საბრძოლო დრონები ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფეთქებები და ახალი შეიარაღება

24 თებერვალს კიდევ ერთი დრონი ჩავარდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დე ფაქტო საზღვართან ახლოს.

ბოლო დღეებში ოკუპირებული აფხაზეთიდან ვრცელდება ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატების აფეთქებების შესახებ - ორ დღეში, სულ ცოტა, სამჯერ მოუწიათ გასასვლელის ჩაკეტვაც, მდინარე ფსოუზე. პარალელურად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში თავს დამრტყმელი დრონებით იწონებენ.

24 თებერვალს კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩავარდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გაგრის რაიონის სოფელ განთიადის [ცადრიპში] სანაპირო ზოლის ნაწილში, დე ფაქტო საზღვართან ახლოს - წერენ ადგილობრივი წყაროები და რუსეთის მედია.

ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც „მოფრინავდა ზღვის მხრიდან და მიემართებოდა სოჭის ადლერის რაიონისკენ“, - INTERFAX.RU „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის განმარტებას ეყრდნობა.

არ არის ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ.

საკურორტო დაბა ადლერი დამოუკიდებელ გეოგრაფიულ ერთეულად აღარ ითვლება. ის ქალაქ სოჭს ერთ-ერთი რაიონად მიაკუთვნეს.

24 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ფსოუს საკონტროლო-გამშვებმა პუნქტებმა" მუშაობა შეაჩერა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში უკრაინული დრონების სოჭზე თავდასხმას დაუკავშირეს.

საქართველო-რუსეთის საზღვარზე უკანონოდ მოქმედი „ფსოუს გამშვები პუნქტი“ ბოლო დღეებში, სულ ცოტა, სამჯერ ჩაკეტეს. იმავე მიზეზით - გამოაცხადეს საჰაერო განგაში და აამოქმედეს ანტისაჰაერო დაცვის სისტემები.

იმავე დღეს, სოჭის ადმინისტრაციამ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა ცნობები, რომ ქალაქი დრონების თავდასხმის საფრთხის წინაშეა. ხალხს აფრთხილებდნენ, რომ არ მისულიყვნენ ფანჯრებთან; დამალულიყვნენ ტუალეტში, საკუჭნაოში, ანდა ოთახში, რომლის ფანჯრებიც არ გადის ზღვაზე. ქუჩაში მყოფებს მოუწოდეს, სარდაფებში დამალულიყვნენ და გააფრთხილეს, რომ ავტომობილები თავშესაფრებად არ ივარგებდა. საგანგებო გაფრთხილება შეეხეო ნანახის ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების სოციალურ ქსლებში გამოქვეყნების აკრძალვას.

რამდენიმე საათში სოჭში განგაში მოხსნეს. მოსახლეობას უთხრეს, რომ უკრაინული დრონები ანტისაჰაერო სისტემებით წარმატებით გაუმკლავდნენ. თუმცა გაგრძელდა შეზღუდვები სოჭის აეროპორტში - ორი დღის განმავლობაში გადაიდო არაერთი რეისი. 23 თებერვალს აეროპორტი თითქმის 11 საათის განმავლობაში იყო გაჩერებული.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში დრონის ჩამოვარდნისა და აფეთქების შესახებ იუწყებიან
ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში დრონის ჩამოვარდნის შემდეგ მოქალაქეებს „სიმშვიდის შენარჩუნებისკენ“ მოუწოდებენ

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯერ ისევ იკვლევენ, რომელი ქვეყნის წარმოებისა და რა სახეობის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და აფეთქდა 23 თებერვალს, ასევე გაგრის რაიონში. მთის მასივში, მამძიშხის ერთ-ერთ მონაკვეთზე აფეთქებული დრონის ნამსხვრევები ექსპერტიზაზე გადააგზავნეს.

მედიის ცნობით, ნაპოვნია ნამსხვრევები, რომლებიც „წინასწარი ვერსიით, უპილოტო საფრენი აპარატისაა“.

23 თებერვალს გაგრის რაიონში დრონის ჩამოგდებისა და "ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტის" მუშაობის შეჩერების შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემები წარმატებით უმკლავდებიან ამოუცნობი საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთი საომარი საფრთხეების ზონაში პირველად 2025 წლის ზაფხულში აღმოჩნდა. მაშინაც ასე ითქვა, რომ საფრენი აპარატები სოჭისკენ იყო მიმართული.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი [24.02.2022] უკვე ოთხი წელია გრძელდება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ლიდერები ამაყობენ, რომ ეხმარებიან და მომავალშიც დაეხმარებიან „საუკეთესო პარტნიორს“ - რუსეთს, - რომელიც "მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტად" მიაჩნიათ.

სპეციალურ ვებგვერდიდან აფხაზებს ომში ისევ იწვევენ - ოფიციალური კონტრაქტებით, საგანგებო საბონუსე პირობებით:

  • ერთჯერადად 2 500 000 რუბლი [87 370 ლარი];
  • თვეში 210 000 რუბლი [7339 ლარი];
  • ბონუსად - რუსეთის მოქალაქეობის გარანტირებულად მიღება.
ასევე ნახეთ დრონები აფხაზეთის თავზე

ახალი დრონები ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში"

ბოლო დღეებში დრონებზე ლაპარაკობენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც, სადაც ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ე.წ. პრეზიდენტმა სამხედრო დანიშნულების დრონები გადასცა. ზუსტი რაოდენობა არსად არ ჩანს, თუმცა ფოტო-ვიდეო მასალების მიხედვით - რამდენიმე ათეული უნდა იყოს.

„გადმოცემული დრონები ჩვენს ქვედანაყოფებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო ოპერატიულად შეასრულონ დასახული ამოცანები, დახვეწონ რესპუბლიკის საზღვრების თვალთვალისა და დაცვის სისტემა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტექნიკა იქნება სანდო ინსტრუმენტი მშვიდობის და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში ოსეთის მიწაზე“, - განაცხადა ალან გაგლოევმა 20 თებერვალს, როცა ცხინვალში „თავდაცვის სამინისტროს“ შექმნის 33-ე წლისთავსა და „მამულის დამცველის დღეს“ აღნიშნავდნენ.

ფოტომასალების მიხედვით, სპეციალისტებმა კაბელიანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი დამრტყმელი დრონები ამოიცნეს.

ექსპერტმა გიგა ინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ უპილოტო საფრენ აპარატებს - კამიკაძე FPV - რუსეთის ქარხნებში აწარმოებენ, ისინი დაკომპლექტებულია “20-25 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელითა და 10-ინჩიანი ფრთებით” და “ასეთ დრონს, ოპტიკური კაბელის ხვიასთან ერთად, შეუძლია 1 ცალი 2 კგ-მდე წონის კუმულაციური ან მსხვრევადი მუხტის წაღება”.

ქმნის თუ არა ეს დრონები დამატებით საფრთხეს საქართველოს დანარჩენი ნაწილისთვის?

“ეს დრონები გააძლიერებს რუსეთის სამხედრო ბაზის საბრძოლო შესაძლებლობებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მაგრამ არც ამ დრონების გარეშე აკლდა იმ ბაზას ძალა, რომ 25 კილომეტრზე ემოქმედა. თან ისე ახლოს დგანან ტრასასთან [რუსეთის საოკუპაციო ნაწილები], რომ ამ მანძილის გადაფარვა 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნითაც შეუძლიათ”, - გვეუბნება სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის კაბელიანი დრონების ძლიერ და სუსტ მხარეებსაც ჩამოთვლის:

  • ამ დრონებს შეუძლიათ როგორც დაზვერვა, ასევე დარტყმა;
  • არ ექვემდებარებიან „ჩახშობას“, ანუ ელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედებას, რადგან „კაბელით ერთდება“;
  • კაბელი პრობლემებს ქმნის მთიან და ტყიან ზონებში და შესაბამისად, ამ დრონებს ეფექტიანი ფრენისთვის „სწორი და მოშიშვლებული“ სივრცე ესაჭიროება.


ვახტანგ კაპანაძე ვარაუდობს, რომ ცხინვალის რეჟიმი ამ დრონებს სწორედ დაზვერვისთვის გამოიყენებს - საოკუპაციო გამყოფ ზოლზე. თუმცა დრონებს ძლიერი დარტყმითი შესაძლებლობებიც აქვს.

გენერალ-მაიორი კაპანაძე გვეუბნება, რომ ოკუპირებული საქართველო მუდმივად უნდა ფიქრობდეს თავდაცვის ძალების უპილოტო საფრენი აპარატებით გაძლიერებაზე.

მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ვერ გაარკვია, რა სიმძლავრით მუშაობს 2022 წელს დაარსებული ქართულ-პოლონური დრონების საწარმო DELTA-WB, რომლის ნაწარმის პრეზენტაციაც 2023 წლის 27 იანვარს შედგა. მაშინ სტუმრებს „დელტა-ვებეს” წარმოებული დრონები FLYEYE [სადაზვერვო] და WARMATE-ი [ე.წ. კამიკაძე დრონი] წარუდგინეს და შედგა საცდელი ფრენაც.

"საწარმო წელიწადში ასეულობით დრონის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს", - აცხადებდა მაშინ თავდაცვის სამინისტრო, ამჟამად კორუფციისა და ფულის გათეთრებისთვის დაჭერილი ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის დროს.

საჩვენებელ ფრენას, პრემიერის რანგში, ირაკლი ღარიბაშვილიც ადევნებდა თვალს. ახლა ისიც დაპატიმრებულია - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის [ფულის გათეთრების] მუხლით.

2023 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „დელტა ვებეს“ დრონები თავდაცვის ძალებსაც გადასცეს. მას შემდეგ, წლებია, ქართული დრონების რეკლამირება აღარ მომხდარა თუ პრეზენტაციები აღარ გამართულა.

ასევე ნახეთ ქართული ჯარი - რა მდგომარეობაშია ის ახლა?