უიმედო ზიარება

გოგი გვახარია გვირჩევს ინგმარ ბერგმანის ფილმს, „ზიარება“.

„ზიარება“ (1963, შვედეთი, რეჟისორი ინგმარ ბერგმანი)


27 იანვარს ინგრიდ ტულინს 100 წელი შეუსრულდებოდა. შვედმა მსახიობმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი სახე კინოს ისტორიაში - ითამაშა სოფია ესენბეკის როლი ლუკინო ვისკონტის „ღმერთების დაღუპვაში“. თუმცა მაყურებლის წარმოდგენაში მაინც დარჩა, პირველ რიგში, როგორც ინგმარ ბერგმანის მუზა. მარტა ლუნდბერგი, მასწავლებელი ბერგმანის „ზიარებაში“, ის კინოსახეა, რომელმაც გაამდიდრა არა მარტო კინოხელოვნება, არამედ მთელი მეოცე საუკუნის მსოფლიო კულტურა.

„ზიარება“ ინგმარ ბერგმანის შემოქმედებითი აღმავლობის წლებშია გადაღებული და ცენტრალური ფილმია ე.წ. რწმენის ტრილოგიისა, რომელიც ბერგმანის ფილმოგრაფიაში პროტესტანტული რელიგიის კრიტიკულ გააზრებად ითვლება. „ზიარების“ გარდა, ტრილოგიაში შედის კიდევ ორი ფილმი: „როგორც სარკეში“ და „სიჩუმე“. თუკი პირველში ღმერთის არსებობა მტკივნეულ ეჭვს უკავშირდება, ამიტომ ჯერ კიდევ არის დარჩენილი ადგილი იმედისთვის, „ზიარებაში“ ეს ადგილი სინათლის სხივისთვის უკვე მთლიანად დახშულია. თანაც, „ღმერთის დუმილი“ აქ აღარაა მეტაფიზიკური საიდუმლო, რომლის ამოხსნას აქამდე მუდმივად ცდილობდნენ ინგმარ ბერგმანის გმირები. ღმერთის დუმილი ეთიკური პრობლემაა. თუკი „ხმას არ იღებს“, არ გვეკონტაქტება, მაშინ გამოდის, რომ იგი საერთოდ არ არსებობს. და თუკი არ არსებობს, რაღა დარჩება ამ სამყაროში სიბნელის, სიკვდილისა და მოახლოებული კატასტროფის გარდა?

ჩემი აზრით, „ზიარების“ დრამატურგია ყველაზე მეტადაა „გამოფიტული“ ბერგმანის შემოქმედებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფორმითაც სიკვდილს ჰგავს, თითქმის არ სუნთქავს, ცარიელი კონსტრუქციაა; მოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი, სივრცე მკაცრად შეზღუდულია, ხოლო დრო — ლიტურგიული რიტმის მიხედვით ორგანიზებული. ეს ფორმალური ასკეტიზმი ბერგმანს საშუალებას აძლევს, რელიგიური რიტუალი წარმოაჩინოს როგორც ფუნქციონირებადი, მაგრამ შინაარსს უკვე სრულიად გამოცლილი სისტემა, რომელიც ვეღარ შველის ინდივიდუალურ ტანჯვას და ვეღარ ანუგეშებს ადამიანს.

ასევე ნახეთ ინგმარ ბერგმანის ჩრდილში

ზიარების ჩატარება პრაქტიკულად ცარიელ ეკლესიაში ძალიან ჰგავს ოდნავ მოგვიანებით გადაღებულ “ბლოუ-აპს”, მიქელანჯელო ანტონიონის შედევრს, რომლის ფინალში ვხედავთ ჩოგბურთის თამაშს ბურთის გარეშე… “ზიარებაში” დაიდგა რიტუალი (ბერგმანის კიდევ ერთი ფილმის სათაური) აზრის გარეშე და მივიღეთ რიტუალისა და მისი მნიშვნელობის დაშორების ყველაზე მკაფიო მაგალითი, რომელშიც რელიგიური ჟესტი ღმერთის სრული დუმილის პირობებში იხატება… საბოლოო ჯამში კი, “ზიარება” გადაიქცევა არა იმდენად რწმენის დაკარგვის დრამად, რამდენადაც ადამიანური პასუხისმგებლობის მკაცრ, უკომპრომისო ანალიზად.

ბერგმანის ფილმი თითქოს მთლიანად აგებულია უარყოფაზე. უარყოფილია რწმენა, როგორც ნუგეში, ადამიანური თანაგრძნობის შესაძლებლობა და თვითონ სიყვარულიც კი. მაგრამ სიცარიელე იხატება არა სიჩუმეში (როგორ ტრილოგიის ფილმში “სიჩუმე”), არამედ ტანჯვისა და სასოწარკვეთილების გამომხატველ სიტყვებში.

და სწორედ აქ ჩნდება ინგრიდ ტულინის მარტა ლუნდბერგი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი “ბერგმანის ქალი”. მარტა ამბობს ყველაფერს, რასაც ბერგმანის სხვა გმირები მხოლოდ ფიქრობენ.

მარტა ფილმის მორალური ბირთვია. იგი ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც უარს ამბობს ილუზიაზე — როგორც რელიგიურზე, ასევე ემოციურზე. ეს როლი ურთულესია სათამაშოდ, რადგანაც მრავალ ემოციას იტევს და ზღვარი ამ ემოციებს შორის ფაქტობრივად გაუქმებულია. მე ვფიქრობ, ასეთი თამაში არა მარტო ბერგმანის ესთეტიკას უკავშირდება. ასეთივე ტექნიკას მიმართავს მსახიობი “ღმერთების დაღუპვაშიც”, სადაც მაყურებელის თანაგრძნობას იწვევს თავისი მონსტრი გმირის მიმართ.

ასევე ნახეთ ქართველების სიძე, „აგენტის შვილი“ და მათი პატარა კინომარგალიტი

“ზიარებაში” ტულინის ინტერპრეტაცია გამორჩეულია ყველანაირი პათოსის და მელოდრამატიზმის უარყოფით, და მკაცრად კონტროლირებული ექსპრესიულობით: სწორედ მარტა ხდება ფილმში პასუხისმგებლობის მატარებელი სუბიექტი, მაშინ როდესაც მღვდლის რწმენა პარალიზებულია. მარტა არ ითხოვს არც სიყვარულს და არც თანაგრძნობას. ის ითხოვს მხოლოდ სიმართლეს და საბოლოოდ სწორედ ღმერთისგან და რიტუალებისგან დაშორებული ქალი აღმოჩნდება ერთადერთი, ვისაც აქ რეალურად აქვს ადამიანის სიყვარულის უნარი. ბერგმანისთვის ქალის ასეთი სახე სრულიად ორგანულია, რადგანაც ქალები ბერგმანთან, როგორც წესი, არ არიან რწმენის ობიექტები, ისინი რწმენის კრიტიკოსები არიან.

ინგმარ ბერგმანი წერდა, რომ “ზიარება” მთლიანად აგებულია ორ თემაზე, ორ მოტივზე. ერთი - რელიგიურია, მეორე - სასიყვარულო. მარტა ამ ორი მოტივის ერთიანობაა. განსაცვიფრებელია გენიალური ოპერატორის, სვენ ნიუკვისტის კამერის დამოკიდებულება “ზიარების” ყველა პერსონაჟის, განსაკუთრებით კი მარტას მიმართ - თითქოს კამერა ნელ მოძრაობასაც კი მხოლოდ იმიტომ იწყებს, რომ სტატიკურობას, უფრო სწორად, პერსონაჟთა “სტატუირებას” გაუსვას ხაზი, ხოლო როდესაც კამერა რეალურად, თვალშისაცემად ამოძრავდება, მაყურებელი გრძნობს, რომ მზადდება რაღაც საგანგაშო, შოკისმაგვარი.

ინგრიდ ტულინის მარტას გარდა, “ზიარებაში” არის კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელიც ბერგმანის ფილმის ნახვის შემდეგ პირადად ჩემი ცხოვრების თავისებური თანამგზავრი გახდა - მაქს ვონ სიუდოვის იონასი. იონასი "ზიარების" გმირთან, სოფლის დაცარიელებული ეკლესიის მღვდელთან მიჰყავს ცოლს. მიჰყავს იმისთვის, რომ როგორმე მოუხსნას... ატომური ბომბის და მოახლოებული აპოკალიფსის შიში. მღვდელი თითქოს ახერხებს კიდევაც მის დაიმედებას. მაგრამ, აბა, როგორ დააიმედებს სხვას ადამიანი, რომელიც თავადაც უიმედოდ ცხოვრობს?

შეიძლება თუ არა ფუჭი ილუზიებით ადამიანების დაიმედება? შეიძლება თუ არა, ილუზიები და თავის მოტყუება გადარჩენის სტიმული გახდეს? ბერგმანის პასუხია - არა, არ შეიძლება!

აი, ამ პასუხის გამო უნდა ვუყუროთ სწორედ დღეს „ზიარებას“... და არა მარტო იმიტომ, რომ დიდ ინგრიდ ტულინს 100 წელი შეუსრულდებოდა.

ფილმის ორიგინალური ვერსია, ინგლისური სუბტიტრებით შეგიძლიათ იხილოთ აქ:

რუსულად დუბლირებული ვერსია:

ასევე ნახეთ …და ღმერთმა შექმნა ბრიჯიტ ბარდო