ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით მასირებული შეტევისა და ერთ-ერთ საწარმოში ხანძრის შესახებ განაცხადა. უკრაინული და რუსული წყაროების ცნობით, ეს საწარმო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკაა".
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ ხანძრებია ქალაქ ვოლგოგრადის სამხრეთის სამრეწველო ზონაში მდებარე საწარმოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. ბოჩაროვს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
- „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ქალაქ ვოლგოგრადის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
მონიტორინგის უკრაინული არხების, Supernova+-ის და Exilenova+-ის ინფორმაციით, დრონებით შეტევა სწორედ ამ ქარხანაზე იყო. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების მიხედვით, გვიან ღამით ქალაქის ავტოგასამართ სადგურებთან რიგები დადგა საწვავის მომარაგების მიზნით.
დრონებით შეტევის შედეგად ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრის რამდენიმე კერა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მაც დაადასტურა თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე.
ვოლგოგრადის ავტოგასამართ სადგურებთან საწვავის მარაგის შევსების მსურველთა პირველი რიგები გაჩნდა ჯერ კიდევ შეტევის დასრულებამდე.
- „ლუკოილის“ ვოლგოგრადის ქარხანა, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია, ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო საწვავს, მაზუთს და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს და რუსეთის სამხრეთ რეგიონებს ამარაგებს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას ადრეც არაერთხელ დაარტყეს, მათ შორის 2026 წლის ოქტომბრის დასაწყისში.
ასევე ნახეთ
უკრაინამ დაადასტურა ორ კვირაში რუსეთის ათამდე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა- უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წელს უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
- უკრაინა აცხადებს, რომ ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.
2026 წლის ოქტომბერში უკრაინამ გარკვეული ხნით შეაჩერა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევა, რასაც წინ უძღოდა ცნობები, რომ ამას კიევისგან აშშ მოითხოვს და პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ე.წ. ენერგეტიკული ზავი, რომლის მიუხედავად რუსეთს არ შეუწყვეტია უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმები.
ასევე ნახეთ
ზელენესკი: უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებსოქტომბრის მეორე ნახევარში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევები განაახლეს.
12 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 30 ოქტომბრიდან რუსეთში დაარტყეს ათამდე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, მათ შორის რუსეთის ყველაზე მძლავრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ხუთეულში მყოფ ომსკის, კირიშის, რიაზანის, ნიჟნი-ნოვგოროდის და იაროსლავლის ქარხნებს.
თავის მხრივ, რუსეთი განაგრძობს ინტენსიურ შეტევებს უკრაინის ენერგოობიექტებზე.