24 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასრულების 20-პუნქტიანი ამერიკული გეგმის შინაარსზე საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად ჩაატარებს ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ კი საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა განიხილოს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები, თუ დასავლელი პარტნიორები არჩევნების უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ. ზელენსკიმ ასე უპასუხა არჩევნებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მოწოდებას.
„გულწრფელად ვიტყვი: არჩევნებისთვის მზად ვარ. მოვისმინე მინიშნებები, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვებღაუჭებით, ან რომ პირადად მე პრეზიდენტის სავარძელს არ ვთმობ და სწორედ ამიტომ არ მთავრდება ომი. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს სრულიად არაადეკვატური ნარატივია“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ ტრამპმა ევროკავშირი გააკრიტიკა და უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მოწოდებით გამოვიდაუკრაინის პრეზიდენტმა ასევე სთხოვა უკრაინის პარლამენტს, განახორციელოს საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კიევმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. კანონის მე-19 მუხლი ამბობს: „საომარი მდგომარეობის პირობებში, აკრძალულია... უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება, ასევე უკრაინის „ვერჰოვნა რადის“, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის „ვერჰოვნა რადის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები“.
ექსპერტთა განცხადებით, არჩევნების ჩასატარებლად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა შეცვალოს კანონმდებლობა და უზრუნველყოს როგორც კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება, ასევე საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება. კანდიდატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა მოაწყონ მიტინგები და გამართონ შეხვედრები, ხოლო საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა იყოს დაცული - და ეს ყველაფერი საჰაერო თავდასხმის, სარაკეტო იერიშებისა და დრონების დარტყმების პირობებში.
მარინა სტავნიიჩუკი, სამართლის დოქტორი, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და ვენეციის კომისიის ყოფილი წევრი (2009–2013), საუბრობს იმის შესახებ, თუ როდის და როგორ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები უკრაინაში. მისი თქმით, არჩევნების ჩასატარებლად როგორც პრეზიდენტს, ასევე პარლამენტს მოუწევს ან კანონის დარღვევა ან მისი შეცვლა, მათ შორის შეცვლა კონსტიტუციისა, რადგან უკრაინის კანონმდებლობა ცხადად ადგენს, რომ უბრალოდ შეუძლებელია არჩევნების ჩატარება საომარი მდგომარეობის დროს.
„სწორედ ამიტომ შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტარებს და დააყენა სპეციალური საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების საკითხი. ერთმნიშვნელოვნად გასაგებია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, რადგან უკრაინის კონსტიტუცია არ იძლევა არჩევნების ან რეფერენდუმის ჩატარების უფლებას საომარი მდგომარეობის დროს. კონსტიტუციის შეცვლა საომარი მდგომარეობის დროს ასევე შეუძლებელია კონსტიტუციის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამო. ამიტომ აუცილებელია ვეძებოთ ვარიანტები, თუ როგორ ჩავატაროთ არჩევნები კონსტიტუციის დარღვევის ან უკრაინის მთავრობის ლეგიტიმურობის შელახვის გარეშე“, - უთხრა მარინა სტავნიიჩუკმა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის The CurrentTimes-ის რედაქციას.
მარინა სტავნიიჩუკი
ექსპერტის თქმით, თითქმის იგივე მიდგომა გამოიყენება ევროპული ქვეყნების კანონმდებლობაში:
„და არ მგონია, რომ უკრაინას ძალიან ხისტი მოთხოვნები უნდა წაუყენონ არჩევნების დაუყოვნებლივ ჩასატარებლად. უფრო მეტიც, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყანა ორგანიზაციულად არ არის მომზადებული არჩევნებისთვის. ერთია ჩვენი პრიორიტეტული პარტნიორის, აშშ-ის რეკომენდაციები და სურვილები და სულ სხვა ამ რეკომენდაციების განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები დემოკრატიული პროცედურაა და დემოკრატიული არჩევნებისთვის საჭიროა გარკვეული გარანტიების არსებობა, სულ მცირე, მინიმალური ევროპული საარჩევნო სტანდარტების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას - ხელისუფლების ლეგიტიმურ, კანონიერ და კონსტიტუციურ ცვლილებას“.
თუმცა, მარინა სტავნიიჩუკის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამჟამად უკრაინაში არჩევნების მომზადება შეუძლებელია.
„ამაზე არ არის საუბარი. როგორც საარჩევნო სამართლის ექსპერტი, სხვა საკითხებთან ერთად, უკვე დიდი ხანია ვაყენებ საკითხს უკრაინაში ომისშემდგომი არჩევნებისთვის შესაბამისი, სპეციალური კანონმდებლობის შემუშავების აუცილებლობის შესახებ. სამწუხაროდ, პარლამენტარებმა არ შეისმინეს. საარჩევნო კოდექსი საკმაოდ რთული აღსასრულებელია, ხოლო სამხედრო, ომისშემდგომი არჩევნების საკითხს უკრაინის საარჩევნო კოდექსი არანაირად არ არეგულირებს. ამიტომ საჭიროა საკანონმდებლო ნორმების სპეციალური ნაკრები - ეს პირველ რიგში. მეორე: ორგანიზაციული მომზადების თვალსაზრისით, ერთი მხრივ, საჭიროა არჩევნების დემოკრატიულობის, ხოლო მეორე მხრივ, ყველა მონაწილისთვის საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, რასაც ასევე გარკვეული დრო სჭირდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ კომისია არჩევნების ჩასატარებლად დაახლოებით ექვს თვეში იქნება მზადო. მართლაც არსებობს მთელი რიგი ორგანიზაციული და საკანონმდებლო პრობლემები, რომელთა მოგვარება ერთ დღეში შეუძლებელია“, - განაცხადა მარინა სტავნიიჩუკმა, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილემ და ვენეციის კომისიის ყოფილმა წევრმა.
ასევე ნახეთ უკრაინაში ჯგუფი იმუშავებს საომარი მდგომარეობის დროს შესაძლო საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე23 დეკემბერს უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც აღდგა ავტომატიზებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის „ამომრჩეველთა სახელმწიფო რეესტრის“ მუშაობა, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ამომრჩეველთა სახელმწიფო რეესტრის სერვისების სრული ფუნქციონირების აღდგენა - ეს არის შედეგი კომისიის სისტემატური და გულმოდგინე მუშაობისა, რომელიც განხორციელდა კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვის გასაძლიერებლად და საომარი მდგომარეობის პირობებში კომისიის ელექტრონული სისტემების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ცესკო მუშაობს ამომრჩეველთა მონაცემების მაქსიმალურად დაცვაზე და საჯარო საინფორმაციო რესურსების ღიაობასა და ხელმისაწვდომობაზე“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ სერგეი დუბოვიკმა ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას.
უკრაინის პარლამენტის (ვერჰოვნა რადა) თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების შესახებ კანონი მხოლოდ ერთჯერადად ამოქმედდება.
რუსლან სტეფანჩუკი
სტეფანჩუკის განკარგულებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტი უნდა მოამზადოს. სამუშაო ჯგუფში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრ კორნიენკო ხელმძღვანელობს, ასევე შედიან ფრაქციების, საპარლამენტო ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ცესკოს წარმომადგენლები.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მიზანშეწონილად მიიჩნევს დონალდ ტრამპი, რომელმაც ამ იდეას აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივის ნაწილად მოიაზრებს. გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები, რაც „დიდი ხანია არ ყოფილა“. მისი აზრით, უკრაინის ხელისუფლება „ომს არჩევნების თავიდან ასაცილებლად იყენებს“. პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის არჩევნებისთვის და აშშ-ს მოუწოდა, დახმარებოდა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფაში.
ექსპერტთა თქმითაც, უკრაინაში არჩევნების ჩატარების უმთავრესი პირობა უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა (ceasefire) და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს.
„ამისთვის საჭიროა დრო (60-90 დღე ან მეტი)", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, - "საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში კი, უსაფრთხოების გარანტიებისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის გარეშე, უკრაინაში ჭეშმარიტად ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება შეუძლებელია“.
ასევე ნახეთ ტრამპი „ცოტა იმედგაცრუებულია, რომ ზელენსკის წინადადებები ჯერ არ წაუკითხავს"ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ესაუბრა ვერჰოვნა რადის წარმომადგენლებს და ელოდება მათ მოსაზრებებს საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
რატომ დათანხმდა ვოლოდიმირ ზელენსკი არჩევნების ჩატარებას? ხომ არ ცდილობს ის ამ გზით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიღწევას?
2025 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისის მონაცემებით, უკრაინელების 61% ენდობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ხოლო 32% არ ენდობა მას, ამგვარია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) 26 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
თუმცა რაზუმკოვის სოციოლოგიურმა ცენტრმა (IMData) განაცხადა, რომ „მათი წილი, ვინც უკრაინის პრეზიდენტს ენდობა და ვინც არ ენდობა, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, 48% და 45%-ია. ცენტრმა გამოკითხვა ჩაატარა 11-18 ნოემბერს კვლევის - „უკრაინა: ომიდან მშვიდობაზე გადასვლის სოციალურ-პოლიტიკური გამოწვევები და ომის შემდგომი აღდგენა“- ფარგლებში..
ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უკრაინაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად იქნება საჭირო მედიასა და გამოხატვის თავისუფლებას უკავშირდება. ექსპერტთა შეფასებით, ამ თვალსაზრისით გამოწვევაა „ერთიანი ამბების“ ტელემარათონის არსებობა.
„მარათონის“ ფორმატი სრულად არ შეესაბამება საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო კამპანიის სტანდარტებს, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სერჰიი დუბოვიკმა რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ეთერში, საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე კომენტირებისას. მისი თქმით, საომარი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობა, კერძოდ, კონსტიტუციის მუხლი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შესახებ, მკაფიოდ განსაზღვრავს არჩევნებისადმი მოთხოვნებს, მათ შორის მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებსა და მათი ჩატარების სტანდარტებს. უკრაინის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, „ერთიანი ამბების“ ტელე-მარათონის ფორმატი ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც ცალკე რეგულირებას საჭიროებს.
ტელემარათონი „ერთიანი ახალი ამბები“ („Едсні нови́ни“) - არის საინფორმაციო ტელემარათონი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, რათა უკრაინელი საზოგადოება ინფორმირებული იყოს ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარების შესახებ. კონტენტს ამზადებს სამი მედიაჰოლდინგი: 1+1 Media, Starlight Media და Inter Media Group. თითოეული კომპანია მაუწყებლობს 6-საათიანი ინტერვალებით. ტელემარათონში ასევე მონაწილეობდნენ „მედიაჯგუფი უკრაინა“, უკრაინის ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებლობის კომპანია და საპარლამენტო ტელეარხი „რადა“. მარათონის არაოფიციალური ზედამხედველობა მიეწერება უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრს, ალექსანდრ ტკაჩენკოს და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას. უკრაინელი ჟურნალისტების 60%-ზე მეტი გაერთიანებულ ტელემარათონს ცენზურის ფორმად მიიჩნევს. თუმცა ჟურნალისტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ მარათონით გავრცელებული ინფორმაცია ობიექტურია და სანდო წყაროებიდან არის მოპოვებული. კრიტიკოსების მტკიცებით, უკრაინამ არა მხოლოდ ტელემარათონიდან გამორიცხა ზოგიერთი გავლენიანი მედიასაშუალება, არამედ სახელმწიფო კონტროლი დააწესა მასში მონაწილე მედიებზე. უკრაინული ორგანიზაციის „დეტექტორ-მედიის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების დაახლოებით 45% ერთი ოფიციალური თვალსაზრისის გადაცემას მიუღებლად მიიჩნევს, თუნდაც ომის დროს, ხოლო 70% ინფორმაციას სხვა წყაროებში ეძებს „გაერთიანებულ მარათონში“ მრავალფეროვანი თვალსაზრისის არარსებობის გამო. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 2023 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ფრონტის ხაზის მცხოვრებლების მხოლოდ 44% ენდობა „ერთიან მარათონში“ წარმოდგენილ ინფორმაციას.
სერჰიი დუბოვიკმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების საკითხი არ შემოიფარგლება მხოლოდ საომარი მდგომარეობის სამართლებრივი ასპექტებით, არამედ მოითხოვს ყოვლისმომცველ საკანონმდებლო გადაწყვეტას. კერძოდ, ეს ეხება „რადიო და ტელევიზიის თავისუფალი მაუწყებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფას“:
სერჰიი დუბოვიკი
„ამჟამად, მტრული პროპაგანდის საფრთხის გამო, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. ჩვენ ყველანი ვემორჩილებით სამთავრობო უწყებების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. საარჩევნო კამპანიის განვითარებასთან ერთად, შესაძლოა, ეს გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვდეს, რადგან აზრის თავისუფალი გამოხატვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით და განსაკუთრებით იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ იყენებენ სოციალურ მედიას და არ აქვთ საჭირო მოწყობილობები ან ინტერნეტთან წვდომა YouTube-ის საყურებლად. კანდიდატებს (ნებისმიერ თანამდებობაზე) უნდა შეეძლოთ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და შესაძლებლობა“.
დუბოვიკმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების ნებისმიერი შემსუბუქება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით პირობები იქნება ადეკვატური. „თუ უსაფრთხოების რისკები შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნა შეუძლებელი იქნება. ამიტომაა არჩევნების ჩატარება შეუძლებელი ომის აქტიურ ფაზაში“.
სერჰიი დუბოვიკის თქმით, საუბარია მშვიდობიანი ფაზის დაწყებაზე - უსაფრთხოების გარანტიებით და უკრაინის ტერიტორიის სისტემატური დაბომბვის შეწყვეტით:
„საქმე არ ეხება არა საომარი მდგომარეობის შეწყვეტას ან გაუქმებას, არამედ საუბარია მძიმე სტრატეგიული იარაღით უკრაინის ტერიტორიის სისტემატური განადგურების შეწყვეტაზე. ანუ გარანტიებზე, რომ საარჩევნო პროცესის ჩატარება საერთოდ შესაძლებელია“.
სერჰიი დუბოვიკმა გამოწვევებს შორის გამოყო:
- საარჩევნო ინფრასტრუქტურის მომზადება
უკრაინის ცესკოს გათვლებით, არჩევნების სამზადისის დასაწყებად 6 თვე ოპტიმალური პერიოდია. უკრაინის კონსტიტუცია ავალდებულებს ცესკოს, საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ იმოქმედოს მკაფიო ვადებში: ერთი თვეში დანიშნოს არჩევნები. ეს მოთხოვნა არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს.
- სტანდარტების დაცვა
საუბარია არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან, კერძოდ, ეუთოს და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობა, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მზადყოფნა. უკრაინამ, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატმა, უნდა დაიცვას ეს მოთხოვნები.
- სამხედრო პერსონალის ხმის მიცემის ორგანიზების სირთულე
უკრაინის თავდაცვის ძალების რიგებში დაახლოებით 1 მილიონი სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უშუალოდ წინა ხაზზეა, რაც რადიკალურად ართულებს საარჩევნო უბნების ორგანიზებას და როგორც აქტიური, ასევე პასიური ხმის მიცემის უფლების განხორციელებას.