მოკლედ
- 3 მარტს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან მე-5 დღეს, ცნობილი გახდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში 36 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს ისლამური სახელმწიფოს მიერ შეკვეთილი დანაშაულისთვის აკავებენ.
- ამ სტატიაში მივყვებით საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ირანული გავლენების სავარაუდო კვალს.
ერთხელ, მეშჰედში
“ეს იყო წლების წინ, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და კარგად ვერ მივხვდი, მე როგორ შემარჩიეს. მეშჰედში, როგორც წმინდა ქალაქში, ისე ვიყავი წასული ფაიგ ნაბიევის [საქართველოს მუსლიმთა შეიხი - რ.თ.] ორგანიზებულ ტურზე და იქ მივიღე ეს შემოთავაზება. საქართველოში ჩამოსვლის მერეც დამირეკეს. არც დათანხმება მინდოდა და არც პირდაპირ უარის თქმა”, - უყვება რადიო თავისუფლებას თავის პილიგრიმულ გამოცდილებას ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართველი, რომელიც ახლა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. პოლიტიკურ და კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული გავლენიანი სპორტსმენი ირანის წმინდა ქალაქების მოსალოცად იყო წასული, როდესაც მოულოდნელი შეთავაზება მიიღო: ემუშავა ირანის უშიშროების სამსახურისთვის.
საუბარზე ის ანონიმურობის პირობის დაცვით დაგვთანხმდა და გვითხრა, რომ გამონაკლისი არ არის და იცის, რომ წლების განმავლობაში ასეთი შეთავაზება სხვა არაერთ ქართველ ახალგაზრდას მიუღია.
საქართველოდან ირანში წელიწადში ათობით პილიგრიმული ტური ეწყობა მორწმუნეებისთვის, რომლებითაც ასობით მუსლიმი სარგებლობს. ამბავი, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი ჰყვება, დაახლოებით 15 წლის წინ მოხდა:
“სასტუმროში, სადაც დავბინავდით, შესვლისას სტუმრების გვარებს და სახელებს კითხულობდნენ, ოთახებში განაწილებამდე - ჩემი სახელი რომ თქვეს, მალევე მოვიდა ვიღაც კაცი და მითხრა რომ ამ შენობის მეპატრონეს უნდოდა ჩემთან საუბარი და ნაყინის საჭმელად მეპატიჟებოდა. მე ვუთხარი, ხელმძღვანელის გარეშე ვერსად წავალ-თქო. ეს შეთავაზება მეორედაც მივიღე და იგივე ვუთხარი. მესამედ უკვე ოთახის კარზე დამიკაკუნეს, რომელსაც მეგობართან ერთად ვიყოფდი და მთხოვეს, მინუს მეორე სართულზე ჩავყოლოდი. იქ სამი კარგად, სოლიდურად გამოწყობილი კაცი დამხვდა, მაღალი რანგის ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, პიჯაკებსა და პერანგებში იყვნენ ჩაცმულები”.
მამაკაცებმა სპორტსმენს უთხრეს, რომ მასზე ბევრი ინფორმაცია ჰქონდათ, იცოდნენ როგორც მისი გავლენების, ასევე პრობლემების შესახებ.
“მზად ვართ შენი პრობლემები მოვაგვაროთ, ფულსაც მოგცემთ მარნეულში სპორტული დარბაზის გასახსნელად, მზად თუ ხარ ხამენეისთვის სიკვდილზე წახვიდეო. თარჯიმნის საშუალებით გვქონდა ეს ლაპარაკი - მე აზერბაიჯანულად ვლაპარაკობდი, ისინი სპარსულად. მაშინ მორწმუნე ვიყავი, წესებს ვიცავდი, ნამაზს ვასრულებდი და ვუთხარი, მზად ვარ სიკვდილზე წასასვლელად, მაგრამ ან საიდან გაქვთ ჩემზე ინფორმაცია, ან რა საქმე გაქვთ ჩემთვის-თქო?”
პასუხი ვერ მიიღო. თავად სულ რამდენიმე ადამიანი მოუვიდა თავში, რომლებსაც შეეძლოთ მასზე “რეკომენდაციის გაცემა” - ყველა ადგილობრივი სასულიერო პირი.
მამაკაცებმა მხოლოდ ის უთხრეს, ბილეთებს გიყიდით, თურქეთში ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გაგიშვებთ, იქ მოვა ადამიანი, დავალებას მოგცემს და ის უნდა შეასრულო, მეტ დეტალებს ჯერ ვერ გეტყვითო.
ასევე ნახეთ "ირანში აიათოლების მარაგი ამოუწურავია, რაკეტებისგან განსხვავებით" - ჯონ ლი ანდერსონი ხამენეის მემკვიდრეობაზეიმამ ალის ფონდი
კაცი, რომელიც ახლა ევროპულ ქვეყანაში თავშესაფარს ეძებს, ცდილობს, არ თქვას ისეთი დეტალები, რომლებითაც მისი ძველი ნაცნობები საქართველოში ან ირანში მის იდენტიფიცირებას შეძლებენ. გვთხოვს, არ დავაკონკრეტოთ წელი, როცა მისი მოყოლილი ამბავი მოხდა. თუმცა საუბარში ახსენებს იმამ ალის საქველმოქმედო ფონდს, რომლის დაფუძნებაშიც, მისი თქმით, მონაწილეობა თავადაც აქვს მიღებული საბუთებში კვალის დატოვების გარეშე.
ბიზნეს-რეესტრში იმამ ალის ორ ფონდს ვნახულობთ - მათგან ერთი, საქველმოქმედო ფონდი, 2013 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული, მეორე - 2024 წელს, ორივე ფონდს სხვადასხვა დამფუძნებლები ჰყავს. ჩვენი წყარო ამ ორიდან პირველთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ღია წყაროების მიხედვით, ბოლო ხანებში 2024 წელს დაფუძნებული იმამ ალის ფონდი უფრო აქტიური ჩანს. მაგალითად, ეს ფონდი იყო ასევე 2025 წლის აგვისტოში თასუას დღის მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარნეულში, სადაც პალესტინის დროშები ფრიალებდა და რელიგიური მსვლელობის მონაწილეებს ისრაელის და ამერიკის პრეზიდენტების სისხლში ხელებგასვრილი პოსტერები ეჭირათ; ასევე - ოქტომბრის ბოლოს, ისევ მარნეულში პროირანული და ჰამასის მხარდამჭერი მსვლელობის მხარდამჭერიც.
მარნეულში გამართული ჰამასის მხარდამჭერი აქცია. 31 ოქტომბერი, 2026 წელი
ამავე ფონდმა გაავრცელა ინფორმაცია იმამ ალის მეჩეთში აიათოლა ალი ხამენეის ხსოვნის საღამოს შესახებ 2026 წლის 3 მარტს.
აშშ-ისრაელის ერთობლივი საავიაციო დარტყმების ერთ-ერთი პირველი სამიზნე ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი იყო - ის, ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ელიტის 50-მდე სხვა წარმომადგენელთან ერთად, სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველივე დღეებში მოკლეს.
3 მარტს, როგორც ადგილობრივი სასულიერო პირები ამბობენ, მარნეულის მეჩეთში მორწმუნეები მთელი რეგიონიდან შეიკრიბნენ. გამოქვეყნებულ ფოტოებზე მართლაც ჩანს ხალხმრავლობა და ცენტრალურ ადგილას განთავსებული ალი ხამენეის ფოტო.
სასულიერო პირი, რომელიც ხსოვნის საღამოზე კათედრასთან ლოცულობს, რახიდ კერიმოვია, აშშ-სა და კანადისგან ექსტრემიზმის გამო დასანქცირებული ალ მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული ფილიალების მასწავლებელი. განათლება თავადაც ირანში აქვს მიღებული.
"ჩვენ, ქართველი სასულიერო პირები"
მუსლიმურ სამლოცველოებსა და სასწავლებლებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ქართველი მუსლიმების უმეტესობა შიიტია, არც თუ იშვიათად ირანში განათლებამიღებული სასულიერო პირები მსახურობენ.
29 იანვარს, ირანის ხელისუფლების მიერ ათასობით დემონსტრანტის დახოცვისა და საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ქართველმა შიიტმა სასულიერო პირებმა განცხადება გამოაქვეყნეს, ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მისი მმართველის, როგორც თავად უწოდებდნენ, “მჩაგვრელის წინააღმდეგ აჯანყების კულტურის სიმბოლოს”, აიათოლა ალი ხამენეის, მხარდასაჭერად.
“ჩვენ, ქართველი სასულიერო პირები, უზენაესი რელიგიური ლიდერის გვერდით დგომას არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ რელიგიურ, მორალურ და სინდისიერ მოვალეობად მივიჩნევთ”, - ეწერა ამ განცხადებაში, რომელიც 18-მა სასულიერო პირმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა.
ირანში ამერიკის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 6 თებერვალს, მარნეულის იმამ ალის მეჩეთი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ამერიკა და დასავლელი მოკავშირეები რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტების მომწყობებად არიან მოხსენიებული და ისრაელთან ერთად არიან დადანაშაულებულნი სირიაში, ერაყში, ღაზაში, ავღანეთსა და იემენში “მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სისხლისღვრაში". ამავე განცხადებაში ირანის სისხლში ჩახშობილი აჯანყების მონაწილეები “ისლამური წესრიგის წინააღმდეგ ამბოხებულებად” არიან გამოყვანილი.
“რატომ დაწვეს ინფლაციის საბაბით ქუჩაში გამოსულებმა საზოგადოებრივი ადგილები და მეჩეთები?
რატომ დაწვეს ქვეყნის დროშა?
რატომ დაწვეს წმინდა ყურანი?
რატომ მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელები?
ისინი ვიღაც სხვას ემსახურებიან და მათი დავალება იყო ქვეყანაში არეულობის შექმნა”, - წერია ამ ტექსტში, რომელიც ალი ხამენეის სიტყვებით მთავრდება: “თუ მტერი სისულელეს ჩაიდენს, ის ამჯერადაც დამარცხდება.”
ქართველ მუსლიმ მღვდელმსახურებს არცერთი სოლიდარობის წერილი არ გაუვრცელებიათ და არცერთი ლოცვა არ გადაუხდიათ ირანში აჯანყებისას დახოცილი ათასობით დემონსტრანტის ხსოვნის პატივსაცემად.
ასევე ნახეთ „ერთი ტყვია და ერთი სიცოცხლე“ - რას ჰყვებიან ირანელები საქართველოდან3 მარტს, აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციისას ხამენეის ლიკვიდაციის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ კი, საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ მწუხარება გამოთქვა “ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებისა და ლიდერის, დიდი აიათოლა სეიედ ალი ხამენეის მოწამეობრივად დაღუპვასთან დაკავშირებით”.
“ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ კაცობრიობის მტრებმა, ბავშვების მკვლელებმა და იმპერიალისტურმა ძალებმა, რომლებიც მსგავს ქმედებებს სჩადიან, პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სამართლის წინაშე”, - წერია განცხადებაში.
არაფი, ფეზეშქიანი - ოფიციალური და არაოფიციალური კავშირები საქართველოსთან
ირანსა და საქართველოს შორის კავშირების გაღრმავებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი პრემიერ-მინისტრს დაქვემდებარებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოა. სააგენტოს ხელმძღვანელობა და მუსლიმთა სამმართველოს წევრები მართავენ მნიშვნელოვან შეხვედრებს როგორც ირანში, ისე საქართველოში ისლამურ საგანმანათლებლო ცენტრებთან, რელიგიურ დაწესებულებებსა და კულტურულ ინსტიტუციებთან.
წლების განმავლობაში სააგენტოს ხელმძღვანელისა და ადგილობრივი სასულიერო პირების გამართული შეხვედრების პრესრელიზებში ადვილად იძებნებიან ის ადამიანები, რომლებიც ირანის უზენაესი ლიდერის სიკვდილის შემდეგ დროებით იბარებენ ირანის მართვას მანამ, სანამ ახალ მმართველს აირჩევენ, მეტიც, მათგან ერთი მომავალი ლიდერის კანდიდატურადაც განიხილებოდა.
ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ ირანს მართავს დროებით მმართველთა სამკაციანი საბჭო, რომლის შემადგენლობაც ასეთია:
- პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი;
- სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარე ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი;
- ალირეზა არაფი, გუშაგთა 12-კაციანი საბჭოს წევრი, ირანის ეროვნული სემინარიების დირექტორი და ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი.
ალირეზა არაფიში, ირანში გავლენიან განმანათლებელსა და პოლიტიკოსში, წლების წინაც ხედავდნენ ხამენეის მემკვიდრეს და ახლაც განიხილებოდა უზენაესი ლიდერის გაჩენილ ვაკანსიაზე, ალი ხამენეის შვილთან, მოჯთაბა ხამენეისა და ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის შვილიშვილ ჰასან ხომეინისთან ერთად.
ასევე ნახეთ ადმინისტრატორი, ზომიერი პოლიტიკოსი, მემკვიდრე - კლერიკალები ირანის უზენაესი ლიდერობისთვის იბრძვიან70 წლის ალირეზა არაფი 10 წელი - 2008 წლიდან 2018 წლამდე - ხელმძღვანელობდა ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც თეირანიდან 150 კილომეტრით დაშორებულ შიიტთა წმინდა ქალაქ ყუმში მდებარეობს და რომელსაც 2011 წლიდან საქართველოშიც აქვს ფილიალი. უნივერსიტეტი ირანის რბილი ძალის იარაღად და დაზვერვის პროექტად მიიჩნევა. დასანქცირებული ჰყავს აშშ-ს და კანადას.
სასწავლებლის 60-ზე მეტ ფილიალში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია მიმობნეული, ერაყიდან ვენესუელამდე, სასულიერო განათლების პარალელურად, ისლამური სახელმწიფო სანდო მებრძოლებს არჩევს სხვა ქვეყნებში სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მონაწილეობა სირიის კონფლიქტში თავად ალირეზა არაფის აღიარებულიც აქვს 2017 წელს, 2023 წელს კი უნივერსიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ალი აბასმა, ავღანეთში თალიბანთან კავშირებით იამაყა და თქვა, რომ ახალ ხელისუფლებაში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ.
ალირეზა არაფი "ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის" რექტორის სტატუსით მასპინძლობდა 2018 წლის მაისში საქართველოს დელეგაციას - ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოს თანმხლები ინფორმაციის მიხედვით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე ირანელ მასპინძელს ესაუბრა “საქართველოს მუსლიმი თემის დემოგრაფიულ და ეთნიკურ მახასიათებლებზე და სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე.”
ირანულენოვანი წყაროების მიხედვით, ვაშაყმაძემ ალირეზა არაფის ირანთან გაღრმავებული კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებაც უამბო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ ახალ მეჩეთებს აშენებს მუსლიმი მოსახლეობისთვის, “ქართული ოცნების” წევრები რელიგიურ ცერემონიებსაც ესწრებიან ამ მეჩეთებში. ამავე ვიზიტისას ქართული დელეგაცია შეხვდა საქართველოდან ირანში სასწავლებლად წასულ მუსლიმ სტუდენტებსაც.
ზაზა ვაშაყმაძე და ალირეზა არაფი 2018 წელს ირანში გამართულ შეხვედრაზე
"ალ-მუსტაფას ირანული უნივერსიტეტი", რომელსაც სანქციები “ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის” ადევს, საქართველოში განათლების სამინისტროს აკრედიტაციის გარეშე, სულ მცირე, სამ ქალაქში აძლევს ახალგაზრდებს რელიგიურ განათლებას: თბილისში, მარნეულსა და გარდაბანში.
ასევე ნახეთ “სიყვარულის მახვილი” - რას აკეთებს ირანული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი საქართველოში?“ირანის ოცწლიან სტრატეგიაში”, რომელშიც რეგიონში გავლენის ზრდის გზებია დასახული, გაწერილია, რომ ისლამურ სახელმწიფოს სკოლების გარდა, “ცივილიზაციათა დიალოგის ისლამური ცენტრებიც” სჭირდება საზღვრებს გარეთ.
სწორედ “ცივილიზაციათა დიალოგის” ინიციატივითა და “პროფესორ ალირეზა არაფის მზრუნველობით”, 2013 წელს თბილისში ოთხენოვანი ჟურნალის, “სამეცნიერო აზრის” რამდენიმე ნომერი გამოიცა. „სამეცნიერო აზრის” სარედაქციო კოლეგია აერთიანებს მეცნიერებს ქართული და ირანული უნივერსიტეტებიდან.
საქართველოში განათლების და რელიგიის გავლით ირანის გავლენები წლიდან წლამდე იზრდებოდა - მუსლიმთა სამმართველოს წევრები და რელიგიური ლიდერები თითქმის ყოველ წელს სტუმრობენ ირანს. ბოლო ასეთი შეხვედრა, როცა ქართველები ირანის ქალაქ ყუმში "ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს" სტუმრობდნენ, 2025 წლის 3 დეკემბერს შედგა.
საქართველოს ოფიციალური უწყებები არ პასუხობენ კითხვას, საქართველოდან ყოველწლიურად რამდენი სტუდენტი მიდის ირანის რელიგიურ სასწავლებლებში განათლების მისაღებად, თავად "ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის" აქაურ ფილიალში კი ამბობენ, რომ რამდენიმე ათეული.
მუსლიმთა სამმართველოს ლიდერების დელეგაცია ირანში. 2025 წელი, 3 დეკემბერი
სამკაციანი მმართველთა საბჭოდან ალირეზა არიფი ერთადერთი არ არის, ვინც კარიერულ მწვერვალზე ასვლამდე საქართველოსთან აღმოჩნდა დაკავშირებული.
2015 წელს საქართველოში რეგისტრირებულმა ალულ ბეითის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებამ უმასპინძლა ირანელი სასულიერო პირებისა და პარლამენტარებისგან შემდგარ დელეგაციას, რომლის წევრიც იყო ირანის მოქმედი პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი.
2015 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე "ქართული ოცნების" კოალიციის წევრებთან, ზურა აბაშიძესა და გია ცაგარეიშვილთან ერთად მარჯვნიდან მეორე ირანის მოქმედი პრეზიდენტია - ფოტო გამოქვეყნებულია Handson Institute-ის კვლევაში, რომელიც საქართველოში ირანულ გავლენებს ეძღვნება.
კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი “ალულ ბეითი” საქართველოში 2014 წელს დარეგისტრირდა. მისი ხელმძღვანელი მოქმედი შეიხი, ფაიგ ნაბიევია. ალულ ბეითის ქსელი, რომელიც ასევე ირანის რბილი ძალის ინსტრუმენტია, საქართველოში საქველმოქმედო, საგანმანათლებლო მისიის მქონე ორგანიზაციად პოზიციონირებს. ამ ორგანიზაციის ირანელი ხელმძღვანელი, აიათოლა შაჰრისტანი, 2016 წელს თავად ესტუმრა საქართველოს, 2018 წელს კი რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძეს უმასპინძლა ირანში.
აიათოლა შაჰრისტანს ირანში ზაზა ვაშაყმაძე 2018 წლის მაისში ხვდება. მათი შეხვედრის ამსახველი ფოტოები რელიგიის სააგენტომ გამოაქვეყნა.
რეკრუტირება - რა კვებავს ეჭვებს?
2 მარტს საბერძნეთის პოლიციამ ათენის აეროპორტში, ბერძენი მზვერავების მითითებით, ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა საქართველოს მოქალაქე. გამოძიების ვერსიით, 36 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი კაცი, რომლის ვინაობასაც მედია არ ასახელებს, კუნძულ კრეტაზე ნატოს სამხედრო ბაზის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.
კრეტის საზღვაო ბაზა, - ან სუდის საზღვაო ბაზა, როგორც საბერძნეთში უწოდებენ, - ნატოს ყველაზე დიდი ბაზაა ხმელთაშუა ზღვაში და სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საბერძნეთისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც.
25 თებერვალს, ირანსა და აშშ-ს შორის ვითარების დაძაბვის ფონზე, მსოფლიოში ყველაზე დიდი ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი - დროებით სწორედ ამ ბაზაზე გაჩერდა მომარაგებისთვის, სანამ ირანის საწინააღმდეგო საომარ მოქმედებებში ჩაერთვებოდა.
ბერძნული მედიის ცნობებით, 36 წლის კაცი, რომელიც საბერძნეთში გერმანიიდან ჩავიდა და სასამართლოში ირწმუნებოდა, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი იყო, უკვე სცნეს დამნაშავედ საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის, რაც ორწლიანი პატიმრობით და ფულადი ჯარიმით ისჯება. არის თუ არა ის ჯაშუში, შემდეგ სასამართლო პროცესებზე უნდა გაირკვეს.
ასევე ნახეთ „თავი შესწირა სამშობლოს“ - 7 ფერეიდნელი, რომლებიც ირანში საპროტესტო აქციებისას დაიღუპნენეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოსთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებულ მამაკაცებს საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით აკავებენ.
- 2025 წლის აპრილის ბოლოს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს საქართველოში დაბადებული საბერძნეთის 59 წლის მოქალაქე - გამოძიების ვერსიით, ის, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა და ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქალაქ ალექსანდრუპოლისთან სამხედრო-საზღვაო ბაზას უთვალთვალებდა. ეს პორტიც აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ოპერაციებისთვის საკვანძო ლოგისტიკური ჰაბია. გამოძიების ვერსიით, იგი ჯაშუშობისას მოპოვებულ ინფორმაციას უგზავნიდა ლიეტუვაში მყოფ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, - ისიც დაკავებულია.
- 2025 წლის აპრილშივე საბერძნეთში აკავებენ საქართველოსა და პოლონეთის ორმაგ მოქალაქეს, 67 წლის კაცს, რომელიც ქალაქ სერესთან სამხედრო ბაზას უღებდა ფოტოებს და ვიდეოებს. ის ერთადერთია ბოლო ორ წელიწადში საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეებიდან, რომელიც სასამართლომ “არასაკმარისი მტკიცებულებების” საფუძვლით გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც კაცმა თქვა, რომ არ იცოდა, რომ ფოტოებს სამხედრო ბაზას უღებდა.
- 2025 წლის ივნისში საბერძნეთის პოლიციამ ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა 26 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე, ირანული წარმოშობის კაცი. მის გაჯეტებში ამავე სამხედრო ბაზის და ხომალდების 5 000-ზე მეტი ფოტო, ვიდეო და დაშიფრული პროგრამები იპოვეს გამომძიებლებმა. გამოძიება ჯერ არ აჩვენებს პირდაპირ კავშირს რამდენიმე დღის წინ დაკავებულ 36 წლის საქართველოს მოქალაქესთან, მაგრამ არც გამორიცხავს - საეჭვო გარემოებად მიიჩნევა მათ მიერ შერჩეული სასტუმროები.
- 2025 წლის ივნისში საბერძნეთის მეზობლად, კვიპროსში, ქალაქ პაფოსში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს აზერბაიჯანის კიდევ ერთი მოქალაქე, 40 წლის კაცი. კვიპროსის ხელისუფლების ინფორმაციით, მას კონტრაქტი ჰქონდა ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან". ამ შემთხვევაშიც, მისი კავშირი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ 26 წლის თანამემამულესთან და 36 წლის საქართველოს მოქალაქესთან ჯერჯერობით გამოძიებას არ გამოუკვეთია, თუმცა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ქსელთან ჰქონდეთ საქმე, უსაფუძვლოდ არ მიიჩნევა.
საქართველოს მოქალაქეების ირანის სასარგებლოდ მუშაობის ყველაზე გახმაურებული და უკვე დადასტურებული შემთხვევა არა ევროპის კონტინენტზე, არამედ შეერთებულ შტატებში მოხდა.
2022 წელს ამერიკაში მცხოვრები ირანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის შეკვეთით მკვლელობის მცდელობისთვის 2025 წელს დამნაშავედ ცნეს დმანისში დაბადებული კრიმინალური ავტორიტეტი ფოლად ომაროვი. გამოძიების ვერსიით, ის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" დაკვეთით მოქმედებდა.
ასევე ნახეთ ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავესსაქართველოს სახელმწიფო უწყებების პასუხი
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სამინისტროსგან გვაინტერესებდა, რა იციან საზღვრებს გარეთ ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე და არის თუ არა ქართული მხარე ჩართული გამოძიებაში. როცა პირველად ვიკითხეთ 3 მარტს დაკავებული საქართველოს მოქალაქის შესახებ, გვითხრეს, რომ მის შესახებ უწყებაში ცნობა არ შესულა. 6 მარტს განმეორებით დასმული კითხვა უპასუხოდ დარჩა.
უსაფრთხოების სამსახურსაც ვკითხეთ, არის თუ არა ჩართული სუსი გამოძიებაში და რა იცის დაკავებულებზე. ასევე გვაინტერესებდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური როგორ აკონტროლებს ირანის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირების მცდელობებს და არსებობს თუ არა ამის დამადასტურებელი ფაქტები. მაგალითად, ხომ არ გამოუვლენია უწყებას საქართველოს მოქალაქეების გადაბირების შემთხვევები ან მცდელობა ისლამური სახელმწიფოს მხრიდან.
სტატიის გამოქვეყნების დროისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩვენს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა გაცემული. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ გვითხრეს:
"სახელმწიფო სრულად აკონტროლებს სიტუაციას, ფლობს და შესაბამისი პროტოკოლით ამუშავებს არსებულ ინფორმაციებს." იქვე ნათქვამი იყო, რომ ჩვენი კითხვები და საკითხების წამოწევა "აქტუალიზებას უკეთებს თემებს, რომლებიც არ შედის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში" და მოგვიწოდეს "არსებულ პერიოდში თავი შევიკავოთ ისეთი თემების ტირაჟირებისგან, რომლებიც კონტრპროდუქტიულია ამ ინტერესებთან მიმართებით."
ასევე ნახეთ ეძღვნებოდა ირანის ეროვნულ დღესასწაულს და არა გადასახლების წლისთავს - ამბობს კობახიძე, თუმცა მოსაწვევზე სხვანაირად ეწერაბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში ირანის სავარაუდო გავლენების ზრდაზე საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის და ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ მიანიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ.
მამუკა მდინარაძის უწყება რადიო თავისუფლებას წერს, რომ ყურადღებით აკვირდება ბოლო დღეებში "სხვადასხვა პირის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების ხსენებული თუ მინიშნებული მიზნებით რეკრუტირების შესახებ".
"ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.
დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ", - ნათქვამია სუსის მიერ წერილობით გამოგზავნილ პასუხში.
საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურის სავარაუდო გაფართოებაზე გიორგი კანდელაკისა და ამერიკელი ლუ კოფის ავტორობით მომზადებული ანგარიში "ჰადსონის ინსტიტუტმა" ვაშინგტონში 3 მარტს გამოაქვეყნა.
ასევე ნახეთ „საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება“ - ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა