რუსული მხრიდან ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი გალუზინი იქნება - „იზვესტია“

მიხაილ გალუზინი (მარცხნივ) და გიორგი ზურაბაშვილი (ფოტოკოლაჟი)

რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან „კონტაქტი უკვე დამყარებულია“.

მოსკოვს ზურაბაშვილთან მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს.

„გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დავამყარეთ. მისი რუსი ვიზავიც განსაზღვრულია - ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას“, - განუცხადეს გამოცემას რუსეთის საგარეო უწყებაში.

ასევე ნახეთ

მოსკოვი თბილისს დიპლომატიური ურთიერთობების „აღდგენის სარგებელზე დაფიქრებისკენ“ მოუწოდებს

სამინისტროს ინფორმაციით, მომლაპარაკებლები ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურული გაცვლების გაფართოებაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს - მათ შორის, სოფლის მეურნეობის უწყებების წარმომადგენლები აგროპროდუქციის ორმხრივი მიწოდების გამარტივებაზე მუშაობენ.

ასევე ნახეთ

რუსულმა „როსსელხოზნადზორმა“ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა

რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა: შედგა თუ არა უკვე კონტაქტი ზურაბაშვილსა და გალუზინს შორის და, თუ საუბარი შედგა, რა საკითხები განიხილეს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

რუსეთის საგარეო უწყება ახალ ფორმატს 2012 წელს დაწყებული დიალოგის გაგრძელებად განიხილავს. მაშინ მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მართავდნენ. მათი შეხვედრები ძირითადად პრაღაში იმართებოდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ზურაბ აბაშიძე დაინიშნა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

ზურაბაშვილის დანიშვნა

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად 2026 წლის 21 ოქტომბერს დანიშნა. ზურაბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაც შეინარჩუნა.

ასევე ნახეთ

ზახაროვას მხარდაჭერა ფარცხალაძის ფონდს, პუტინის მადლობა მის თანამოაზრეს

მისი წარდგენისას კობახიძემ პრიორიტეტებად დაასახელა რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგი. ამავე დროს, განაცხადა, რომ ურთიერთობებში ახალი ეტაპი არ იწყება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ბარიერი უცვლელია.

სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო 2025 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც პოსტი გიორგი ქაჯაიამ დატოვა. ქაჯაიამ ამ თანამდებობაზე 2024 წელს ზურაბ აბაშიძე შეცვალა.

ასევე ნახეთ

„ევროკავშირი საქართველოსთან ულტიმატუმებისა და მუქარის ენას ამჯობინებს“ - კალუგინი

დიპლომატების კრიტიკა

ზურაბაშვილის დანიშვნა და სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება გააკრიტიკა „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებამ“, რომელიც სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს აერთიანებს.

ორგანიზაციის განმარტებით, ამ თანამდებობას აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი არ იკავებდა, წარმომადგენლის მანდატი კი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით შემოიფარგლებოდა. ორგანიზაციის შეფასებით, მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ ფუნქციის დაკისრება შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად ჩაითვალოს.

ასევე ნახეთ

„უნდა ვმონაწილეობდეთ“ - ქართველი ექსპერტი მოსკოვში „3+3“ ფორმატის შეხვედრას დაესწრო

„დიპლომატთა საზოგადოება“ განსაკუთრებით სახიფათოდ მიიჩნევს მანდატში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხის შეტანას. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს ალტერნატივას უქმნის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას აზიანებს.