გერმანიაში 17-45 წლის მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა შეეზღუდათ? - რას გულისხმობს გერმანიის ახალი სამხედრო კანონი

გერმანიის არმიის ჯარისკაცები

გერმანიაში ახალი სამხედრო კანონი ფართო დისკუსიის საგნად იქცა: 17-45 წლის მამაკაცებს, რომლებიც უცხოეთში სამ თვეზე მეტხანს აპირებენ ყოფნას, შესაძლოა ბუნდესვერის ნებართვა დასჭირდეთ. რა დგას ამ წესის უკან და ნიშნავს თუ არა ეს რეალურად ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვას?

გერმანიაში მამრობითი სქესის მოქალაქეებს 17-დან 45 წლამდე, მოუწევთ ნებართვის მიღება ბუნდესვერიდან (თავდაცვის სამინისტრო), თუ კი ისინი ქვეყნიდან სამ თვეზე მეტი ხანით გასვლას გეგმავენ. ასეთია 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის მოთხოვნა. სოციალურ ქსელებში ზოგიერთმა კრიტიკოსმა ამ ახალ ზომას „ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა“ უწოდა.

როგორც ექსპერტები განმარტავენ, სამხედრო სამსახურის მოდერნიზაციის კანონი, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევიდა, მიზნად ისახავს თავდაცვის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეებისა და უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის ფონზე.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ 17-დან 45 წლამდე მამაკაცები ახლა ვალდებულნი არიან წინასწარ მიიღონ ნებართვა საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ხნით ყოფნისთვის.

როგორც ექსპერტები შენიშნავენ, კანონის მიღებისას ამ დებულებას ცოტა ვინმემ მიაქცია ყურადღება, ხოლო ფართო საზოგადოებრივი დისკუსია მხოლოდ რამდენიმე დღის წინ (3 აპრილს) დაიწყო, როდესაც ამის შესახებ გაზეთმა Frankfurter Rundschau-მ დაწერა.

ასევე ნახეთ

გერმანია ბალტიაში სამხედრო წვრთნებს ატარებს რუსეთთან დაძაბულობის ფონზე

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ამ შეზღუდვის მიზანია სამხედრო აღრიცხვის საიმედო და ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა: „საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ შეიძლება იმყოფებოდეს საზღვარგარეთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“.

უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ახალგაზრდებისთვის კანონის ამ მოთხოვნის შედეგები შესაძლოა „მნიშვნელოვანი იყოს“ და, რომ მუშავდება გამონაკლისებთან დაკავშირებული წესები „მათ შორის იმისთვისაც, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ბიუროკრატია“.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი დევს გერმანიის 1956 წლის სამხედრო ვალდებულების კანონში, რომელიც რამდენჯერმე შეიცვალა, მათ შორის ბოლოს 2025 წლის დეკემბერში. ბოლო ცვლილებამდე საზღვარგარეთ ხანგრძლივი ყოფნის შესახებ შეტყობინების ვალდებულება მოქმედებდა მხოლოდ იმ პერიოდებში, როდესაც გერმანია ეროვნული თავდაცვის ან მობილიზაციის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია (BBC) წერს, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი დებულება „ცივი ომის დროსაც მოქმედებდა და მას პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონია“.

„პისტორიუსი უნდა გადადგეს“

“გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უნდა გადადგეს სკანდალის შემდეგ, რომელიც სამხედრო სამსახურის ახალი წესის შემოღებამ გამოიწვია. ის ფაქტი, რომ მამაკაცებისთვის სავალდებულოა ბუნდესვერისგან ნებართვა საზღვარგარეთ ყოფნისთვის, გვახსენებს გდრ-ისა და ბერლინის კედლის ეპოქას. ამას არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან ან თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგთან“, - განაცხადა 5 აპრილს გერმანელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სარა ვაგენკნეხტმა (პარტიის „სარა ვაგენკნეხტის კავშირის“ დამფუძნებელმა) სააგენტო AFP-თან საუბრისას. პოლიტიკოსის აზრით, პისტორიუსი „უნდა გადადგეს ამ აღმაშფოთებელი სამართლებრივი მდგომარეობის გამო“.

როგორც “დოიჩე ველე” (DW) წერს, დამატებითი განმარტებები მოითხოვეს „მწვანეებმა“ და „მემარცხენე პარტიამ”.

„მწვანეთა ალიანსის“ წარმომადგენელმა სარა ნანიმ გაზეთ Die Welt-ს უთხრა, „მოქალაქეების უფლებაა, რაც შეიძლება მალე გაიგონ, აქვთ თუ არა რამე სახის ანგარიშვალდებულება და თუ აქვთ - რა სახის“.

ბორის პისტორიუსი

ახალი კანონი გააკრიტიკა ოპოზიციურმა „მემარცხენე პარტიამაც”. ბუნდესტაგის დეპუტატმა დეზირე ბეკერმა განაცხადა, რომ ახალი კანონი „უბრალოდ ცუდად არის შედგენილი“.

DW-ის მიხედვით, ოპოზიციური პარტიის, „გერმანიის ალტერნატივის“ თავდაცვის პოლიტიკის წარმომადგენელმა, რუდიგერ ლუკასენმა ხელისუფლებას მოუწოდა, „შეიმუშაოს პრაგმატული გადაწყვეტა, რომელიც არ შექმნის გადაჭარბებულ ბიუროკრატიულ ტვირთს და არასაჭირო მოთხოვნებს ახალგაზრდებისთვის“.

გერმანიის მმართველი კონსერვატიული ბლოკისა (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის) და ბუნდესტაგის დეპუტატი, თომას ერნდლი კი გამოვიდა კომპრომისული ინიციატივით: “სანამ სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითია, საზღვარგარეთ მოგზაურობის ნებართვის მიღების ფორმალური პროცედურა არ უნდა არსებობდეს. მის ნაცვლად შეიძლება დაწესდეს „შეტყობინების ვალდებულება“.

4 აპრილს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ მამაკაცებს არ დასჭირდებათ ბუნდესვერთან შეთანხმება ქვეყნიდან ხანგრძლივი გასვლისთვის. როგორც სამინისტროში განმარტეს, ამჟამად ეს დებულება აქტუალური არ არის: ქვეყანაში სამხედრო სამსახური კვლავ ნებაყოფლობითია, შესაბამისად ნებართვა ავტომატურად გაიცემა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ასევე დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნორმებში დამატებით დაზუსტებებს შეიტანენ, - წერს საინფორმაციო სააგენტო DPA, რომელსაც უწყების წარმომადგენელმა უთხრა: „ადმინისტრაციული დებულებებით დავაზუსტებთ, რომ ნებართვა გაცემულად ჩაითვლება, როდესაც სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითია“.

ასევე ნახეთ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინს მშვიდობა სურს

ნებაყოფლობითი სამსახური

შეტყობინების ვალდებულება (რომ ქვეყანას ტოვებ სამზე მეტი თვით) ნაწილია როგორც სამხედრო ვალდებულების კანონში შესული ცვლილებებისა (ძალაში შევიდა 2026 წლის 1 იანვრიდან), ასევე რეფორმების პაკეტისა, რომელიც მომდევნო ათი წლის განმავლობაში ბუნდესვერის რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს - ამჟამინდელი 184 ათასიდან 255-270 ათას სამხედრო მოსამსახურემდე.

ვარაუდობენ, რომ გერმანიის ყველა მოქალაქეს, რომელიც 2008 წელს ან შემდეგ დაიბადა, მოუწევს ანკეტის შევსება, სადაც მას ჰკითხავენ სამხედრო სამსახურის გავლის მზადყოფნის შესახებ. ბიჭებისთვის ასეთი ანკეტები სავალდებულო იქნება, გოგონებისთვის - ნებაყოფლობითი. მხოლოდ ისინი, ვინც განაცხადებენ, რომ მზად არიან გაიარაონ სამსახური, დაექვემდებარებიან ბუნდესვერში გაწვევას.

რეფორმის დეტალები

გერმანიის ბუნდესტაგმა 2025 წლის 5 დეკემბერს, სახელობითი საბოლოო კენჭისყრის შედეგად, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში — ბუნდესვერში — გაწვევის რეფორმას ეხება. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 323-მა დეპუტატმა, 272 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის ინიციატივა ითვალისწინებს სავალდებულო სამედიცინო კომისიის დაბრუნებას მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფებისთვის. 2027 წლის ივლისიდან სამედიცინო შემოწმებას გაივლის ყველა გერმანელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დაიბადა 2008 წლის შემდეგ. ყოველწლიურად ეს პროცედურა დაახლოებით 300 ათას ახალგაზრდას შეეხება.

2026 წლიდან კი 18 წელს მიღწეულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ ანკეტა, სადაც უპასუხებენ კითხვებს ფიზიკური მომზადებისა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის მზადყოფნის შესახებ. გოგონებსაც შეეძლებათ ანკეტის შევსება და სურვილის დაფიქსირება, თუმცა მხოლოდ საკუთარი ნებით, რადგან გერმანიის ძირითადი კანონის მიხედვით სამხედრო სამსახურის ვალდებულება მხოლოდ მამაკაცებზე შეიძლება გავრცელდეს.


ასევე ნახეთ

ბრიტანეთის და გერმანიის სამხედრო მეთაურები ევროპაში რუსეთის თავდასხმის შესახებ გაფრთხილებით გამოდიან

როგორც ექსპერტები ამბობენ, რეფორმაზე გავლენას ახდენს როგორც ნატოს ახალი მოთხოვნები სამხედრო პერსონალის რაოდენობის შესახებ, ასევე რუსეთისგან მომდინარე გაზრდილი საფრთხე. ამ მოთხოვნების თანახმად, 2035 წლისთვის გერმანიამ უნდა შეძლოს კრიზისის ან ომის შემთხვევაში დაახლოებით 460 ათასი სამხედრო მოსამსახურის მობილიზება. თავდაცვის მინისტრი, პისტორიუსი გეგმავს ბუნდესვერის პირადი შემადგენლობის გაზრდას ამჟამინდელი 183 ათასი მოქმედი სამხედრო მოსამსახურიდან დაახლოებით 260 ათასამდე და რეზერვის გაფართოებას 200 ათას ადამიანამდე.

თუ ბუნდესვერის პირადი შემადგენლობის სასურველ რიცხვამდე გაზრდის გეგმები ვერ შესრულდება, შესაძლოა შემოიღონ ე.წ. „საჭიროების მიხედვით გაწვევის“ მექანიზმი, რომელმაც უნდა შეავსოს სხვაობა შეიარაღებული ძალების საჭიროებებსა და რეალურად არსებულს შორის. იურისტთა თქმით, ამ მექანიზმის ამოქმედებისთვის საჭირო იქნება ბუნდესტაგის ცალკე გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში ახალწვეულებს შეარჩევენ კენჭისყრით (ლოტოტრონით) ან სხვა რომელიმე მექანიზმით.

ახალი კანონი ითვალისწინებს ახალგაზრდა მამაკაცებისთვის სავალდებულო სამედიცინო შემოწმების სწრაფად დანერგვას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, ნებაყოფლობით საფუძველზე იგეგმება რეკრუტების მიზიდვა, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს ბუნდესვერის რაოდენობა. ექსპერტთა თქმით, თუ ამ გზით დაგეგმილი მაჩვენებლები ვერ შესრულდება, შესაძლოა განხილული იქნას სავალდებულო სამსახურის შემოღებაც.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში 2025 წელს ბუნდესვერი დაახლოებით 15 ათას ახალ სამხედრო მოსამსახურეს ელოდება. რეფორმის შემდეგ — ანუ 2026 წლიდან — მათი რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3-5 ათასით უნდა გაიზარდოს. გერმანიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მათი ნაწილი მოგვიანებით არმიაში უფრო ხანგრძლივი ვადით დარჩენას გადაწყვეტს. გარდა ამისა, გერმანის ხელისუფლება რეზერვისტების რაოდენობის გაზრდასაც გეგმავენ.

ასევე ნახეთ

100 მილიარდი ევრო ბუნდესვერის ყველაზე ძლიერ ევროპულ არმიად გადასაქცევად - რას გეგმავს გერმანია?

2025 წლის დეკემბერში კანონის მიღებას გერმანიის ბევრ ქალაქში, მათ შორის ბერლინში, ჰამბურგში, დიუსელდორფში, დრეზდენსა და მიუნხენში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. საზოგადოებას ქუჩის დემონსტრაციებზე გასვლისა და ბუნდესვერის რეფორმის გაპროტესტებისკენ მოუწოდა ინიციატივამ „სასკოლო გაფიცვა სამხედრო ვალდებულების წინააღმდეგ“ (Schulstreik gegen Wehrpflicht).

„ჩვენ არ გვინდა, საზარბაზნე ხორცად ვიქცეთ... არ ვაპირებთ ჩუმად ვუყუროთ, როგორ გვაიძულებენ ჩვენ და ჩვენს მეგობრებს კენჭისყრით მოვკლათ და მოგვკლან“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ Instagram-ში გავრცელდა.

ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა სკოლის მოსწავლეთა ფედერალურმა კონფერენციამ (BSK), რომელმაც სკოლების ხელმძღვანელობას მოუწოდა, მოსწავლეები გაათავისუფლონ გაკვეთილებიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. ეს უნდა გაკეთდეს იმის მიუხედავად, მხარს უჭერენ თუ არა მოსწავლეები გაფიცვას, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ემი კირხჰოფმა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლების - შეკრების თავისუფლების განხორციელება“, - აღნიშნა კირხჰოფმა. მისი აზრით, პოლიტიკური პროცესების პრაქტიკულად გაცნობა ახალგაზრდებისთვის „უფრო სასარგებლოა, ვიდრე ერთი სასწავლო დღე“.

საბოლოოდ, როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, გერმანიის ახალი კანონი, რომელიც თავდაპირველად „გასვლის აკრძალვად“ იქნა აღქმული, რეალურად უფრო სამხედრო აღრიცხვის სისტემის გამკაცრებასა და თავდაცვისუნარიანობის ზრდას ემსახურება, ვიდრე მოქალაქეთა გადაადგილების პირდაპირ შეზღუდვას. მიუხედავად ამისა, ბუნდესვერის ნებართვის მოთხოვნა 17-45 წლის მამაკაცებისთვის აჩენს როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ კითხვებს და აძლიერებს დებატს უსაფრთხოებასა და ინდივიდუალურ თავისუფლებებს შორის ბალანსის შესახებ, რაც მომავალშიც დარჩება გერმანული პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად.