მოკლედ
- რატომ უჭირთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს პოლიციაში მისვლა? „საფარის“ კვლევის მონაწილეები ამბობენ, რომ ეშინოდათ, მათ მონაყოლს არ დაიჯერებდნენ და მომხდარში თავად დაადანაშაულებდნენ.
- რა ხდება, როდესაც პოლიციას მიმართავენ? 17 წლის გოგო იხსენებს, რომ გაუპატიურების ამბავი რვაჯერ მოაყოლეს, მათ შორის საერთო სივრცეში.
- რას ხდება სასამართლოში? „ხმა ვერ ამოიღე?!“ კვლევის მონაწილეები იხსენებენ კითხვებს, რაზეც ძალადობის მსხვერპლისგან პასუხს დაცვის მხარე ითხოვს. ზოგი მსხვერპლი სასამართლო სხდომებზე მისვლას ერიდებოდა, რომ ბრალდებულსა და მის მხარდამჭერებს არ შეხვედროდა.
ქალები, რომლებზეც ძალადობენ, თითქმის ყველა ეტაპზე ხდებიან ხელმეორე ტრავმის მსხვერპლები, თუ ისინი ჩივილს და მოძალადის დასჯას გადაწყვეტენ.
მართლმსაჯულების სისტემაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა, მათ შორის ბავშვების, მძიმე გამოცდილებას აღწერდა რადიო თავისუფლების ეს სტატია. ნოემბრის დასაწყისში ამავე თემაზე ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია “საფარმა” გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ძალადობაგამოვლილი 11 ადამიანის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან მომუშავე 8 ექსპერტის - იურისტებისა და ფსიქოლოგების მონათხრობებს ეყრდნობა.
ასევე ნახეთ
“თითქოს ხელახლა გამაუპატიურეს” - რა გზას გადიან მსხვერპლი ბავშვები“მსხვერპლი ამბავს იგონებს“
ამ ფრაზის მოსმენის შიში არის პირველი და მნიშვნელოვანი ბარიერი, რის გამოც ერიდებიან მსხვერპლები პოლიციისათვის მიმართვას.სექსუალური ძალადობის და გაუპატიურების მსხვერპლი ქალები არ ელიან, რომ მათ მონაყოლს სერიოზულად მიიღებენ და ჩივილს შედეგი მოჰყვება. მათ ეშინიათ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა თავად დაეკისრებათ.
„ხშირად არის ხოლმე - მსხვერპლის ნათქვამის პოლიციას არ სჯერა და ფიქრობენ, რომ “ მსხვერპლი ამბავს იგონებს“, - მოჰყავს "საფარის" კვლევას ერთ-ერთი იურისტის შეფასება.
„სისტემას არ სჯერა ქალების. მათ დღემდე გამომცდელად უყურებს და მათვე სთხოვს მტკიცებულებების წარდგენას. ეს ძალიან სტერეოტიპული დამოკიდებულებაა, რადგან როგორც წესი, არავინ იტყუება, რომ ის გააუპატიურეს. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი პოლიციელების თავებში არსებობს ე.წ. „იდეალური მსხვერპლი ხატი“ და თუ ქალი, რომელიც შველას ითხოვს, იმ მსხვერპლს არ შეესაბამება, მას უყურებენ ზერელე და არასოდეს სჯერათ მისი“. - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საფარის“ ხელმძღვანელი, ქალთა უფლებების დამცველი
ასევე ნახეთ
20 წლის ფეხბურთელი ქალი მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ბიზნესმენი გაამართლეს - ვინ არის მეჰმეთ უიარი“არ დარეკო პოლიციაში”
კვლევის მიხედვით, მსხვერპლებზე გავლენას, საერთოდ მიმართონ თუ არა პოლიციას, ხშირად მათი გარემოცვა ახდენს.
ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებს:
„მეგობარი იყო ჩემთან ერთად და მაგიტო გავბედე, რომ მიმემართა... ოჯახის წევრები არ მეხმარებოდნენ და პირიქით, ცდილობდნენ, რომ არ დამერეკა პოლიციისთვის“
მეორე მსხვერპლი რესპონდენტი კი ამბობს: „დანაშაულის შესახებ პოლიციისთვის მე არ მიცნობებია. ჩემმა ოჯახის წევრებმა აცნობეს მას შემდეგ, რაც მოძალადემ ყველა ჩემს ნაცნობს დაურეკა და უთხრა, რომ ასეთ რაღაცას მაბრალებთო“.
ასევე ნახეთ
როგორ რეაგირებს მართლმსაჯულება სექსუალურ ძალადობაზეუნდობლობა სისტემას
კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ქალი ჰყვება, რომ მან გაუპატიურების ფაქტი პოლიციას არ გაანდო და მხოლოდ ცემასა და მუქარაზე იჩივლა.
„მე ბევრჯერ ვიყავი ძალადობის მსხვერპლი. ბევრჯერ მივმართე პოლიციას და რა ვიცი, მაგათმა ნორმალურად ვერაფერი გააკეთეს. შემაკავებელი ორდერის გაცემაზე მაწვალებდნენ... ვიფიქრე, შემაკავებელს ვერ აკონტროლებენ და გაუპატიურებას რანაირად გამოიძიებენ- მეთქი? თან გაუპატიურებიდან ერთი კვირა იყო გასული, ტანსაცმელი გადაყრილი მქონდა“.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედამ, რომლის შვილიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, პოლიციას მხოლოდ იმიტომ არ მიმართა, რომ შეეშინდა:
“ყველა იმას იფიქრებდა, რომ ეჩვენებოდა ბავშვს რაღაცები”.
თამთა თოდაძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, ღიად დაადანაშაულა საკუთარი უფროსი სექსუალურ ძალადობაში, დღეს რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ მაშინ, პროკურორი ქალის ორმა სიტყვამ - “ჩვენ დაგიცავთ” მისცა იმედი, რომ მისი ხმა ვიღაცას მაინც ესმოდა. თუმცა თავად სიმართლის მტკიცების პროცესი, მისი თქმით, არ ყოფილა ადვილი: “მახსოვს, პოლიციას ვეხვეწებოდი, რომ შემთხვევის ადგილას დროულად მისულიყვნენ, მაგრამ მხოლოდ რვა საათი მერე მივიდნენ, როცა ყველა კვალი წაშლილი იყო. მე გამომძიებელში გამიმართლა - ადამიანურად მომექცა - ამბობს თამთა. თუმცა საბოლოოდ, ამ საქმეში ბრალდებული მაინც გაამართლა.
“უკვე ხუთჯერ მოვყევი ეს ამბავი” - გამოკითხვა
როდესაც უნდობლობას დაძლევენ, და პოლიციას მიმართავენ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ხშირად რამდენჯერმე უწევთ საკუთარი გაუპატიურების ამბის მოყოლა, როგორც წესი, კაც პოლიციელებთან.
ამ გამოცდილების მქონე ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი წერს: „ადამიანს სახეზე რომ შევხედავდი, ვარჩევდი უკვე, ვის სჯეროდა ჩემი და ვის არ სჯეროდა”.
სხვა რესპონდენტი კი დეტალურად იხსენებს, თუ რამდენ ადამიანთან მოუწია კომუნიკაცია:
“ჯერ „ადმინისტრატორთან“. მერე გამომძიებელს ველაპარაკე დაახლოებით 20 წუთი, შემდეგ სხვა პოლიციის განყოფილებაში გადამიყვანეს. მანქანაში რა შეკითხვებიც დავსვი, ყველა შეკითხვაზე პასუხი იყო „არ ვიცი“. ახალ განყოფილებაში ჯერ განყოფილების უფროსს მოვუყევი მომხდარი. შემდეგ – ერთ გამომძიებელს, შემდეგ მეორეს, ბოლოს ე.წ. “მთავარ” გამომძიებელს. მეორე დღეს, საქმეში ჩაერთო კიდევ ერთი გამომძიებელი - ამჯერად ქალი”…
სწორედ ამ ქალ გამომძიებელს იხსენიებს რესპონდენტი ყველაზე დადებითად, თუმცა საერთო ჯამში, თავის გამოცდილებაზე თხრობისას, ამბობს:
“პოლიციის განყოფილებაში რომ შედიხარ და როცა გხედავენ ესეთ მდგომარეობაში, რომ სახე წაშლილი გაქვს და აქეთ რაღაც სილურჯეები გეტყობა ცალ ლოყაზე და იქეთ უკან შენი გაოგნებული ორი მეგობარი გიდგას, მე მგონი, მსგავსი ტონით არ უნდა გაესაუბრო ადამიანს... ეს არის ელემენტარული ადამიანობა. ღამის სამ საათზე რომ მოდის ადამიანი პოლიციაში და გეუბნება, რომ რაღაცა უჭირს, შენ ესე სათვალიდან არ უნდა ამოხედო და რაღაცა ცუდი კითხვები არ უნდა დაუსვა“.
კიდევ ერთი 17 წლის დაზარალებული ჰყვებოდა, რომ მას 8 ჯერ მოაყოლეს თავისი გაუპატიურების ისტორია. თან არა იზოლირებულ, არამედ საერთო სივრცეში.
ასევე ნახეთ
როდის დაგვიჯერებთ? ქალები სიმართლის მტკიცებაში“კაცებთან არ ჰყვებიან”
ზოგადად, პოლიციაში გამოკითხვა, როგორც კვლევიდანაც ირკვევა, ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია მსხვერპლისათვის - ქალებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გამომძიებლის სქესს.
ერთ-ერთი ფსიქოლოგი აღნიშნავს: „კაცებთან არ ჰყვებიან, სინამდვილეში სრულყოფილად რა მოხდა, რატომ მოხდა“.
ექსპერტი იურისტი კი შენიშნავს, რომ მსხვერპლს გამოკითხვა, მხოლოდ იმიტომ გადაუდია, რომ იმ დღეს ქალი გამომძიებელი არ იყო, ხოლო დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი იყო გამომძიებლის სქესი.
„როგორ შეიძლება, მე მოვუყვე ახალგაზრდა კაცს ჩემი სექსუალური ცხოვრება?!“ - იხსენებს ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი.
ბაია პატარაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სანამ ძალადობაგამოვლილი ქალი მისი საქმის ნამდვილ გამომძიებლამდე მიაღწევს, მას შვიდ-რვა ადამიანთანაც კი უწევს თავისი გაუპატიურების ამბის მოყოლა. მისი თქმით, არ არსებობს ინსტრუქცია, რომ როგორც კი ქალი, სექსუალური ძალადობის ჩივილით მივა პოლიციაში, მას მაშინვე გამოუყონ ასეთი საქმეებისთვის გადამზადებული, დატრენინგებული გამომძიებელი.
პატარა თქმით, სექსუალურ დანაშაულებზე პოლიციელების გადამზადება დღეს კი შუა გზაზეა მიტოვებული. შეწყვეტილია ტრენინგები, რომლებსაც ატარებდნენ სანდო არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ექსპერტები. „სახელმწიფოს აღარ აინტერესებს“ - ამბობს პატარაია.
სქესობრივი დანაშაულების უახლესი სტატისტიკა ასეთია: 2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში გაუპატიურების 73 შემთხვევაა რეგისტრირებული. მხოლოდ აგვისტოსა და სექტემბერში სხვადასხვა სქესობრივი დანაშაულის გამო დაზარალებულთა რაოდენობა არის 53.
“ეს მე არ არ მითქვამს” - ჩვენების არაზუსტი ჩანაწერი
მსხვერპლები აღნიშნავენ, რომ მათი მონაყოლს პოლიციელები უზუსტობებით იწერენ და ხშირად აზრიც იკარგება. ერთ-ერთი ქალი ჰყვება:
„იმას არ წერენ, რასაც ეუბნები... სათითაოდ უნდა ამოწმო ყოველი სიტყვა და ამაზე მქონდა ხოლმე მაშინვე პროტესტი, რომ იმას არ წერდნენ, რაც მინდოდა”.
„ამ ადამიანის დაჭერა გინდა, თუ არა?” - სტერეოტიპები პოლიციელებში
კვლევის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაზარალებული ჰყვება, რომ პოლიციაში სთხოვეს, ეჩვენებინა დალურჯებები. პოლიციელმა უთხრა, ეს დალურჯება ხელით მოყენებული ვერ იქნება, ჯოხი მაინც უნდა ჩაერტყაო.
მსხვერპლმა უპასუხა, ხელებს მიჭერდაო, რაზეც პოლიციელმა უპასუხა, რომ არ სჯეროდა.
„მეუბნებოდა, შანსი არ არისო, ეს ვერ იქნება ეგრეო. ესე ვერაფერს ვერ დაამტკიცებო... ესე ხომ ვერ გავუშვებ ციხეში, არსაიდანო, შენი იმეების გამოო...“
კიდევ ერთი მსხვერპლი კი იხსენებს, რომ ყველაზე ცუდი შეკითხვა, რაც მას პოლიციის განყოფილებაში დაუსვეს, იყო „ამ ადამიანის დაჭერა გინდა, თუ არა?“
იურისტი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გამოკითხვასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა ს გამომძიებლებში სპეციალიზაციის არსებობა და მათი გადამზადებაა სექსუალური ძალადობის საქმეებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენ ოფიციალური წერილითაც მივმართეთ, გვაინტერესებდა როგორც მათი პასუხი ქალთა უფლებადამცველების კრიტიკაზე, ასევე, ინფორმაცია გადამზადებული პოლიციელების, გამოკითხვის სივრცის და მსხვერპლებთან მოქცევის თაობაზე - გვითხრეს, რომ პასუხს ჩამოთვლილ კითხვებზე, კანონით დადგენილ ვადაში მოგვაწვდიან.
ექსპერტიზა - დამამცირებელი გამოცდილება
ექსპერტიზის ეტაპს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები და კვლევის მონაწილე ფსიქოლოგები, ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ეტაპად ახასიათებენ და აღნიშნავენ, რომ “ქალებს იქ ძალიან უხეშად ექცევიან და გამოდიან აბსოლუტური დანაშაულის განცდით, შერცხვენილ მდგომარეობაში და ამბობენ, რომ იქ მეტად არ მივლენ”.
ერთ-ერთი ფსიქოლოგი იხსენებს მსხვერპლი ბავშვის მონაყოლს ექსპერტის შესახებ: “აი, დუნდულებზე ისე მომარტყა ხელი, რაღაცა აგდებული დამოკიდებულება ჰქონდა”…
ასევე ნახეთ
სექსუალური დანაშაული სმენის არმქონე გოგოების მიმართ - რა ხდება გამოძიების დაწყებიდან 10 თვის თავზე?„არ გაქვს საკმარისი სამხილები” - პროკურატურაში
პროკურატურის მთავარი გამოწვევა ის არის, შენიშნავს კვლევის მონაწილე იურისტი, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის ტვირთი მთლიანად დაზარალებულზე გადააქვთ.
სექსუალური ძალადობის საქმეებში პროკურორები ითხოვენ ძალიან ბევრი მტკიცებულების არსებობას და ერიდებიან სასამართლოში ისეთი საქმეების წაღებას, სადაც, შესაძლოა, მოძალადე არ გაამტყუნონ.
17 წლის დაზარალებული იხსენებს პროკურორის სიტყვებს: „არ გაქვს საკმარისი სამხილები.“
გოგონა ჰყვება, რომ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს პროკურორი მოძალადის მხარეს იჭერდა. გოგონა იმდენად იმედგაცრუებულია, ამბობს, რომ არასდროს აღარავის უჩივლებს, რადგან პროკურატურის იმედი დაკარგა.
ამავე თემაზე რადიო თავისუფლების მიერ მომზადებულ მასალაში პროკურატურის პასუხი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
"რატომ არ უკბინე სასქესო ორგანოზეო?" სასამართლოში
სასამართლოზე სიარულისაგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად თავს იკავებენ.
მათ არ აქვთ სურვილი, შეხვდნენ ბრალდებულს და მის მხარდამჭერებს.
ზოგიერთს პირიქით, უნდა ყველა პროცესს დაესწროს, თუმცა, გრძნობენ, რომ ამას ძალიან დიდი რესურსი და გამძლეობა სჭირდება, რომელიც მათ არ აქვთ. მსხვერპლები ხშირად შენიშნავენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლის კეთილგანწყობა.
კვლევის უკლებლივ ყველა მონაწილე ლაპარაკობს დაცვის ადვოკატების არაეთიკურობაზე. მათი თქმით, ისინი “განსაკუთრებული სისასტიკით: გამოირჩევიან”.
კვლევის მონაწილე ფსიქოლოგი ამბობს: “ადვოკატები არიან დაუნდობლები!" ის იხსენებს, რომ ორალური გაუპატიურების საქმეზე, მსხვერპლს ჰკითხეს, რატომ არ უკბინე სასქესო ორგანოზეო? ექსპერტის აზრით, ასეთი შეკითხვის დასმა მეტყველებს ან სრულ უცოდინარობაზე, ან არაადამიანობაზე.
მსხვერპლები იხსენებენ დაცვის მხარის მიერ დასმულ არაადეკვატურ შეკითხვებს, როგორიცაა „რატომ არ შემოგახია ტანსაცმელი?“ „სქესობრივი ურთიერთობა არ გქონიათ ადამიანთან, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაშია?“ „ხმა ვერ ამოიღე?!“
გაუპატიურების ერთ-ერთი ბოლო, გახმაურებული საქმის (ქალთა საფეხბურთო კლუბ “ნიკე-ლუსოს” ყოფილი ფეხბურთელის) ადვოკატი და ქალთა უფლებების დამცველი, ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ამ კონკრეტულ საქმეში, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ დაზარალებულს, თავად უწევდა აქტიურობა მტკიცებულებების შესაგროვებლად. ყველაზე შეურაცხმყოფელი და დამცირებული კი სასამართლოში გამოკითხვა იყო, სადაც, მისი შეფასებით, საერთოდ არ იყო გაუპატიურების მსხვერპლი ქალის მხარდამჭერი გარემო. მოსამართლის მთავარი კითხვა კი ფეხბურთელ ქალთან იყო, ხომ არ სურდა საპროცესო გარიგებაზე დათანხმება.
რამდენიმე რეკომენდაცია სახელმწიფოს
კვლევა რამდენიმე რეკომეnდაციას გასცემს:
1. გაუპატიურების თანხმობაზე ორიენტირებული დეფინიციის შემოღება.
2. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარება - შედეგად, - გაუპატიურების შესახებ მითების გაქარწყლება, რათა მსხვერპლებმა უფრო ადვილად ამოიცნონ სქესობრივი ძალადობა.
3. მართლმსაჯულების პროცესში ჩართული ყველა უწყების შესაბამისი თანამშრომლების გადამზადება და ექსპერტიზის ბიუროში სტანდარტების შემუშავება.
4. სასამართლო პროცესების გადადებებისა და გაჭიანურების შემცირება.
5. სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისათვის მხარდამჭერ სერვისების ხელმისაწვდომობა.