გვარამიას გაძევების მიზეზად რევაზ ნადარაიამ ადგილიდან საუბარი დაასახელა, რის გამოც მას გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა.
სხდომაზე კამათი 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებას მოჰყვა. მისი თქმით, არავისთვის უცხო არ არის, რომ მურთაზ ზოდელავა და პაატა ბურჭულაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული.
ამ განცხადებამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების, მათ შორის ნიკა გვარამიას, პროტესტი გამოიწვია. კამათის შემდეგ ნადარაიამ გვარამია სხდომიდან გააძევა.
გვარამიას გაძევება მაია კოპალეიშვილმა გააპროტესტა და სასამართლოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ დავალების შესრულებაში დაადანაშაულა.
„ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, პირდაპირ იყო დავალება „ოცნებისგან“. ამას „ოცნება“ მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.
ნადარაიამ ეს განცხადება სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა და კოპალეიშვილიც გააძევა.
„ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, რომ სასამართლომ მიიღოს დავალება ვიღაცისგან, რომ მე გამეძევებინა გვარამია“, - აღნიშნა ნადარაიამ.
დარბაზის დატოვებამდე კოპალეიშვილმა თქვა, რომ მისი და გვარამიას დაბრუნების მოთხოვნით შუამდგომლობას დააყენებდა.
„ჩემი უფლების დაცვაზე ბოლომდე ვიბრძოლებ“, - განაცხადა მან.
ამ ეტაპზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ სასამართლოში მხოლოდ თენგო თევზაძე წარმოადგენს. გვარამია და კოპალეიშვილი სასამართლო განხილვის დასრულებამდე გაძევებულად ითვლებიან, თუ სხდომის თავმჯდომარე მათ დაბრუნების უფლებას არ მისცემს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, წესრიგის დამრღვევ პირს სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს. განმეორებითი დარღვევის ან სასამართლოსადმი უპატივცემულობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი დარბაზიდან გაძევება სასამართლო განხილვის დასრულებამდე. მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია გაძევებულ პირს დაბრუნების უფლება მისცეს.
მანამდე, 21 ოქტომბერს, ნადარაიამ სხდომიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე გააძევა. დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის მოწმედ დაკითხვას ითხოვდა. ნადარაიამ მას პოლიტიკური განცხადებების შეწყვეტისკენ მოუწოდა, გაძევების მიზეზად კი განმარტა, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სასამართლოს მითითებებს არ ემორჩილებოდა.
სხდომიდან გააძევეს პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძეც.
ასევე ნახეთ
უნდა შეერაცხოთ თუ არა სხვა პარტიებს „ნაცმოძრაობის“ ქმედებები? - მსჯელობა საკონსტიტუციოშირას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ასევე ნახეთ
საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა გვარამიას მოთხოვნა პარტიების აკრძალვის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებაზეოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობა.