Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ჯგუფი იმუშავებს საომარი მდგომარეობის დროს შესაძლო საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე


უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას შენობის შესასვლელი
უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას შენობის შესასვლელი

უკრაინის პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწრაფად დაამუშავებს საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტის არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს. წინასწარი შეთანხმების მიღწევის შესახებ დღეს, 22 დეკემბერს სოციალურ ქსელებში დაწერა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ.

მისი ინფორმაციით, განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის - ვერხოვნა რადას პროფილური კომიტეტები, ფრაქციები და ჯგუფები, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობენ.

არახამიას თანახმად, პირველი სხდომის თარიღს მალე დაასახელებენ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული და ასეთ დროს არჩევნები არ ტარდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი და არმიის უმაღლესი მთავარსარდალია 2019 წლის 20 მაისიდან. მისი ხუთწლიანი უფლებამოსილების ვადა 2025 წლის მაისში იწურებოდა. კრემლი ზელენსკის და მის ხელისუფლებას ხშირად უწოდებს არალეგიტიმურს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ცდილობს სამშვიდობო გეგმაზე დაითანხმოს უკრაინა და რუსეთი, 2025 წლის 9 დეკემბერს გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში თქვა, რომ დროა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზად არის, თუ საერთაშორისო პარტნიორები არჩევნების დროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მზად არის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისთვისაც და პარლამენტისგან წინადადებებს ელოდება.





ფორუმი

XS
SM
MD
LG