რუსი თეატრისა და კინოს ახალგაზრდა მსახიობი ფართო აუდიტორიამ 28 ივლისს, გამთენიისას, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოთი გაიცნო: დილის 4:30 საათზე მან ვლადიმირ პუტინს გამოუცხადა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ იყო, მთავრობის დათხოვნა მოითხოვა და განაცხადა, რომ ყირიმი „ჩვენი“ - რუსების არ არის.
რამდენიმე საათში ვიდეოს ორ მილიონზე მეტი ნახვა და ათიათასობით მოწონება ჰქონდა, თუმცა დედასთან საუბრისა და საპირისპირო პოზიციის მქონე ადამიანების კომენტარების მოსმენის შემდეგ, იარმუშიკმა მეორე ვიდეოც გაავრცელა - თქვა, რომ ხელისუფლებას და პუტინს პატივს სცემდა, და საჭირო იყო ხალხს ერთმანეთთან ელაპარაკა. ერთმანეთისგან ასე მკვეთრად განსხვავებულმა ორმა განცხადებამ კითხვები გააჩინა როგორც მსახიობის თავდაპირველი პოზიციის გულწრფელობაზე, ისე იმ შიშსა და ზეწოლაზე, რომელიც რუსეთში ხელისუფლების საჯარო კრიტიკას ახლავს.
იარმუშიკმა, რომელიც წელიწად-ნახევარი მუშაობდა პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი სერგეი ბეზრუკოვის თეატრში, პირველი ვიდეო მოგვიანებით საკუთარი „საინფორმაციო და თაობრივი ბუშტიდან“ გამოსვლის მცდელობად აღწერა. რადიო თავისუფლებას ის უყვება, რამ მიიყვანა ამ ნაბიჯამდე, შეიცვალა თუ არა სინამდვილეში მისი პოზიცია, რა შედეგებს ელის და რატომ დუმან მისი კოლეგები და რუსული ინტელიგენცია.
სამი თვის განმავლობაში, ჩემში განუწყვეტლივ იყრიდა თავს აზრები, სათქმელი და მოქმედების სურვილი, ყველაფერი ის, რისი თქმაც მინდოდა რუსეთის პრეზიდენტისა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის...
რადიო თავისუფლება: რამ გიბიძგათ ამ გახმაურებული ვიდეოს ჩაწერისკენ?
ალექსეი იარმუშიკი: დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, ჩემში განუწყვეტლივ იყრიდა თავს აზრები, სათქმელი და მოქმედების სურვილი, ყველაფერი ის, რისი თქმაც მინდოდა რუსეთის პრეზიდენტისა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის
მიმართვის წინა ღამეს, თითქმის სამი დღე-ღამე უძილობის შემდეგ, უცებ უცნაური შინაგანი ძალა ვიგრძენი: გადავწყვიტე, უბრალოდ შევსულიყავი ოთახში და კამერის წინ მეთქვა ის, რასაც სინამდვილეში ვფიქრობდი, ყოველგვარი თვითცენზურის გარეშე.
ეს უჩვეულო განცდა იყო. მანამდე ძირითადად შიშსა და სისუსტეს ვგრძნობდი, ახლა კი სიმშვიდე დამეუფლა და ვიგრძენი რაღაც უსასრულო შინაგანი ძალა, რომელიც თითქოს არსაიდან მოდის და არსად ქრება. ვფიქრობ, სწორედ ასე იგრძნობა ის წამი, როდესაც ადამიანი შინაგან მთლიანობას იძენს.
ლოტოსის პოზაში დავჯექი, რათა ყურადღება მომეკრიბა და საკუთარი თავი შემემოწმებინა : ნამდვილად მინდოდა ამის გაკეთება თუ არა? მივხვდი, რომ იმ წამს არჩევანს ვაკეთებდი: გამეგრძელებინა ცხოვრება ისე, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, თუ რაღაცის შეცვლა მეცადა.
ასევე ნახეთ
„როგორც პუტინს უყვარს თქმა, „ჩვენი დავიბრუნეთ“ - ინტერვიუ მაქსიმ კუზახმეტოვთანოთახისკენ ნელა მივდიოდი და ყოველი ნაბიჯის მერე საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნამდვილად მინდოდა თუ არა ამის გაკეთება. დავჯექი. შუქი ავანთე. მიკროფონი შევაერთე. ტელეფონი ლეპტოპზე დავამაგრე. და ვთქვი: „ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინ“.
ვიდეო ჩავწერე და ოთახში დაბრუნებისას დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა ყველაფერი იფეთქებდა: რამდენიმე წუთში ვიღაცები შემოიჭრებოდნენ, ნათესავები დამიწყებდნენ დარწმუნებას, რომ ვიდეო წამეშალა... მაგრამ არაფერი მომხდარა.
გამიკვირდა, როდესაც დედამ სრულიად მშვიდად მითხრა, რომ ჩემს საქციელს მხარს არ უჭერდა...
რადიო თავისუფლება: როგორი იყო თქვენი გარემოცვის - ახლობლების, მეგობრების, კოლეგების რეაქცია? ხალხმა ზურგი შეგაქციათ თუ, პირიქით, მხარდაჭერა იგრძენით?
ალექსეი იარმუშიკი: პირველი რეაქცია ვიდეოს გამოქვეყნებიდან სულ რაღაც ხუთ წამშივე ვნახე. შეტყობინება მომივიდა, რომ ერთ-ერთმა ნაცნობმა პუბლიკაციის თანაავტორებიდან ამომშალა. მანამდე არც კი ვიცოდი, რომ ამის გაკეთება შეიძლებოდა. დილით დედა სრულიად მშვიდად რეცხავდა ჭურჭელს. მისი ერთი ფრაზიდან მივხვდი, რომ ვიდეო უკვე ნანახი ჰქონდა.
ძალიან გამიკვირდა, როდესაც მან სრულიად მშვიდად მითხრა, რომ ჩემს საქციელს მხარს არ უჭერდა და საპირისპირო პოზიციის მქონე ადამიანების კომენტარების კითხვა დაიწყო. ბევრი მათგანი მშვიდი ტონით და არგუმენტირებულად იყო დაწერილი. ვერ ვიჯერებდი და ტელეფონს მივაშურე, რომ თავად შემემოწმებინა.
სამი საათის შემდეგ ორმა რეჟისორმა მომწერა, რომ ჩემი ვიდეო მათ პროექტებს საფრთხეს უქმნიდა. შიშობდნენ, რომ ფილმებს პრობლემები შეექმნებოდა და წაშლას მთხოვდნენ.
დაახლოებით თორმეტი საათის შემდეგ კი სხვა რეჟისორმა სრულიად საპირისპირო რამ მომწერა: მითხრა, რომ როგორც იქნა, საკუთარი პოზიცია გამიჩნდა და ჩემით ამაყობდა.
ასევე ნახეთ
„სამოქალაქო სიკვდილი“: კრემლი ემიგრაციაში მყოფი რუსებისთვის სამართლებრივ საიქიოს ქმნისრადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი იზიარებს თქვენს პოზიციას რუსეთში?
ალექსეი იარმუშიკი: ზუსტად ვერ გეტყვით. მაგრამ მგონია, რომ ადამიანები, რომლებიც შინაგანად იმავეს გრძნობენ, რასაც მე, გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე საჯარო სივრციდან ჩანს. პრობლემა ისაა, რომ ბევრისთვის ამგვარი შეხედულებების ღიად გამოთქმა ჩვეული ცხოვრების, სამსახურის, თავისუფლების, უსაფრთხოების ან ახლობლებთან ურთიერთობის დაკარგვის რისკის ტოლფასია და ამის გაკეთებას ვერ ბედავენ.
ჩემი აზრით, შინაგანი დაძაბულობა, შფოთვა და გაურკვევლობის განცდა დღეს ძალიან მაღალია. ამავე დროს, ცხოვრების მატერიალურმა მხარემ შეიძლება სტაბილურობის მოჩვენებითი განცდა შექმნას...
მეშინია, რომ ამ შინაგანმა წინააღმდეგობამ დროთა განმავლობაში შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს უკვე დავიწყე წარმოუდგენელი, თავბრუდამხვევი ცხოვრება, რომელიც კომპიუტერული თამაშის სიუჟეტს ან ყველაზე საინტერესო წიგნს ჰგავს...
რადიო თავისუფლება: რა მოლოდინები გაქვთ - შეიძლება ამ ვიდეოს გამო პრობლემები შეგექმნათ? არის პატიმრობის საფრთხე? ან თქვენი კარიერის შეფერხების?
ალექსეი იარმუშიკი: ამ ვიდეოს ჩაწერითა და გამოქვეყნებით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს უკვე დავიწყე წარმოუდგენელი, თავბრუდამხვევი ცხოვრება, რომელიც კომპიუტერული თამაშის სიუჟეტს ან ყველაზე საინტერესო წიგნს ჰგავს, და სწორედ მის გაგრძელებას ველი.
რაც შეეხება შესაძლო სისხლის სამართლებრივ დევნას ან კარიერის დასრულებას, თუ ჩემი არჩევანი სწორედ ასეთ შედეგამდე მიმიყვანს, ვეცდები, ამას ღირსეულად შევხვდე.
რადიო თავისუფლება: მითხრეს, რომ ქვეყნის დატოვებას გეგმავთ. ასეა?
ალექსეი იარმუშიკი: არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: უსაფრთხოდ ვარ. დანარჩენზე ცოტა მოგვიანებით.
ახალ აღთქმაში არის ამბავი მდიდრის შესახებ, რომელსაც შესთავაზეს, ყველაფერი დაეტოვებინა და ქრისტეს გაჰყოლოდა. მან ეს ვერ შეძლო, თავს ვერ მოერია. მგონია, მსგავსი არჩევანი დროდადრო ყოველი ადამიანის წინაშე დგება...
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რატომ დუმან თქვენი კოლეგები და, ზოგადად, რუსული ინტელიგენცია?
ალექსეი იარმუშიკი: მგონია, რომ ეს დუმილი მხოლოდ ფსიქოლოგიური თავდაცვის საშუალებაა. რატომ ხდება ასე? ეს საინტერესო ფენომენია.
ევოლუციის ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ზოგიერთი პრიმატი ხეებიდან არც ჩამოსულა და ტოტებს ჩაჭიდებული დარჩა, სხვებმა კი შეუცნობელში გადადგეს ნაბიჯი და განვითარდნენ.
ახალ აღთქმაში არის ამბავი მდიდრის შესახებ, რომელსაც შესთავაზეს, ყველაფერი დაეტოვებინა და ქრისტეს გაჰყოლოდა. მან ეს ვერ შეძლო, თავს ვერ მოერია.
მგონია, მსგავსი არჩევანი დროდადრო ყოველი ადამიანის წინაშე დგება. ამასთან, არ ვფიქრობ, რომ დუმილი თავისთავად უსაფრთხოების გარანტიაა.
ზოგჯერ ასეთი სურათი წარმომიდგება: ადამიანი ავტომობილის საბარგულშია. მას იმედი აქვს, რომ, რადგან არ ჩანს და პირი აკრული აქვს, უსაფრთხოდაა. მაგრამ მძღოლმა მანქანაზე კონტროლი უკვე დაკარგა. ჰგონია, რომ მოვლენებს მართავს,1 სინამდვილეში კი მუხრუჭები თანდათან მწყობრიდან გამოდის. ის საკუთარ სავარძელს იმდენად შეზრდია, რომ ამას თითქმის ვეღარც ამჩნევს. ფეხი თითქოს გაზის პედალს მიეზარდა. სალონში ხმამაღლა უკრავს მუსიკა. მგზავრები იცინიან, მღერიან და ერთმანეთს ამხნევებენ. ვინმემ რომც დაიყვიროს: „გაჩერდი!“ ან „საკმარისია!“ - საერთო ხმაურში მისი ხმის გარჩევა თითქმის შეუძლებელი იქნება.
წინ ყველა კაშკაშა სარეკლამო დაფას ხედავს და ის საკუთარი მომავალი ჰგონია. მაგრამ ამ დაფის მიღმა დაუმთავრებელი ხიდია.
წარმოუდგენლად გამიჭირდა, საბარგულის შიგნიდან გახსნა გადამეწყვიტა. სრულ სიბნელეში დიდხანს ვეძებდი ავარიული გახსნის ღილაკს, თუმცა ირგვლივ ყველაფერი თითქოს მარწმუნებდა, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. მაგრამ რაღაც მომენტში ის მაინც ვიპოვე და დავაჭირე.
ასფალტზე გორაობა მტკივნეული და საშიშია. მაგრამ მგონია, ეს სჯობს გზის გაგრძელებას და საკუთარი თავის დარწმუნებას, რომ ყველაფერი კონტროლქვეშაა.
ასევე ნახეთ
ბზარები კრემლის კედელში - რამდენად ახლოსაა პუტინის რეჟიმი კრიზისთან?მანქანაში დარჩენილთა სახეების გამომეტყველებიდან მომეჩვენა, რომ მათ საბარგულის რაც შეიძლება სწრაფად კვლავ დახურვა მოინდომეს. დაახლოებით ასე აღვიქვამ დღეს არსებულ ვითარებას.
არ ვიცი, მოვლენები ზუსტად როგორ განვითარდება. ან კი საიდან უნდა ვიცოდე.
მაგრამ მგონია, რომ უახლოესი წლები ძალიან სერიოზული ცვლილებების დრო შეიძლება გახდეს, არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
რადიო თავისუფლება: ამ მძღოლში პრეზიდენტ პუტინს გულისხმობთ, ხომ ასეა?
ალექსეი იარმუშიკი:: დიახ. თუმცა ჩემი აღქმით, ვლადიმირ პუტინის პიროვნებას ყველაზე მეტად ის აღწერა მიესადაგება, რომელსაც ერთხელ ჯოზეფ კემპბელის წიგნში „ათასსახოვანი გმირი“ წავაწყდი.
არსებობენ სასულიერო პირები, რომელთათვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არც ის საქმეა, რომელსაც ემსახურებიან, არც ღმერთი და ადამიანების დახმარება, არამედ რაღაც სხვა. ამის გამო ისინი საკუთარ მრწამსს ღალატობენ...
რადიო თავისუფლება: რელიგიური ადამიანი ხართ? საინტერესოა ეკლესიის პოზიციაც. თქვენი აზრით, რამდენად ნორმალურია, რომ რუსეთის პატრიარქი ამ ომს აკურთხებს?
ალექსეი იარმუშიკი: დიახ, რელიგიური ადამიანი ვარ. ახლახან დავბრუნდი მონასტრიდან, სადაც სამი დღე გავატარე. რაც შეეხება ეკლესიის პოზიციას, მხოლოდ ჩემს პირად გამოცდილებაზე შემიძლია ვისაუბრო.
როდესაც ჩემს მოძღვარს ჩემი ამბავი მოვუყევი, ყურადღებით მომისმინა. ვკითხე, ვინმე ომში წასასვლელად თუ დაულოცავს, რაკეტები თუ უკურთხებია და ასე შემდეგ. გაეცინა და გაკვირვებულმა მკითხა, ეს რატომ უნდა გავაკეთო, როცა ადამიანებს სიცოცხლისთვის ვლოცავო.
შემდეგ ვკითხე, პატრიარქ კირილს თუ იცნობდა. მითხრა, ვიცნობო. მაშინ ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა: არსებობენ სასულიერო პირები, რომელთათვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არც ის საქმეა, რომელსაც ემსახურებიან, არც ღმერთი და ადამიანების დახმარება, არამედ რაღაც სხვა. ამის გამო ისინი საკუთარ მრწამსს ღალატობენ და ისეთ მითითებებს ასრულებენ, რომლებიც მათ თავდაპირველ მიზნებს ეწინააღმდეგება. და ეს მხოლოდ ეკლესიის მსახურებს არ ეხება.
ფრაზები, რომ ხელისუფლება „მიყვარს“, პუტინს „პატივს ვცემ“ და ასე შემდეგ, განზრახ ჰიპერბოლიზებული, ემოციურად გაზვიადებული ფორმით ვთქვი. ეს არც პოლიტიკური განცხადება ყოფილა და არც იმის ნიშანი, რომ შეხედულებები შევიცვალე...
რადიო თავისუფლება: ვიცი, რომ თქვენს მშობლებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ასევე, მალევე მეორე ვიდეოც ჩაწერეთ, სადაც თქვენი რიტორიკა შერბილდა. რამე შეიცვალა?
ალექსეი იარმუშიკი: არა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დავინახე ხალხი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს და მათ მიმართ პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა.
ფრაზები, რომ ხელისუფლება „მიყვარს“, პუტინს „პატივს ვცემ“ და ასე შემდეგ, განზრახ ჰიპერბოლიზებული, ემოციურად გაზვიადებული ფორმით ვთქვი. ეს არც პოლიტიკური განცხადება ყოფილა და არც იმის ნიშანი, რომ შეხედულებები შევიცვალე. ეს იყო ადამიანის ემოციური რეაქცია, რომელმაც ერთი წამით დაიჯერა, რომ საპირისპირო შეხედულებების მქონე ადამიანებს შორის ნორმალური, ადამიანური საუბარი მაინც შესაძლებელი იყო.
თუმცა ძალიან მალე გაირკვა, რომ სწორედ ამ ემოციური ვიდეოს გამოყენება დაიწყეს იმის მტკიცებულებად, თითქოს საკუთარ შეხედულებებზე მთლიანად უარი ვთქვი. მაშინ დავინახე, რამდენად ადვილია გულწრფელი ადამიანური ემოციის კონტექსტიდან ამოგლეჯა და მოსახერხებელ პოლიტიკურ ისტორიად გადაქცევა.
ამიტომ ხაზგასმით ვიტყვი, რომ არა, პოზიცია არ შემიცვლია. მეტიც, მგონია, უფრო გამყარდა და მომავალშიც კიდევ უფრო გამყარდება.