აშშ-ის საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო

„სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“ - აშშ-ის საელჩო

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ახლადდაარსებული „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო.

საელჩო ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურას“.

რა კითხვებს უპასუხა საელჩომ

რადიო თავისუფლებამ აშშ-ის საელჩოს შეკითხვით მიმართა 22 ივლისს, - მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ლადო ბოჟაძისადმი შეურაცხმყოფელი ფეისბუკპოსტის გამო 15 დღით დააპატიმრეს ჟურნალისტი ვახო სანაია.

ასევე ნახეთ

"წმინდა ავტორიტარული პარანოიაა" - გამოხმაურებები ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებაზე

კითხვები ასე იყო ფორმულირებული:

  • „შეგიძლიათ თუ არა, კომენტარი გააკეთოთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, ვახო სანაიას, ორკვირიან პატიმრობაზე - აღნიშნული საფუძვლის გამო;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ უკვე დაამუშავა ათეულობით საქმე, სადაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისა და კომენტარების გამო მოქალაქეები დააჯარიმეს, და საქართველოს სასამართლოები მსგავს საქმეებს თითქმის ყოველდღიურად განიხილავენ;
  • იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააკრიტიკა თავისი ევროპელი მოკავშირეები გამოხატვის თავისუფლების აღქმული შეზღუდვების გამო, როგორ აფასებს აშშ-ის საელჩო საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მოპყრობა“.

ასევე ნახეთ

"ვსქროლავთ თუ არ ვსქროლავთ, ფაქტი სახეზეა" - რას, ვის და როგორ ეძებს შსს სოციალურ ქსელებში

„ვეწინააღმდეგებით ცენზურას“ - საელჩო

„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“, - წერილობით განუცხადა აშშ-ის საელჩოს სპიკერმა რადიო თავისუფლებას 28 ივლისს.

„როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს - იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს“, - მოგვწერეს საელჩოდან.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, - განაცხადეს საელჩოში.

ასევე ნახეთ

„ოცნება“ „იდეოლოგიურ თანხვედრად“ წარმოაჩენს ბოჭორიშვილის მონაწილეობას ვაშინგტონის მინისტერიალში „ტერორიზმის წინააღმდეგ“

იშვიათი კომენტარი საელჩოსგან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის საელჩოს მხრიდან ეს არის პირველი საჯარო შეფასება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე პრაქტიკა არის გაკრიტიკებული.

ეს განცხადება რადიო თავისუფლებაში 28 ივლისის დილას პირველად შუქდება - ამ მომენტისთვის „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს საპასუხო კომენტარი არ აქვთ გაკეთებული. სავარაუდოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვაშინგტონის გზავნილს დღის განმავლობაში გამოეხმაურებიან.

აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებისა და 2025 წლის 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ, - ამ დრომდე, - ოფიციალური თბილისი აცხადებდა, რომ ვაშინგტონისგან ორმხრივი ურთიერთობების „გადატვირთვას“ ელოდა და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინს გამოხატავდა.

ასევე ნახეთ

„გვესმის საქართველოს გადაწყვეტილება“ - რა გვიპასუხა ჩინეთის საელჩომ ანაკლიის პორტზე დასმულ შეკითხვებზე
  • 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, - რის პარალელურადაც თბილისმა პეკინთან დაიწყო ურთიერთობების გაღრმავება.
  • ურთიერთობები თბილისსა და ვაშინგტონს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ, მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.
  • საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა - ჯამში, საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა.
  • ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოშიც.

ასევე ნახეთ

"შეკითხვა პრემიერს მიემართება" - აშშ-ის საელჩო კობახიძის მიერ ყოფილი ელჩის "პოლიტიკურ ტერორში" დადანაშაულებაზე

ვახო სანაიას დაპატიმრება

გასულ კვირაში, 23 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულის“ ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაპატიმრება დაგმეს ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია).

  • სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 22 ივლისს შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ.
  • მან ვახო სანაია სამართალდამრღვევად ცნო პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის.
  • პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის სასამართლოს შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
  • სანაიას ორი კვირით დაპატიმრებას წინ უძღოდა მისი დაჯარიმება. 10 ივლისს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ვახო სანაია 6000 ლარით დააჯარიმა ფეისბუკზე გამოქვეყნებული ტექსტის გამო, რომ „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.
  • ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოჰყვა ვახო სანაიას მიერ დაჯარიმების შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტს: „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“.

ასევე ნახეთ

სენატორი შაჰინი და კონგრესმენი უილსონი ვახო სანაიას დაპატიმრებას გმობენ

ასევე ნახეთ

თბილისის საკრებულოსთან დააკავეს დემონსტრანტი