Accessibility links

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი: აქტი პირველი. ბერლინი-ვარშავა


„ურალი თავისი შეუზღუდავი ნედლეულით, ციმბირი მდიდარი ტყეებით, უკრაინა უზარმაზარი ხორბლის ყანებით - ყველაფერი ეს რომ გერმანიის ხელთ იყოს, მაშინ, ნაციონალ-სოციალისტების ლიდერობის პირობებში, ჩვენი ქვეყანა სიუხვეში იცურავებდა.“

ადოლფ ჰიტლერი, 1936 წლის 12 ნოემბერი

კონვენციური თეორიის მიხედვით, ჰიტლერს ერთი სული ჰქონდა, გაესრისა პოლონეთი, რათა შემდეგ საფრანგეთისთვის მოეღო ბოლო და მხოლოდ ამის შემდეგ დასხმოდა თავს საბჭოთა კავშირს. ამავე კონვენციური თეორიის თანახმად, სწორედ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა გაუხსნა ხელები ჰიტლერს საიმისოდ, რომ პოლონეთში შეჭრილიყო, თუმცა მოვლენების წმინდა ქრონოლოგიური ჯაჭვი განსხვავებულ სურათს გვიხატავს: ჰიტლერის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გერმანული კოლონიების შექმნა, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად მას სჭირდებოდა საერთო საზღვარი საბჭოთა კავშირთან. ჰიტლერისთვის ყველაზე ბუნებრივი გახლდათ ვარშავასთან ალიანსი. ფიურერი პოლონეთის დაპყრობასა და სტალინთან გარიგებას მხოლოდ მას შემდეგ შეეცადა, რაც მიხვდა, რომ სამხედრო თანამშრომლობაზე ვარშავის დაყოლიება შეუძლებელი იყო. გარიგებას, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელს ატარებს.

დიპლომატიური ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არც ერთ მოვლენას არ გამოუწვევია ისეთი სკანდალი, როგორც ეს 80 წლის წინ ჰიტლერ-სტალინის გარიგებამ მოახერხა.

ვინ იყო ამ გარიგების ინიციატორი? ვის უფრო სწყუროდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმება? ვინ უფრო მეტი სარგებელი ნახა ამ პაქტიდან? სტალინი სერიოზულად ფიქრობდა ლონდონ-პარიზთან ალიანსზე თუ ეს მოლაპარაკებები ბერკეტი იყო ბერლინთან ვაჭრობაში? ვის რა წილი პასუხიმგებლობა აკისრია მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში?

ამ თემების გარშემო კამათი დღემდე არ წყდება ისტორიკოსებს შორის.

ჩვენ შემოგთავაზებთ სტატიების სერიას, რომლის საშუალებითაც ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით.

P.S. სტატიებში გამოყენებულია მასალა ჩვენი წიგნიდან "ბარბაროსა, 1941. აბსოლუტური ომი".

აქტი პირველი. ბერლინი-ვარშავა

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ორ რევიზიონისტ სახელმწიფოს (გერმანია და საბჭოთა კავშირი) შორის გაჩხერილი პოლონეთის პოლიტიკა ბაგირზე მოსიარულე ადამიანს ჰგავდა - ვარშავამ კარგად იცოდა, რომ ერთ-ერთი მტაცებელი მეზობლისკენ ოდნავ გადახრა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა.

თავის მხრივ, საბჭოთა კავშირის ტერიტორიის დაპყრობა და მისი კოლონიზება ადოლფ ჰიტლერის პირადი პროექტი იყო. ეს პროექტი დაიბადა 1924 წელს და 1933 წლიდან ჰიტლერი თანმიმდევრულად შეუდგა მის განხორციელებას, თუმცა ამ პროგრამის გადაჭრას წინ ედგა ერთი პრობლემა - გერმანიას არ ჰქონდა საერთო საზღვარი საბჭოთა კავშირთან. პოლონეთ-საბჭოთა კავშირის 1000-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი კი საუკეთესო პლაცდარმი იყო საბჭოთა კავშირის დასაპყრობად. ამასთან ერთად, ჰიტლერი თვლიდა, რომ პოლონეთის 700 000-კაციანი არმია (რომელიც ჯერ კიდევ 1920 წელს დაამარცხებს წითელ არმიას) საკმაოდ ძლიერი მოკავშირე იქნებოდა საბჭოთა კავშირთან ომში. და ჰიტლერიც ძალაუფლებაში მოსვლისთანავე შეეცდება პოლონეთის დაყოლიებას, ჩაებას „ბოლშევიზმის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ომში“.

ვარშავისადმი ბერლინის ექვსწლიანი ფლირტის უკანასკნელი აკორდები ასე გამოიყურებოდა:

1938 წლის 24 ოქტომბერს, ბერხტესგადენის გრანდ ოტელში სადილისას, რიბენტროპი პოლონეთის ელჩ ლიპსკის გააცნობს ორმხრივი ურთიერთობის საკუთარ გეგმას, რომელსაც „ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა პრობლემა უნდა მოეგვარებინა“. რიბენტროპი ითხოვდა ქალაქ დანციგზე (გდანსკზე) ბერლინის იურისდიქციის აღდგენას და ექსტრატერიტორიულ გზატკეცილსა და რკინიგზას ე.წ. დანციგის დერეფანში. ამის სანაცვლოდ ბერლინი მზად იყო, უარი ეთქვა ზემო სილეზიაზე, რომელიც 1919 წელს გადაეცა პოლონეთს. რიბენტროპი ასევე ხაზს გაუსვამს, რომ ბერლინი მოხარული იქნებოდა, თუ ვარშავა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართულ ანტიკომინტერნის პაქტს შეუერთდებოდა. რიბენტროპი იქვე დააყოლებს, რომ ბერლინი ასევე ვარშავას სთავაზობს სამხედრო თანამშრომლობას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. გაფითრებული და ხელებაკანკალებული პოლონელი ელჩი რიბენტროპს შეახსენებს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე ჰიტლერი ვარშავას პირობას აძლევდა, რომ დანციგის სტატუსს არასდროს დააყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

დანციგის კორიდორი
დანციგის კორიდორი

​1939 წლის 5 იანვარს უკვე ჰიტლერი უმასპინძლებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იოზეფ ბეკს ბერხტესგადენში. გაიმეორებს რა მოთხოვნას დანციგსა და დერეფანზე, ჰიტლერი რიბენტროპზე უფრო ნათელი იქნება: “საბჭოთა კავშირის წინაააღმდეგ გერმანიას სჭირდება ძლიერი პოლონეთი და ძლიერი პოლონური არმია“. ჰიტლერთან შეხვედრიდან მეორე დღეს ბეკის „დამუშავებას“ რიბენტროპი გააგრძელებს. თუმცა უშედეგოდ - პოლონელი დიპლომატი პირდაპირ განუცხადებს გერმანელ კოლეგას, რომ „პირველად იგრძნო თავი ძალზე პესიმისტურად და ვერ ხედავდა ბერლინთან შეთანხმების შესაძლებლობას კანცლერის მიერ დანციგთან დაკავშირებული კითხვების თაობაზე“.

1939 წლის 25 იანვარს უკვე ვარშავაში შეეცდება რიბენტროპი, დაიყოლიოს იოზეფ ბეკი, რომელსაც, ამჯერად, დანციგის სანაცვლოდ, უკრაინის ტერიტორიას დაჰპირდება. პასუხად ისევ პოლონურ nie-ს მიიღებს.

ჰიტლერი მაინც არ კარგავდა იმედს, რომ ბოლოს და ბოლოს ჩაითრევდა ვარშავას მოსკოვის წინააღმდეგ ომში. 30 იანვარს რაიხსტაგში გამოსვლისას ხოტბას შეასხამს რა გერმანულ-პოლონურ მეგობრობას, პარალელურად გააგრძელებს ვარშავაზე ზეწოლას. 24 თებერვალს უნგრეთი - პოლონეთის ერთადერთი მოკავშირე მეზობელ ქვეყნებს შორის - შეუერთდება ანტიკომინტერნის პაქტს. ხოლო 1939 წლის 19 მარტს ვერმახტის მიერ პრაღის ოკუპაციის შედეგად, ვარშავა მთლიანად გარშემორტყმული აღმოჩნდება მტრულად განწყობილი მეზობელი ქვეყნებით: ერთი მხრივ, 80-მილიონიანი გერმანიითა და მისი ვასალი ქვეყნებით (სლოვაკეთი და უნგრეთი) და, მეორე მხრივ, 180-მილიონიანი საბჭოთა კავშირით.

ნაცვლად ჩაყოლისა, პოლონეთი ბოლომდე ბრძოლის გაგრძელებას გადაწყვეტს: გააძლიერებს თუ არა საკუთარ არმიას დანციგის გარშემო და გამოაცხადებს რა რეზერვისტების ზოგად მობილიზაციას, 28 მარტს ვარშავა პირდაპირ აღნიშნავს, რომ დანციგის ოკუპაციის შემთხვევაში გერმანიასა და პოლონეთს შორის ომი გარდაუვალი იქნებოდა. ვარშავის დეკლარაციიდან სამი დღის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩემბერლენი ბრიტანეთის პარლამენტში განაცხადებს, რომ ლონდონი პოლონეთის დამოუკიდებლობის გარანტი იქნებოდა.

ეს აიძულებს ჰიტლერს ბოლო წუთებში კარდინალურად შეცვალოს გეგმები და 1939 წელს საბჭოთა კავშირის ნაცვლად... პოლონეთს დაესხას თავს. ასე, 11 აპრილს იგი ხელს მოაწერს დირექტივას „გეგმა თეთრი“ - სამხედრო ოპერაციას პოლონეთის წინააღმდეგ.

რა მოხდებოდა, პოლონელებს რომ nie არ ეთქვათ? რა შეიძლება მომხდარიყო ბეკ-რიბენტროპის პაქტის შემთხვევაში? შეიძლება ამის შედეგად გერმანიას ჯერ კიდევ 1939 წლის გაზაფხულზე დაეწყო ომის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ? ამის შესახებ მკითხველს შემდეგ თავში შეუძლია წაიკითხოს.

სერიის სხვა ნაწილები:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG