ქართველ მართლმადიდებლებს აზერბაიჯანში „ხელსაყრელი პირობები“ აქვთ – რა უთხრეს საქართველოს ელჩს ბაქოში

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი (მარჯვნიდან პირველი) აზერბაიჯანის რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს (მარცხნიდან პირველი) შეხვდა - რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე

აზერბაიჯანში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს ბაქოში შეხვდა  აზერბაიჯანის რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე და უთხრა, რომ ქვეყანაში „ქართული მართლმადიდებლური რელიგიური თემების საქმიანობისთვის“ ხელსაყრელი პირობებია შექმნილი.

კომიტეტის განცხადებით, საქართველოს ელჩმა „მაღალი შეფასება მისცა აზერბაიჯანში რელიგიური თემების თავისუფალი საქმიანობისთვის შექმნილ ხელსაყრელ პირობებს“.

  • შეხვედრას წინ უსწრებდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და ტაძარში „გაურკვეველი გათხრების“ გამო კრიტიკული განცხადების გამო.
  • ელჩისა და მაღალჩინოსნის შეხვედრაზე ორივე მხარემ გაავრცელა ცნობები, თუმცა ისაუბრეს თუ არა ამ საკითხზე – ქურმუხის ტაძარსა და საპატრიარქოს პოზიციაზე – დაზუსტებული არ არის.

ასევე ნახეთ

„ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს“ - აზერბაიჯანის საგარეო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაზე

შეხვედრა ბაქოში

ამ კომიტეტის სრული დასახელებაა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტი რელიგიურ გაერთიანებებთან მუშაობის საკითხებში“. უფრო მოკლედ – რელიგიის საქმეთა კომიტეტი.

მისი თავმჯდომარეა რამინ მამედოვი, რომელიც პოსტს 2024 წლის 8 აპრილიდან იკავებს. იგი 2024-25 წლებში ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში და შეხვდა ქართველ კოლეგას, საქართველოს რელიგიის საკითხი სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს

2026 წლის 11 ნოემბერს სწორედ რამინ მამედოვმა უმასპინძლა ბაქოში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს, რომელიც ამ პოსტზე 1 ოქტომბრიდან დაინიშნა.

აზერბაიჯანული მხარე შეხვედრას ასე აჯამებს:

  • „შეხვედრისას აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, რომლებიც ღრმა ისტორიულ კავშირებს, ურთიერთნდობასა და მეგობრულ ტრადიციებს ეფუძნება, დინამიკურად ვითარდება.
  • ასევე ხაზი გაესვა რელიგიურ სფეროში არსებული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მნიშვნელობას“.

შეხვედრა გიორგი ზაქარაშვილსა და რამინ მამედოვს შორის

ქართველ მართლმადიდებლებს „აზერბაიჯანის მხარდაჭერა აქვთ“ – რა თქვა მამედოვმა

კომიტეტის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამედოვმა მიმოიხილა „აზერბაიჯანში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების, სახელმწიფოსა და რელიგიას შორის ურთიერთობები და ამ მიმართულებით გატარებული სახელმწიფო პოლიტიკა“, რა დროსაც აღნიშნა:

„ქვეყანაში შენარჩუნებულია ისტორიულად არსებული ტოლერანტული გარემო, რასაც აქტიურად უწყობს ხელს რელიგიათშორისი ჰარმონია და თანაცხოვრების კულტურა“.

პრესრელიზის თანახმად, „ამ პოლიტიკის თვალსაჩინო მაგალითად“ მამედოვმა დაასახელა აზერბაიჯანში „ქართული მართლმადიდებლური რელიგიური თემების საქმიანობისთვის შექმნილი პირობები“:

„აღნიშნა, რომ მათ სახელმწიფო მხარდაჭერა აქვთ“, – ვკითხულობთ პრესრელიზში.

ზაქარაშვილმა „დადებითი შეფასება მისცა“

აზერბაიჯანის რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, „საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში, გიორგი ზაქარაშვილმა, კმაყოფილება გამოთქვა ქვეყანაში თავისი დიპლომატიური მისიის დაწყების გამო“.

ამავე უწყების თანახმად, ზაქარაშვილმა „ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის ტოლერანტობის მოდელის შესწავლისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე“.

გიორგი ზაქარაშვილი აზერბაიჯანში ელჩად 2026 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობს

კომიტეტი ასევე წერს: „ელჩმა ასევე მაღალი შეფასება მისცა აზერბაიჯანში რელიგიური თემების თავისუფალი საქმიანობისთვის შექმნილ ხელსაყრელ პირობებს“.

ელჩის ამ რეპლიკის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს. საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ზაქარაშვილის შეფასებები ნახსენები არ არის.

ბოლოს აღნიშნულია, რომ „შეხვედრაზე ასევე განიხილეს რელიგიური განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები“.

რას ამბობს საქართველოს საელჩო?

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ 11 ნოემბერს, – კომიტეტის გავრცელებული ცნობის შემდეგ, – გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც შეხვედრის თარიღისა და მონაწილეთა ვინაობის გარდა, მხოლოდ ეს წერია:

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დინამიკური განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები“.

„ასევე, საუბარი შეეხო რელიგიურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების მნიშვნელობას“.

სხვა დეტალები არ არის მითითებული.

რადიო თავისუფლება 12 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა შეკითხვით, იყო თუ არა განხილულ საკითხებს შორის კონკრეტულად ქურმუხის ტაძარი, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ასევე ნახეთ

ქურმუხის ტაძარი – რატომ დაუპირისპირდა აზერბაიჯანი საქართველოს საპატრიარქოს

ქურმუხის ტაძრის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ

ზაქარაშვილი-მამედოვის შეხვედრამდე თვე-ნახევრით ადრე, 24-25 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ გაცვალეს კრიტიკული განცხადებები.

ქურმუხის ტაძრის გარშემო ვითარება 2026 წლის სექტემბერში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფეისბუკგვერდმა „საინგილოს ახალგაზრდულმა მოძრაობამ“ ტაძრის შიგნით და გარეთ მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ფოტოები და ვიდეო გაავრცელა.

24 სექტემბერს საპატრიარქომ შეშფოთება გამოთქვა ტაძარში მიმდინარე სამუშაოების გამო.

ხედი გზიდან ქურმუხის წმინდა გიორგი ტაძრისკენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ფოტო

  • საპატრიარქოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქურმუხის ტაძარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ის საქართველოს ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია.
  • ეკლესიამ მოითხოვა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაედგინათ, რა სამუშაოები მიმდინარეობდა ტაძარში, რა კვლევებს ეფუძნებოდა ისინი, ვინ ახორციელებდა და როგორ იყო უზრუნველყოფილი ძეგლის დაცვა.
  • საპატრიარქოს შეფასებით, ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი სამუშაოები ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსაც უარყოფითად შეიძლება ასახვოდა.

მეორე დღეს საპატრიარქოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კრიტიკით გამოეხმაურა. ბაქომ ძეგლი „კურმუკის ტაძრად“ მოიხსენია; მისი ინტერპრეტაციით, საპატრიარქოს რიტორიკაში აზერბაიჯანის „ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები“ იკვეთებოდა.

საგარეო უწყებამ ქართულ მხარეს მოუწოდა, თავი შეეკავებინა ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ორ ხალხს შორის ურთიერთობებს დააზიანებდა.

ასევე ნახეთ

საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანს მიმართავს ქურმუხის ტაძრისადმი „მიუღებელი“ დამოკიდებულების თაობაზე
  • ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კახის რაიონში, ისტორიულ ჰერეთში მდებარეობს;
  • საქართველოს საპატრიარქო და სახელმწიფო მას ქართული ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლად მიიჩნევენ, აზერბაიჯანის ხელისუფლება კი ტაძარს „ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობას“ მიაკუთვნებს, – მსგავსად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსისა;
  • ტაძარი ძირითადად უმოქმედოა და წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გიორგობის დღესასწაულებზე, 6 მაისსა და 23 ნოემბერს იხსნება;
  • აზერბაიჯანის 2019 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, აზერბაიჯანში 8400 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, – ძირითადად კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში;
  • ადგილობრივ ქართველთა ნაწილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში სამოქალაქო და რელიგიური უფლებების შეზღუდვაზე მიუთითებდა.