კონგრესმენი კინზინგერი “პატრიოტთა ალიანსის” აჭარაში განთავსებულ ბანერს რუსეთიდან მომავალი დეზინფორმაციის ნაწილად მიიჩნევს

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი შეშფოთებას გამოხატავს წინასაარჩევნო პერიოდში თურქეთის ოკუპანტობასთან დაკავშირებული ნარატივის გამო, რომელსაც საქართველოში „პატრიოტთა ალიანსი“ ავრცელებს. კონგრესმენმა თავისი დამოკიდებულება „პატრიოტთა ალიანსის“ აჭარაში გამოკრულ ბილბორდებთან დაკავშირებით, სადაც აჭარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად ოკუპირებულად იყო მონიშნული და წითელი ფერით გამოყოფილი, ტვიტერზე გამოხატა.

"შეშფოთებული ვარ ზოგიერთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, თითქოს აჭარა თურქეთის ოკუპაციის საფრთხის ქვეშაა. ეს ნონსენსია, თურქეთი საქართველოსთვისაც და ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მე ვფიქრობ, რომ ეს გზავნილი არის რუსეთის მცდელობა, საქართველოს ტეროტორიების ოკუპირებიდან ყურადღება გადაიტანოს და ჩაერიოს მომავალ მნიშვნელოვან არჩევნებში. მოვუწოდებ ყველა პარტიას, გაასაჯაროონ ინფორმაცია უცხოური ფინანსური მხარდაჭერების შესახებ და თავი შეიკავონ საფრთხის შემცველი რიტორიკისგან", - წერს კონგრესმენი twitter-ზე.

ადამ კინზინგერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში თავისუფლად და სამართლიანად ჩაივლის და ქართველი ხალხი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას.

29 აგვისტოს აჭარაში რამდენიმე ადგილას განთავსდა „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერები, რომელსაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. იმავე დღეს, მათგან ერთი ბანერი “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ჩამოხსნა, დანარჩენები კი - მუნიციპალურმა ინსპექციამ. ბანერის სადავო შინაარსის გამო “სამართლიანი არჩევნები” ცესკოში აპირებს სარჩელის შეტანას, ბათუმის მერიამ კი სამართალდარღვევის ოქმები საქალაქო სასამართლოში გადააგზავნა. ბანერის განთავსებას წინ უძღოდა „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსული საგამოძიებო პორტალ “დოსიეს” მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირმა ინაშვილის პარტია წინასაარჩევნოდ კრემლიდან იღებს დაფინანსებას.