5 მითი - სტალინზე, როგორც მთავარსარდალზე 

სტალინის ძეგლი

საბჭოთა კავშირის პროპაგანდა სტალინს უბადლო მთავარსარდლად წარმოაჩენდა, ადამიანად, რომელმაც ნაციზმი დაამარცხა და მშვიდობა დაამყარა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გამოაშკარავებული ფაქტები საწინააღმდეგოზე მიუთითებს - სტალინი არც სამხედრო სტრატეგად ვარგოდა და არც მშვიდობისკენ ისწრაფოდა.

მითი N1 - სტალინი და ჰიტლერი დაუძინებელი მტრები იყვნენ

საბჭოთა ადამიანს გულწრფელად სჯეროდა, რომ სსრკ და მისი მეთაური იოსებ სტალინი მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა ნაციზმს. რეალურად საბჭოთა კავშირი და გერმანია მეორე მსოფლიო ომამდე მოკავშირეები იყვნენ და 1939 წელს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, უფრო სწორად მისი საიდუმლო ნაწილით, ევროპა გადაინაწილეს.

პაქტი ითვალისწინებდა, რომ გერმანია და საბჭოთა კავშირი თავს არ დაესხმებოდა ერთმანეთს და არც მესამე ძალას დაუჭერდნენ მხარს თავდასასხმელად.

პაქტი ასევე შეიცავდა საიდუმლო პროტოკოლს, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპა გერმანულ და საბჭოთა გავლენის ზონებად დაყო. პროტოკოლის არსებობას საბჭოთა კავშირი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა. დოკუმენტი მხოლოდ მეოცე საუკუნის მიწურულს გამოქვეყნდა.

ამ საიდუმლო შეთანხმების შემდეგ, გერმანია და სსრკ პოლონეთში შეიჭრნენ და ქვეყანა გადაინაწილეს. აღლუმიც კი ერთად გამართეს.

Your browser doesn’t support HTML5

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რომელმაც ევროპის საზღვრები შეცვალა

ასევე, საბჭოთა კავშირი შეიჭრა ფინეთში, თუმცა მისი დამორჩილება ვერ შეძლო. სტალინმა საბჭოთა კავშირს შემოუერთა სამი ევროპული ქვეყანა: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. რუმინეთს ჩამოაჭრა ბესარაბია, რომლის უდიდესი ნაწილი თანამედროვე მოლდოვაა.

ასევე ნახეთ

"ზამთრის ომი": 1939 წელს ფინეთში სსრკ-ის შეჭრის ამსახველი ფოტოები

საბჭოთა კავშირი ომში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, რაც გერმანია მის ტერიტორიაზე შეიჭრა 1941 წლის 22 ივნისს.

მითი N2 - სტალინს მშვიდობა სურდა

სტალინი ცდილობდა კომუნიზმი ევროპაშიც გაევრცელებინა და ამას სამხედრო ძალით აპირებდა. ისტორიკოსი მაქსიმ კუზახმეტოვი იუტუბგადაცემაში „и грянул грэм“ ჰყვება, რომ სტალინს, რომელსაც ევროპის დაპყრობა სურდა, ომი ხელს აძლევდა.

მაქსიმ კუზახმეტოვი

„ომი დაიწყო 1939 წელს. სტალინმა ყველაფერი გააკეთა, რომ ის დაწყებულიყო. ფიქრობდა, რომ მეორე მსოფლიო ომიც პირველის მსგავსი იქნებოდა, ანუ სადმე ფლანდრიის სანგრებში გერმანელები ფრანგებსა და ინგლისელებს დაუპირისპირდებოდნენ, ერთმანეთს ამოხოცავდნენ და შემდეგ წითელი არმია პარიზამდე ჩავიდოდა. არაფერი გამოვიდა, ვერც სტალინმა ივარგა და მოვლენებიც სხვაგვარად განვითარდა“, - ამბობს კუზახმეტოვი.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სტალინი ჯერ კიდევ ფიქრობდა სხვა ქვეყნების დაპყრობაზე. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი დავით ხვადაგიანი ჰყვება, რომ სტალინის მთავარი მიზანი ახლო აღმოსავლეთში შეჭრა იყო, რისთვისაც ჯერ თურქეთისთვის ომის დაწყება და ქვეყნის გახლეჩა იყო საჭირო.

დავით ხვადაგიანი

„მას უნდოდა საქართველოსთვის და სომხეთისთვის დაებრუნებინა ტერიტორიები, რომელიც მანამდე თავადვე დაუთმო თურქეთს. ტერიტორიების დაბრუნება ომის დაწყების საბაბი იქნებოდა. ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნასაც გეგმავდა. თუმცა ეს ვერ გააკეთა, რადგან აშშ და ბრიტანეთი მკვეთრად დაუპირისპირდნენ სტალინს და თურქეთს დაცვის გარანტია მისცეს.

1945 წლიდან 1952 წლამდე ქართულ საზოგადოებაში მთელი ისტერია იყო, დღე-დღეზე ტაო-კლარჯეთს დავიბრუნებთო. საქართველოში ეს ისე შუქდებოდა თითქოს სტალინს ქართული პროვინციების შემოერთება სურდა, სინამდვილეში კი გაცილებით შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა“, - ამბობს ხვადაგიანი.

ასევე ნახეთ

როგორ არ დასცალდა სტალინს III მსოფლიო ომი

მითი N3 - სტალინი კარგი მთავარსარდალი იყო

სტალინს სამხედრო განათლება საერთოდ არ ჰქონდა, ომს კი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, რამაც საბოლოოს მილიონობით ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია. საბჭოთა კავშირმა გერმანიასთან ბრძოლაში სულ ცოტა 27 მილიონი ადამიანი დაკარგა, მათში 200 ათასზე მეტი საქართველოდან, რაც ძალიან დიდი მსხვერპლია.

ასევე ნახეთ

Quiz: რა ვიცით ქართველების მონაწილეობაზე II მსოფლიო ომში?

1937-1938 წლების სტალინური რეპრესიები შეეხო ოფიცრებსაც. სტალინი ძველი თაობის სამხედროებს არ ენდობოდა, ამიტომ ბევრი მათგანი დახოცეს, მათ შორის საქართველოშიც.

საფრანგეთის საზოგადოებრივ-მეცნიერებათა სკოლის დოქტორი, ისტორიკოსი გიორგი მამულია ამბობს, რომ სტალინმა დახვრიტა ქართველი სამხედროები, რომლებიც საქართველოს გასაბჭოებამდე ნაციონალურ დივიზიებში მსახურობდნენ.

„ყველა მათგანს დაჰბრალდა ნაციონალიზმი, ანტიბოლშევიკური ქმედებები და ამ სრულიად ყალბი ბრალდებებით სამხედროები, მათ შორის გენერლები და პოლკოვნიკები, რომლებიც ჯერ მეფის არმიაში, შემდეგ კი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში მსახურობდნენ, დახვრიტეს“, - ამბობს გიორგი მამულია რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ასევე ნახეთ

რატომ დატრიალდა ქერჩის ტრაგედია?

საბჭოთა ჯარი სამხედრო ელიტის გარეშე იყო დარჩენილი.

„ეს მაშინვე გამოჩნდა, როდესაც საბჭოთა კავშირი ფინეთში შეიჭრა. იმ დროს სტალინი და ჰიტლერი ჯერაც მოკავშირეები იყვნენ. 1939 წლის ნოემბერში დაიწყო ფინეთის ოპერაცია. გეგმავდნენ, ჰელსინკი მაქსიმუმ 3 კვირაში, სტალინის დაბადების დღისთვის (31 დეკემბერი) აეღოთ. ეს გეგმა ჩაიშალა. კარგად გამოჩნდა, სინამდვილეში რას წარმოადგენდა „ძლევამოსილი“ საბჭოთა არმია“, - ამბობს დავით ხვადაგიანი.

საბჭოთა არმია წარმატებას აღწევდა არა კარგად დაგეგმილი სამხედრო ოპერაციებით, არამედ იმით, რომ ძალიან ბევრ ჯარისკაცს უაზრო სიკვდილისთვის სწირავდა. წითელი არმიის მთავარი კოზირი სწორედ ხალხის მასა ანუ საზარბაზნე ხორცი იყო.

ასევე ნახეთ

„ამ საფლავებს ხომ არავინ უვლიდა“ - როგორ გადამალა სსრკ-მ მეორე მსოფლიო ომში დაშავებულები

მითი N3 - საბჭოთა მოქალაქეებს მხოლოდ მტერი ხოცავდა

საბჭოთა კავშირმა ათითასობი დეზერტირი დახვრიტა. დიდი მსხვერპლი იყო სამოქალაქო მოსახლეობაშიც, რადგან ისინი ხშირად საბრძოლო მოქმედებების ადგილას რჩებოდნენ.

ასევე ნახეთ

დეზერტირები მეორე მსოფლიო ომში

„სტალინი არც თვლიდა საჭიროდ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი აერიდებინა. მიიჩნევდა, რომ ომში გასამარჯვებლად ყველანაირი მსხვერპლი მისაღებია. ცნობილია ფაქტებია, თუ როგორ აფეთქებდნენ წყალსაცავებს მოსკოვის დაცვისას, რამაც არა მარტო გერმანული ნაწილები, ათასობით საბჭოთა ადამიანიც იმსხვერპლა“, - ამბობს დავით ხვადაგიანი.

მითი N4 - სტალინის შვილებიც მოწოდებით სამხედროები იყვნენ

სტალინი მიიჩნევდა, რომ მისი შვილებიც სამხედროები უნდა ყოფილიყვნენ. ვასილი მფრინავი გახდა, იაკობი - არტილერისტი, მოგვიანებით ის ტყვეობაში დაიღუპა.

„სტალინის ქალიშვილი იგონებს, იაკობი მამის კატეგორიული მოთხოვნით გახდა სამხედროო. უკვე 30 წელზე მეტის იყო, როცა სამხედრო სასწავლებელში შევიდა. ის პირველივე დღეებში ჩავარდა ტყვედ“, - ამბობს დავით ხვადაგიანი.

ასევე ნახეთ

რამდენი დაიღუპა, ვისი დამსახურებაა გამარჯვება, მართლაც შეიკრა საბჭოთა ხალხი? - მითები მეორე მსოფლიო ომზე

მითი N5 - ომი სტალინმა მოიგო

სინამდვილეში საბჭოთა კავშირმა გერმანიის დამარცხება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ამ ბრძოლაში ამერიკა და დიდი ბრიტანეთი ჩაერთო. 1941 წლიდან ამერიკელები საბჭოთა კავშირს არა მხოლოდ საკვებით, იარაღითაც ეხმარებოდნენ.

„სხვათა შორის ამის ერთ-ერთი მოწმე არის მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი. ის თავის ავტოინტერვიუში წერს, რომ 1941 წელს, იმ კოლონების გამცილებელი იყო, რომელსაც ამერიკული დახმარება ირანის გავლით შემოჰქონდა, გზად, რა თქმა უნდა, საქართველოსაც გადიოდნენ“, - ამბობს დავით ხვადაგიანი, - „ამერიკის გარეშე საბჭოთა კავშირი აუცილებლად დამარცხდებოდა“.

ასევე ნახეთ

Lend-Lease-ის მასშტაბი და რუსულ-საბჭოთა უმადურობა