„ორნი“(სსრკ, 1965, რეჟისორი მიხაილ ბოგინი)
18 იანვარს 80 წელი გავიდა საბჭოთა და ამერიკელი მსახიობის, მწერლის, სცენარისტის, ვიქტორია ფედოროვას დაბადებიდან. ეს ქალი, რომელიც ულამაზესად ითვლებოდა საბჭოთა კინემატოგრაფიულ წრეებში, 2012 წელს შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. ჰოლივუდში გადაღებაც მოასწრო, წიგნებიც გამოსცა, თუმცა კინოს ისტორიაში დარჩა, როგორც მთავარი როლების შემსრულებელი მიხაილ ბოგინის ფილმებში „ორნი“ და „სიყვარულის შესახებ“.
მიხაილ ბოგინის პირველი მეუღლე, კინომცოდნე რუსუდან თიკანაძე (გურამ თიკანაძის და) ორი წლის წინ თბილისში გარდაიცვალა. მათ საერთო შვილი ჰყავთ, ეკატერინე, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. თავად მიხაილ ბოგინი საბჭოთა ემიგრაციის ე.წ. მესამე ტალღის წარმომადგენლად ითვლება - რეჟისორმა საბჭოთა კავშირი დატოვა 1975 წელს, მას შემდეგ, რაც მისი ფილმი „სიყვარულის შესახებ“ ცენზურამ თაროზე შემოდო. თუმცა ჰოლივუდში დამკვიდრება ვერ მოახერხა. ღამის დარაჯადაც კი მუშაობდა, როგორმე თავი რომ ერჩინა. მოგვიანებით, ბოგინი, რომელიც ამერიკაში ასთმისგან განიკურნა, იტყვის: „საბჭოთა კავშირში, ასე თუ ისე, ფილმების გადაღებას ვახერხებდი, მაგრამ სუნთქვა არ შემეძლო. ამერიკაში თავისუფლად ვსუნთქავ, მაგრამ გადასაღებ მოედანზე არავინ მიშვებს“.
„ასე თუ ისე“, მიხეილ ბოგინმა ორი შესანიშნავი ფილმი მაინც დაასრულა. „ორნი“ და „სიყვარულის შესახებ“ გაგაცნობთ მსახიობ ვიქტორია ფედოროვას, რომლის სახე აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. მოგვიანებით ბოგინი იტყვის, რომ „ორნის“ მწვანე შუქი აუნთო იმ ფაქტმა, რომ კრემლის ჩინოვნიკები ფედოროვას სილამაზით მოიხიბლნენ, ბრეჟნევის ვაჟმა კი აიკვიატა, ცოლად უნდა შევირთოო. თუმცა ვიქტორია ფედოროვას დრამატული ცხოვრების გაცნობის შემდეგ ამ ხალხმა არა მარტო უკან დაიხია, არამედ პრობლემებიც კი შეუქმნა ბოგინის ფილმების გაქირავებას.
ცნობილი საბჭოთა მსახიობი, სტალინის პრემიის ორგზის ლაურეატი ზოია ფედოროვა დააპატიმრეს, როდესაც მისი შვილი, ვიკა, ჯერ ერთი წლისაც არ იყო. ზოია გადაასახლეს, როგორც „აგენტი“, შეერთებული შტატების სამხედრო ატაშესთან, ჯეისონ ტეიტთან რომანის გამო. ჯეისონმა, რომელიც იმ დროისთვის უკვე დეპორტირებული იყო, არაფერი იცოდა ვიქტორიას დაკავების შესახებ. ამერიკაში მას არწმუნებდნენ, რომ ზოია ფედოროვა გათხოვდა.
ზოია ფედოროვამ ციხეში ცხრა წელი გაატარა. ვიქტორიას, რომელიც დეიდამ გაზარდა, სიმართლეს დიდხანს უმალავდნენ. დედა და შვილი ერთმანეთს 1955 წლის თებერვალში, ზოიას განთავისუფლების შემდეგ შეხვდნენ. სწორედ მაშინ შეიტყო ვიკამ მამის არსებობის შესახებ. კინემატოგრაფიის ინსტიტუტი დაამთავრა, ცნობილი მსახიობი გახდა, მაგრამ მამაზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ არც ვიკამ და არც დედამისმა არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ არა ჯეისონ ტეიტი. 1975 წელს ვიქტორიამ მაინც მოახერხა გამგზავრება შეერთებულ შტატებში, სადაც მამას შეხვდა და გათხოვდა ამერიკელ პილოტზე, ფრედერიკ პოიზე. ზოია ფიოდოროვა არაერთხელ სტუმრობდა შვილს და შვილიშვილს შტატებში.
1981 წლის 10 დეკემბერს 72 წლის მსახიობი ზოია ფედოროვა მოსკოვში, საკუთარ ბინაში მოკლული ნახეს. მკვლელობა დღემდე გამოუძიებელი დარჩა. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედოროვას ფულს სძალავდნენ - იმხანად მისი შვილი ვიქტორია კოსმეტიკური კომპანია Beauty Image-ის სახე იყო და დედას ეხმარებოდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გავრცელდა ფედოროვას მკვლელობის განსხვავებული ვერსია - კინემატოგრაფისტთა წრეებში ამტკიცებდნენ, რომ ბერიას საყვარელი მსახიობი "კაგებეს" აგენტებმა მოკლეს.
ვიქტორიას არ მისცეს უფლება, დასწრებოდა დედის დაკრძალვას სსრკ-ში. სამშობლოში ჩამოსვლა მან მხოლოდ „პერესტროიკის“ ეპოქაში შეძლო. ამ დროისთვის თაროდან მოხსნეს მიხაილ ბოგინის ფილმი „სიყვარულის შესახებ“, ხოლო ლატვიამ ბოგინის „ორნი“ დაასახელა ყველა დროის ათ საუკეთესო ლატვიურ ფილმს შორის.
დიახ, მიხაილ ბოგინის „ორნი“ რიგის კინოსტუდიაშია გადაღებული.
ბალტიის რესპუბლიკების ქალაქებში რუსები კინოს მაშინ იღებდნენ, როცა ევროპული გარემოს აღბეჭდვა სჭირდებოდათ (უფრო ხშირად, ანტიდასავლური შინაარსის ფილმებში). მაგრამ ამ შემთხვევაში რიგა არ არის მოგონილი ევროპული ქალაქის დეკორაცია. ქალაქი, რომელიც მიხაილ ბოგინის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ერთ-ერთი გმირია, ნამდვილად 60-იანი წლების რიგაა... რიგა, რომელიც ოკუპირებულია მოსკოვის მიერ, მაგრამ ჯერ მთლად არ ჰგავს საბჭოთა ქალაქებს. ფილმის ავტორისთვის პრინციპული იყო, თავისი გმირებისთვის სწორედ ასეთი ფონი შეექმნა - ბოგინი ხომ გვიამბობს ადამიანების შესახებ, რომლებიც საერთოდ არ ჰგვანან აგრესიულ, გაბოროტებულ, უსახო საბჭოთა მასის წარმომადგენლებს და გამოხატავს გარემოს, რომელიც ნელ-ნელა ქრება, იკარგება...
რიგაში თუ ნამყოფი ხართ, აუცილებლად იცნობთ ფილმში დანენშტერნების სახლს, ბაროკოს არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშს, „სამი ძმის“ არქიტექტურულ კომპლექსს, წმინდა იაკობის ტაძარს... ისტორიული ფონი აძლიერებს ფილმის რომანტიკულ ინტონაციას, განსაკუთრებით გამოხატულს ვიქტორია ფედოროვას სახეში, მის ყრუ-მუნჯ გმირში, ახალგაზრდა ქალში, რომელმაც სმენა ბავშვობაში, ქალაქის დაბომბვის დროს დაკარგა... როგორც თავად მიხაილ ბოგინი წერდა, ვიქტორია ფედოროვა ჰგავდა უცხოპლანეტელს, რომელიც მოითხოვს ფილმის მეორე გმირისგან, კონსერვატორიის სტუდენტი ბიჭისგან, მიაგნოს მასთან კომუნიკაციის ახალ ფორმას - უცხოს იმ სინამდვილისთვის, რომელშიც ცხოვრობდა საბჭოთა ადამიანი. ასე იქმნება ფილმში ორი განსხვავებული ენა, თავისებური კონტრაპუნქტი - ხმის, მუსიკის და, მეორე მხრივ, ჟესტის, მიმიკის ენა. ჟესტის ენა არ იცის მუსიკოსმა, ხოლო ქალს, რომელსაც არ ესმის, არ შეუძლია მოუსმინოს მუსიკას. ამის მიუხედავად, მათ შეუყვარდათ ერთმანეთი. დარჩებიან თუ არა ისინი ერთად?
მიხაილ ბოგინმა ფილმის გადაღება 1965 წელს დაასრულა. თითქმის იმ დროს, როცა ჩვენში მიხეილ კობახიძის „ქორწილის“ პრემიერა გაიმართა. კობახიძის და ბოგინის სტილის მსგავსებაზე იმხანად ბევრი წერდა. თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ, რომ ამ ორი ავტორის ცხოვრებაც თითქმის ერთნაირად გაგრძელდებოდა - ცენზურასთან ბრძოლაში, შემდეგ კი ემიგრაციაში, სადაც თავისუფლად ისუნთქებენ, მაგრამ კარგ კინოს ვეღარ გადაიღებენ.
ფილმის ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: (დიალოგი მინიმალურია).
ფორუმი