„აღნიშნული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია“, - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაანონსებულ ცვლილებებს უნივესიტეტთან დაწყებული პროტესტის პარალელურად და დასძენს:
„[იგი] ასამარებს საქართველოს უმაღლეს განათლებას, უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას, კლავს საერთაშორისოდ აღიარებულ კვლევით მიმართულებებსა და სასწავლო პროგრამებს, ქვეყნის ევროპული განვითარების პერსპექტივას“.
- საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლში - რომელიც ეხება განათლების უფლებას და აკადემიურ თვისუფლებას - წერია:
- „აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია“.
- „ქართული ოცნების“ მთავრობის გამოცხადებული ცვლილებების ამოქმედება მომავალი სასწავლო წლიდან, 2026-2027 წლიდანაა დაგეგმილი.
რა რჩება ილიაუნის?
- „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა იმ პროგრამების მიმართულებები სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომელთა განხორციელებაც შეეძლებათ.
- ამ გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად მცირდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების არეალი.
- გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა „ქართული ოცნების“ მთავრობაში, გივი მიქანაძემ გამოაცხადა.
- დადგენილების მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკრძალება სტუდენტების მიღება ყველა სასწავლო პროგრამაზე, გარდა პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებისა.
„ეხება მთელს საზოგადოებას“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ის „არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუცია, რომელსაც აღნიშნული გადაწყვეტილებით ეკრძალება მიღება სრულად აკრედიტებულ პროგრამებზე“.
„ამ დადგენილებით ილიას უნივერსიტეტს ერთმევა შესაძლებლობა, განახორციელოს სასწავლო და კვლევითი პროგრამები მეცნიერების ყველა იმ დარგში, რომლებშიც ილიაუნი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით უპირობო ლიდერია საქართველოში“, - წერია განცხადებაში.
უნივერსიტეტის თანახმადვე, ეს პროგრამებია: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და ზუსტი მეცნიერებები.
„ეს დამაზიანებელი გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის 17000-ზე მეტ სტუდენტსა და 3000-მდე თანამშრომელს, არამედ მთელს საზოგადოებას, რომლის განვითარებაში ილიას უნივერსიტეტს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს“, - აცხადებს უნივერსიტეტი.
ასევე ნახეთ ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩებარას მოითხოვს უნივერსიტეტი?
ილიაუნი მოითხოვს, ეს გადაწყვეტილება გაუქმდეს:
„მოვითხოვთ, გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებსა და კვლევის მონაცემებს, არ ითვალისწინებს დარგის ექსპერტთა პოზიციებს და ანადგურებს ილიას უნივერსიტეტის მიღწევებს კვლევასა და სწავლებაში“.
ამასთან, განცხადებაში მითითებულია მოთხოვნა „გადაწყვეტილების მიმღები პირების საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან დაუყოვნებლივ შეხვედრის“ შესახებ.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო
- სამართლის სკოლის საბჭო
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭო
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო.
სხვა დეტალები
ილიას უნივერსიტეტში ამჯერად 17 295 სტუდენტი ირიცხება. ფაკულტეტების მიხედვით, ეს რიცხვი ასე ნაწილდება:
- მეცნიერებათა და ხელოვნების - 7270;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის - 1469;
- ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების - 6779;
- სამართლის - 1777.
ყველაზე მეტი მიმართულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რჩება. ის „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ მოიხსენია „დედა უნივერსიტეტად“.
რექტორი: „მოგიწევთ პასუხის გაცემა“
ილიაუნიმ გაავრცელა რექტორის, ნინო დობორჯგინიძის მოკლე კომენტარიც:
„უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონიმიკის ნაცვლად ბიზნესის მომარაგებას იაფფასიანი მომსახურე პერსონალით და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე შეთანხმდნენ ერთმანეთში“.
„გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!“, - განაცხადა დობორჯგინიძემ.
დღის ბოლოს, 19:00 საათიდან ილიაუნისთან საპროტესტო აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა მორიგი დემონსტრაცია დააანონსეს კვირას, 15 თებერვალს.