6 თვე ირანთან ომის დაწყებიდან: 4 რამ, რაც მომავალს განსაზღვრავს

თეირანი, 2026 წლის გაზაფხულზე, აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ. ფოტოს ავტორს, ჟურნალისტ იალდა მოაიერის 15-წლიანი ციხე აქვს მისჯილი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებიდან ექვსი თვის შემდეგ, ირანის კონფლიქტი კვლავ მოუგვარებელია. მიუხედავად სამხედრო დანაკარგებისა, ირანი ინარჩუნებს გავლენის ბერკეტს ჰორმუზის სრუტეზე.

რადიო თავისუფლებას ვაშინგტონელი ექსპერტები ეუბნებიან, რომ ომის მომავალი ოთხი მთავარი კითხვის პასუხებზე იქნება დამოკიდებული: რამდენ ხანს გაუძლებს ირანი ეკონომიკურ ზეწოლას? შეძლებს თუ არა დიპლომატია სამხედრო წარმატებების გრძელვადიან შეთანხმებად გარდაქმნას? რა ბედი ელის ჰორმუზის სრუტეს? და დაეხმარებიან თუ არა რუსეთი და ჩინეთი თეირანს ძალების მოკრეფასა და ქვეყნის აღდგენაში?

„ეკონომიკური შეტევა“

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის ყოფილი მოადგილე, გადამდგარი ვიცე-ადმირალი რობერტ ჰარვარდი, არსებულ ვითარებას „სტაბილურ მდგომარეობას“ უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ თეირანისთვის დრო იწურება.

„დრო მათი ყველაზე დიდი პრობლემაა,“ — უთხრა მან რადიო თავისუფლებას და დასძინა, რომ ხანგრძლივმა ეკონომიკურმა ზეწოლამ საბოლოოდ შეიძლება თავად ირანის ხელისუფლების მდგრადობას შეუქმნას საფრთხე.

ასევე ნახეთ

ომის ფონზე ირანი მძიმე ეკონომიკური კოლაფსისკენ მიექანება

სწორედ ყოველდღიური სოციალური და ეკონომიკური პრობლემები გახდა დეკემბერ-იანვარში მასობრივი დემონსტრაციების მიზეზი, რომლებიც ხელისუფლებამ ათასობით მომიტინგის მკვლელობითა და სასტიკი ძალადობით ჩაახშო.

24 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გამოაცხადა ირანის წინააღმდეგ ახალი ზომების პაკეტი, რომელსაც „ეკონომიკური შეტევა“ უწოდა და რომლის მიზანიც ირანის კიდევ უფრო იზოლირებაა. ბესენტი ამ საკითხს G20-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე დააყენებს 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს, ეშვილში (ჩრდილოეთი კაროლინა).

ჰარვარდის თქმით, ზეწოლა განსაკუთრებით სახიფათო გახდება, თუ თეირანს გაუჭირდება ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC), ბასიჯის მილიციისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაფინანსება, ან თუ რიგითი ირანელები საწვავისა და სხვა აუცილებელი საქონლის დეფიციტს შეეჯახებიან.

მისი შეფასებით, ზამთარში ეს ზეწოლა განსაკუთრებით მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს.

ამ გათვლაში ჩინეთი ცენტრალურ როლს თამაშობს.

ასევე ნახეთ

რა მოხდება, თუ ჩინეთს ამ თამაშში ჩართვა არ სურს? აშშ-ის სანქციების კამპანიის უდიდესი გამოცდა

„დემოკრატიების დაცვის ფონდის“ (FDD) ეკონომიკური და ფინანსური ძალაუფლების ცენტრის ხელმძღვანელი ელეინ დეზენსკი აღნიშნავს, რომ ჩინეთისა და ირანის ეკონომიკური ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ არის ალიანსი კლასიკური გაგებით.

მისი თქმით, ირანის ექსპორტირებული ნავთობის დაახლოებით 80% ჩინეთში მიემართება, მაგრამ ირანული ნავთობი ჩინეთის ნედლი ნავთობის იმპორტის მხოლოდ 12–13%-ს შეადგენს.

„თუ ჩინეთი ირანული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს, ამას უზარმაზარი გავლენა ექნება,“ — ამბობს დეზენსკი. თუმცა პეკინი ჯერჯერობით ეწინააღმდეგება აშშ-ის ზეწოლას თეირანთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხში.

პრობლემას გრძელვადიანი ფინანსური განზომილებაც აქვს. ირანული ნავთობის იუანში გაყიდვა და დოლარის სისტემის გარეთ მოქმედი გადახდის მექანიზმების გამოყენება ალტერნატიული ფინანსური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ასევე ნახეთ

სკოტ ბესენტი ირანზე: ხაზინა გააგრძელებს რეჟიმის მხარდამჭერი ყველა სასიცოცხლო ხაზის ჩაჭრას

„ის, თუ როგორ ახორციელებს ირანი ამ ტრანზაქციებს და როგორ უჭერს მხარს ჩინეთი მათ, წარმოადგენს მცდელობას, შეასუსტონ ამერიკული დოლარის როლი გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე,“ — ამბობს დეზენსკი.

მოაგვარებს კონფლიქტს დიპლომატია?

მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამხედრო მოქმედებები გამორიცხული არ არის, ოფიციალური პირები მიანიშნებენ, რომ სამხედრო ოპერაციებმა, შესაძლოა, უკვე მიაღწია ეფექტიანობის ზღვარს — სხვა სიტყვებით, მნიშვნელოვანი სამიზნეები თითქმის აღარ დარჩა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ივნისში განაცხადა, რომ ირანის სამხედრო-სამრეწველო ბაზამ „მასშტაბური განადგურება“ განიცადა და მისი შესაძლებლობების 80–90% დაკარგულია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაპირველად თქვა, რომ ირანის რაკეტებისა და გამშვები დანადგარების 90% განადგურდა, მოგვიანებით კი ეს მაჩვენებელი 82%-ით შეაფასა. მისი თქმით, ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტიც პრაქტიკულად განადგურებულია.

ასევე ნახეთ

ირანთან შეთანხმების ყურადღების ცენტრში ირანელები უნდა იყვნენ - პოლიტიკური ანალიტიკოსი, ელიზაბეტ კენედი ტრუდო

თუმცა დარჩენილი შესაძლებლობები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაცია კვლავ პრობლემად დარჩეს.

ბრედლი ბოუმანი, FDD-ის სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრის უფროსი დირექტორი, მიიჩნევს, რომ მთავარი განსხვავება სამხედრო დასუსტებასა და მდგრად პოლიტიკურ შედეგს შორისაა.

„ამერიკას ახლო აღმოსავლეთში მუდმივად უჭირდა ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებების მდგრად და პოზიტიურ პოლიტიკურ შედეგებად გარდაქმნა,“ — უთხრა მან რადიო თავისუფლებას. — „ხშირად ვიმარჯვებთ ბრძოლის ველზე და ვმარცხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან.“

მისი თქმით, ირანში მდგრადი პოლიტიკური ტრანსფორმაცია თავად ირანელებზეა დამოკიდებული. ამასთან, ვაშინგტონს არ აქვს პოლიტიკური ნება, ირანში ათიათასობით სამხედრო გაგზავნოს და ასეთი ოპერაციის მსხვერპლი იტვირთოს.

ბოუმანის შეფასებით, ომმა ასევე წარმოაჩინა, რამდენად დიდია აშშ-ის შეიარაღების ხარჯი და რამდენად საკმარისია შეტევითი და თავდაცვითი საბრძოლო მასალა სხვა პოტენციური კონფლიქტებისთვის.

ირანიდან ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალები მოდის.

ზოგიერთი ძალა, მათ შორის IRGC, არ ჩქარობს მოლაპარაკებების დაწყებას აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე. ამავდროულად, სასულიერო ხელმძღვანელობის სხვა გავლენიანი წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ეკონომიკურ სირთულეებზე და დიპლომატიის აღდგენის აუცილებლობაზე.

ჰორმუზი — ირანის მთავარი ბერკეტი

ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის სტრატეგიული კვლევების ცენტრის პროფესორის, გავდატ ბაჰგატის აზრით, ბოლო ექვსი თვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ ჰორმუზის სრუტე ირანისთვის მოლაპარაკების მთავარ ბერკეტად იქცა.

„თუნდაც დროებითი შეთანხმება გაფორმდეს, ის მაინც დროებითი იქნება. მომავალში ირანი სრუტის ჩაკეტვის მუქარას გააგრძელებს,“ — ამბობს ის.

ასევე ნახეთ

პუტინის გაკვეთილები: ირანი კრემლის ტაქტიკას იყენებს აშშ-სთან მოლაპარაკებებში

ჰორმუზის სრუტეზე ჩვეულებრივ მსოფლიოს ნავთობის, თხევადი ბუნებრივი აირისა და სხვა სტრატეგიული ტვირთების დაახლოებით მეხუთედი გადის. ამის გამო იქ არსებული რისკები აშშ-ზეც მოქმედებს, რადგან მსოფლიო ბაზრებზე საწვავის ფასების ზრდას იწვევს.

სრუტის ყველაზე ვიწრო მონაკვეთი მხოლოდ 39 კილომეტრია. ირანი და ომანი ორივე მხარეს მაქსიმალურად დაშვებულ 22.2-კილომეტრიან ტერიტორიულ წყლებზე აცხადებენ პრეტენზიას, რის გამოც ამ მონაკვეთში საერთაშორისო წყლები ფაქტობრივად არ არსებობს.

გაეროს საზღვაო სამართლის კონვენცია (UNCLOS) სავაჭრო გემებისთვის ტრანზიტის თავისუფლებას უნდა უზრუნველყოფდეს და ბლოკადას კრძალავს. თუმცა თეირანს ეს კონვენცია არასოდეს დაუმტკიცებია და აცხადებს, რომ მისი ვალდებულებებით არ არის შებოჭილი. კონვენცია არც აშშ-ს აქვს რატიფიცირებული.

ბაჰგატის აზრით, სპარსეთის ყურის ქვეყნები საბოლოოდ შეიძლება დათანხმდნენ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სტაბილურობას აღადგენს, თუნდაც ირანის გარკვეულ როლს სრუტეში ოფიციალურად აღიარებდეს. მათი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური სტაბილურობის დაბრუნებაა.

უფრო რთული საკითხია, შეძლებს თუ არა ვაშინგტონი ირანის რაიმე ფორმით კონტროლს ან ეკონომიკურ სარგებელს შეეგუოს.

ასევე ნახეთ

ამერიკის ბლოკადა ირანის ბლოკადის წინააღმდეგ - რამდენს გაუძლებს ისლამური რესპუბლიკა?

ბოუმანი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი ისაა, კომერციული გემების კაპიტნები და სადაზღვევო კომპანიები მიიჩნევენ თუ არა მარშრუტს უსაფრთხოდ.

ამიტომ ირანს სულაც არ სჭირდება ჰორმუზის სრულად ჩაკეტვა. პერიოდული სარაკეტო ან დრონებით შეტევებიც საკმარისია სადაზღვევო ხარჯების გასაზრდელად და გადაზიდვების შესამცირებლად. დამატებით ზეწოლას ქმნის სპარსეთის ყურის ქვეყნების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების საფრთხეც.

„ამ გზით ირანი ჩვენს არაბ პარტნიორებს ვაშინგტონზე ზეწოლის ინსტრუმენტებად აქცევს,“ — ამბობს ბოუმანი.

რუსეთისა და ჩინეთის დახმარება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ის არის, დაეხმარებიან თუ არა ირანის საგარეო პარტნიორები ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების აღდგენას.

ბოუმანი ჩინეთიდან ქიმიური პრეკურსორების მიწოდებას, ასევე რუსეთის მხრიდან სამიზნეების შესახებ ინფორმაციისა და დრონების მხარდაჭერას მზარდი თანამშრომლობის მაგალითად ასახელებს. მისი თქმით, მოსკოვი განიხილავს ირანისთვის Су-35 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას, ხოლო პეკინმა შესაძლოა ორმაგი დანიშნულების მასალებიდან უკვე მზა შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე გადაინაცვლოს.

მისი შეფასებით, ამ მხარდაჭერის მომავალი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ შეაფასებენ პეკინი და მოსკოვი აშშ-ის შესაძლო რეაქციას.

„ჩინეთს ყველაზე მეტად აშშ-ის მეორადი სანქციების ეშინია,“ — ამბობს ბოუმანი.

ბესენტის განცხადება ასეთ სანქციებზე მიანიშნებდა, თუმცა მათ ჩინეთის საპასუხო ზომების რისკიც ახლავს და გაურკვეველია, რამდენად შორს არის მზად ვაშინგტონი მსგავსი ზეწოლის გასაძლიერებლად.

ასევე ნახეთ

ირანზე აშშ-ის ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების მუქარის ფონზე, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა შენელდა

ბოუმანის თქმით, ირანის სამხედრო აღდგენა ვერ განიხილება იმ ფართო საერთაშორისო ქსელისგან განცალკევებით, რომელიც მას მხარს უჭერს.

მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ დააფიქსირა ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის 616 შემთხვევა 2019 წლის იანვრიდან 2025 წლის დეკემბრამდე. ეს თანამშრომლობა მოიცავდა შეიარაღების განვითარებასა და გადაცემას, სამხედრო წვრთნებს, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და სამხედრო დიპლომატიას.