Accessibility links

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი: მესამე აქტის ალტერნატული გადახვევა


ვიაჩესლავ მოლოტოვისა და იოახიმ ფონ რიბენტროპის შეხვედრა მოსკოვში.

რა მოხდებოდა, თუ სტალინი ჩათვლიდა, რომ ჰიტლერთან ალიანსი დიდი საფრთხის შემცველი იყო? რა მოხდებოდა, სტალინს რომ ხელი მოეწერა საფრანგეთ-ბრიტანეთთან სამხედრო კავშირზე? რას შეცვლიდა ეს?

პირველი ჰიპოთეზა: ჰიტლერი ორ ფრონტზე ომის შიშით უკან დაიხევდა. და ჩემბერლენი, ისე, როგორც 1938 წლის ნოემბერში, თავს ევროპის მშვიდობის მტრედად გამოაცხადებდა. ოპტიმისტებს შეუძლიათ კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ივარაუდონ, რომ ეს შეარყევდა ჰიტლერის ქარიზმატულ ძალაუფლებას და გააძლიერებდა სამხედრო ოპოზიციას, რაც საბოლოოდ ჰიტლერის ტახტიდან გადმოგდებით დასრულდებოდა. მაგრამ ივარაუდო ასეთი ფინალი, ნიშნავს აღწერო ჩემბერლენის ოცნება. ჩემბერლენის ოცნება კი სხვა არაფერი იყო, თუ არა სიზმარი...

მეორე ჰიპოთეზა: ჰიტლერს დროებით შეაჩერებდა საკუთარ დივიზიებს და დიპლომატიური გზით ეცდებოდა, დაემსხვრია მოსკოვ-პარიზ-ლონდონის ძალზე მყიფე ალიანსი, რაც, კაცმა რომ თქვას, შესაძლებელი იყო.

მაგრამ ეს ორი ვერსია სერიოზულად განიხილო, ნიშნავს წარმოდგენა არ გქონდეს ჰიტლერზე, რომელიც ყოველთვის ყველგან ვა-ბანკზე მიდიოდა (მისი საკუთარი სიტყვებია); და თან ამ ვა-ბანკზე წასვლის გადაწყვეტილებას ორ წუთში იღებდა... მაგალითად, ვაგნერის ოპერის მოქმედებებს შორის ანტრაქტში...

სინამდვილეში წითელი არმიის კატასტროფული მდგომარეობა, ფრანკო-ბრიტანელების სამხედრო სისუსტე და ის, რომ არ იყო მზად ჰიტლერთან ომის წარმოების პოლიტიკური ნება - ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: მოაწერდა თუ არ მოაწერდა სტალინი ხელს პაქტზე, ომი 1 სექტემბერს დაიწყებოდა. პოლონეთის არმია ორ კვირაში იქნებოდა განადგურებული, ისე, როგორც ისედაც მოხდა. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ სტალინი არ ისარგებლებდა ამ შანსით და არ დაძრავდა წითელ არმიას „ძირძველი რუსული მიწების“ ანექსიის მიზნით?! მით უმეტეს, რომ ამ ტერიტორიების ანექსიის სამხედრო გეგმები წითელ გენშტაბში დიდი ხანია არსებობდა. მეორე მხრივ, დასავლეთში საფრანგეთის უმოქმედობა მხოლოდ გააღვიძებდა სტალინის ძველ ფობიებს კაპიტალისტური ფრონტის ერთიანობის შესახებ. რაც სტალინს საბოლოოდ გადააწყვეტინებდა, ყაბულს ყოფილიყო ჰიტლერის ექსპრომტად შემოთავაზებულ მოდუს ვივენდიზე. რა იქნებოდა ეს, თუ არა დე ფაქტო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი?

თუმცა არსებობს კიდევ უფრო რეალური ჰიპოთეზა: პოლონეთის ტერიტორიაზე შეხვედრილ ვერმახტსა და წითელ არმიას შორის შეხლა-შემოხლა დიდი ალბათობით გადაიზრდებოდა სრულფასოვან კონფლიქტში, რომელიც სამხედრო კონფლიქტს იმპროვიზებულ „ბარბაროსად“ გადააქცევდა. იმპროვიზებულ „ბარბაროსას“ დიდი ვარაუდით მოჰყვებოდა უკრაინისა და ბელორუსიის ოკუპაცია (შემოდგომასთან დაკავშირებული მეტეოროლოგიური პრობლემების გამო გერმანელები უფრო ღრმად ვერ შევიდოდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე). ეს ვარიანტი ფრანკო-ბრიტანელებისთვისაც იდეალური იქნებოდა, რადგან აღმოსავლეთ ფრონტზე გაჩხერილი გერმანია ვეღარ გახსნიდა მეორე ფრონტს დასავლეთით. დასავლეთი ევროპა აღარ იქნებოდა ოკუპირებული... რაც შეეხება მოსკოვს - იგი თავიდან აირიდებდა 22 ივნისის მოულოდნელობას.

ასე რომ, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტით ევროპა ყველაზე უფრო კოშმარულ გზას დაადგება...

სერიის სხვა ნაწილები:

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG