისი თქმით, ელისაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენისთვის არის მსჯავრდადებული, „ლელო“ კი მას პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს და მის საქმეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ასეთი შეფასებები ელისაშვილის ქმედებებისგან გამიჯვნას ეწინააღმდეგება.
გორდულაძის თქმით, წინა კვირას „ლელოს“ წარმომადგენელმა ელისაშვილთან პარტიის კავშირი უარყო. ამის საპასუხოდ მან მიუთითა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ელისაშვილი პარტიულ სიაში მეოცე ნომერი იყო. მან ასევე გაიხსენა ელისაშვილის მონაწილეობა „ლელოსა“ და გახარიას პარტიის 2025 წლის ერთობლივ წინასაარჩევნო კამპანიაში.
„თვითონ ალეკო ელისაშვილს მოიხსენიებენ როგორც პოლიტიკურ პატიმარს, პოლიტიკურ დევნილს, რეჟიმის ტყვეს და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს“, - თქვა გორდულაძემ და იკითხა, ამ შეფასებების ფონზე რა განცხადება შეიძლება ჩაითვალოს გამიჯვნად.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელში „ლელოს“ ედავება, რომ პარტია არ გაემიჯნა ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებას, რომლისთვისაც მას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის მუხლით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ასევე ნახეთ
„ტერორისტული აქტის დროს 110 ლარი იქნებოდა ზარალი?“ - სააპელაციო სასამართლო ელისაშვილის საქმეს განიხილავსგახარიას პარტიის პასუხისმგებლობის საკითხი
ევა გოცირიძემ გორდულაძეს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზეც ჰკითხა. მოსამართლემ გამოყო აქციის დაშლისა და ჩორჩანის ეპიზოდები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში გახარიას საქმიანობის პერიოდს უკავშირდება.
„ეს ფაქტები გახარიას დღევანდელ პარტიას უნდა შეერაცხოს თუ არა და რატომ?“ - იკითხა გოცირიძემ.
გორდულაძის პასუხით, გიორგი გახარია პარტიის თავმჯდომარე და გადაწყვეტილებების მთავარი მიმღებია, მისი თანაპარტიელები კი სადავო ქმედებებს არა მხოლოდ არ ემიჯნებიან, არამედ იწონებენ კიდეც. მაგალითად მან ჩორჩანის ეპიზოდი დაასახელა და თქვა, რომ პარტიის წარმომადგენლები მას საამაყოდ მიიჩნევენ.
გორდულაძემ ასევე გააკრიტიკა პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები, რომ სტრასბურგის სასამართლომ გახარია გაამართლა. მისი მტკიცებით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას არასწორად განმარტავენ.
უცხოეთში მყოფ გიორგი გახარიას ორ საქმეზე ბრალიც აქვს წარდგენილი
„ამ ქმედებებს არათუ არ ემიჯნებიან, არამედ იწონებენ“, - თქვა გორდულაძემ. მისი პოზიციით, სწორედ პარტიაში გახარიას როლი და თანაპარტიელების დამოკიდებულება ქმნის საფუძველს, რომ მისი ქმედებები პარტიასაც შეერაცხოს.
გორდულაძემ „ქართული ოცნების“ მიდგომაზეც ისაუბრა. მისი მტკიცებით, მმართველი პარტია დანაშაულის გამოვლენის შემდეგ მის გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.
„როგორც კი დანაშაული ხდება ხილვადი, პირიქით, ჩვენ ვართ პირველები, რომლებიც ვითხოვთ და მოვითხოვთ მართლმსაჯულების აღსრულებას“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ
ჩორჩანის საგუშაგომ მიტაცებას 1680 ჰექტარი გადაარჩინა - რა უთხრა სასამართლოს გახარიას საქმის საკვანძო მოწმემგახარიას პარტიას „ქართული ოცნება“ ედავება, რომ არ გაემიჯნა გიორგი გახარიას ქმედებებს, რომლებიც აქციის დაშლასა და ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსებას უკავშირდება - მაშინ გახარია სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას წარმოადგენდა.