Accessibility links

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი: აქტი მესამე. ბერლინი-მოსკოვი


იოსებ სტალინისა და იოახიმ ფონ რიბენტროპის შეხვედრა. მოსკოვი, 1939 წ. 23 აგვისტო.

1939 წლის 23 მაისს ფიურერის კანცელარიაში, საიდუმლო შეხვედრაზე, თხუთმეტიოდე გენერალი იყო შეკრებილი, რათა ჰიტლერის სამხედრო გეგმები განეხილათ: „დანციგი არ წარმოადგენს ჩვენს ნამდვილ მიზანს. ჩვენი მიზანია აღმოსავლეთით სასიცოცხლო სივრცის გაფართოება (სსრკ-ს ხარჯზე - ლ.ო.), რაც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ჩვენს საარსებო პრობლემებს“ - განუცხადებს ფიურერი თავის გენერლებს.

მაგრამ „გარემოებები განაპირობებს მისი რეალიზაციის გადადებას“, ვინაიდან „პოლონეთის პრობლემა გამოიწვევს დასავლეთთან კონფლიქტს“. და, მართალია, ჰიტლერი ფიქრობდა, რომ პოლონეთის სასარგებლოდ დასავლეთის ინტერვენცია სავარაუდო იყო, მაგრამ პარიზ-ლონდონის „იზოლაცია პოლიტიკური ნიჭის საკითხი“ გახლდათ. ჰიტლერის აზრით, თუ ინგლისთან მოუწევდა ომი, ეს კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდებოდა. გრძელვადიან ომს კი სჭირდებოდა რესურსები, რათა გერმანია არ აღმოჩენილიყო ეკონომიურ ბლოკადაში - ისე, როგორც ეს პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა. „რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ურთიერთობები გაუმჯობესდება. გამორიცხული არაა, რომ რუსეთი დაინტერესდეს პოლონეთის განადგურებით,“ - დაასკვნის ფიურერი.

29 მაისს, გენერლებთან ჰიტლერის საუბრიდან სულ რაღაც ექვს დღეში, მესამე რაიხის სახელმწიფო მდივანი ფონ ვაიცზეკერი განუცხადებს ალექსეი მერეკალოვს, სტალინის ელჩს ბერლინში: „გერმანია მზადაა ღია დისკუსიისათვის და მოსკოვისათვის დადგა გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღების დრო“. სწორედ ამ დღიდან, 29 მაისიდან, იწყება ბერლინის ფლირტი მოსკოვთან.

2 ივნისს ფონ ვაიცზეკერი კიდევ უფრო კონკრეტული იქნება - მისი მტკიცებით, გერმანია არ აპირებდა აღმოსავლეთით ექსპანსიას და გერმანიის მიზნები, მოეხდინა საბჭოთა უკრაინის ოკუპაცია, მხოლოდ და მხოლოდ პოლონური ფანტაზიის წყარო იყო. 26 ივნისს, ბერლინის რესტორან „ერნესტში“ სადილობის დროს, გერმანიის ეკონომიკის სფეროს დელეგაციის ხელმძღვანელი კარლ შნურე პირდაპირ განუცხადებს ასტახოვს, თავის საბჭოთა კოლეგას: „რიბენტროპმა დამავალა თქვენთვის გადმომეცა, რომ ჩვენ მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ თქვენთან ერთად: პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, უსაფრთხოების გარანტიები“. ამის პასუხად ასტახოვი შნურეს შეახსენებს, რომ „მაინ კამპფის“ მიხედვით, ჰიტლერს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. „ოო, ეს 16 წლის წინ იყო. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღეს ფიურერი სულ სხვანაირად ფიქრობს. დღეს ჩვენი მთავარი მტერი ინგლისია,“ მიუგებს მას შნურე.

2 აგვისტოს საბჭოთა ელჩ მერეკალოვთან საუბრისას რიბენტროპი კიდევ უფრო პირდაპირი იქნება: „ოცდახუთი წლის წინ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. მაშინ რუსეთის მეფემ მოკავშირედ ინგლისი აირჩია და შედეგად ამისა ტახტი დაკარგა. არ არსებობს მიზეზი, რომელიც თქვენ გაიძულებდათ ჩვენთან ომი აწარმოოთ. ერთადერთი ჩვენი თხოვნაა, რომ არ ჩაერიოთ ჩვენს შიდა საქმეებში. (...) არ არსებობს საკითხი, რომელზეც ჩვენ ვერ შევთანხმდებით. შავი ზღვიდან დაწყებული ბალტიის ზღვამდე არ არსებობს ტერიტორია, რომლის შესახებაც ჩვენ ვერ შევთანხმდებით (ამ ფრაზას რიბენტროპი რამდენჯერმე გაიმეორებს). მე არ ვიცი, თქვენ რა გზა გაქვთ არჩეული, მაგრამ ჩვენ რაც შეგვეხება - ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ ე.წ. დემოკრატიების მიერ ატეხილ აყალ-მაყალს. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს ძალებში. შეუძლებელია, რომ ადოლფ ჰიტლერმა ომი წააგოს. პოლონეთის საქმე უცბად მოგვარდება - მაქსიმუმ 7-10 დღე დასჭირდეს ამ საქმეს“. ამ ძალზე არაორაზროვანი მონოლოგის შემდეგ რიბენტროპი სთხოვს საბჭოთა დიპლომატს, რომ მისი სიტყვები დაუყოვნებლივ გადასცენ კრემლს.

3 აგვისტოს უკვე შულენბურგი, გერმანიის ელჩი მოსკოვში, შეხვდება მოლოტოვს და შესთავაზებს ურთიერთობების გაუმჯობესების სამსაფეხურიან გეგმას, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობით უნდა დაწყებულიყო. მომდევნო დღეს, სტალინთან კონსულტაციის შემდეგ, მოლოტოვი უპასუხებს, რომ აპრიორი მოსკოვს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო.

14 აგვისტოს შნურე გადასცემს ასტახოვს, რომ ფიურერს სურდა რიბენტროპის მოსკოვში გაგზავნა სტალინთან მოსალაპარაკებლად. მომდევნო დღეს უკვე შულენბურგი შეხვდება მოლოტოვს და შესთავაზებს ბალტიის ქვეყნებში „კრემლის ინტერესების გათვალისწინებას“ და თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერას. ბერლინის დაპირებები კრეშჩენდოთი გაიზრდება 19 აგვისტომდე, როცა შულენბურგი პაქტის პროექტს გააცნობს მოლოტოვს. 21 აგვისტოს ჰიტლერის ელჩი განუცხადებს მოლოტოვს, რომ რიბენტროპი მზად იყო მოსკოვში ჩასასვლელად.

22 აგვისტოს შუადღის 3 საათისათვის, მოსკოვში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, რიბენტროპი ჰიტლერს შეხვდება. ამ შეხვედრისას ფიურერი აუხსნის რიბენტროპს, რომ მისი მისია იყო არა მოლაპარაკებები, არა ვაჭრობა, არამედ ყველანაირ დათმობაზე წასვლა სტალინთან. რიბენტროპს რაც შეიძლება ჩქარა უნდა ჩაედო ჯიბეში ხელმოწერილი ხელშეკრულება და უკან დაბრუნებულიყო - პოლონეთზე თავდასხმა 26 აგვისტოს დილის 4 საათისთვის იყო დაგეგმილი. რიბენტროპს მხოლოდ 50 საათიღა ჰქონდა დარჩენილი...

22 აგვისტოს, საღამო ხანს, გერმანიის დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა. მოსკოვში თვითმფრინავი მხოლოდ მეორე დღის ნაშუადღევს ჩაფრინდება. დელეგაციას აეროპორტში არა მოლოტოვი, არამედ მისი მოადგილე პოტიომკინი შეეგებება. ნაცისტური ჰიმნის აჟღერებისას რიბენტროპი შეამჩნევს, რომ ნაცისტური დროშები უკუღმა იყო დაკიდებული... გერმანელების აზრით, პოტიომკინი უკუღმა დროშების ფონზე მხოლოდ ავისმომასწავებელი თუ იქნებოდა... (ერთი, რაც გერმანელებმა არ იცოდნენ, ის იყო, რომ თვით ეს დროშები ანტინაცისტური საბჭოთა ფილმის დეკორაციების რეკვიზიტს წარმოადგენდა...). თუმცა ავისმომასწავებელი ნიშნები ნახევარ საათში გაქარწყლდება, როცა რიბენტროპს, მოლოტოვთან ერთად, თვით სტალინი მიიღებს.

არასდროს არ ყოფილა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ასე ადვილი. არასდროს არ გაუნაწილებია ორ მტაცებელს ნადავლი ასე იოლად... დილის 2 საათისათვის უკვე ხელმოწერილი იყო ორი დოკუმენტი (ათწლიანი თავდაუსხმელობის პაქტი და საიდუმლო პროტოკოლი).

„ჩემი მეორე ბისმარკი!“ - ასეთი გროტესკული სიტყვებით შეეგებება მეორე დღეს ფიურერი გერმანიაში დაბრუნებულ რიბენტროპს.

ზემოთმოყვანილი ქრონოლოგიის ჯაჭვიდან ნათლად ჩანს, რომ ჰიტლერი იყო ბერლინ-მოსკოვის მოლაპარაკებების როგორც ერთადერთი ინიციატორი, ასევე ერთადერთი საჭევარი. მიუხედავად ამისა, პაქტზე ხელის მოწერით უბიძგა თუ არა სტალინმა ჰიტლერს ომისკენ? კი და არა. არა - იმდენად, რამდენადაც ჰიტლერი პაქტის გარეშეც აპირებდა პოლონეთზე თავდასხმას. კი - იმდენად, რამდენადაც ჰიტლერს სჭირდებოდა სტალინის ხელმოწერა საკუთარი გენერლების დასამშვიდებლად, რომ არ გამეორდებოდა პირველი მსოფლიო ომის სცენარი, როცა გერმანიას ორ ფრონტზე მოუწია ბრძოლა.

2 სექტემბერს მწერალი მიხაილ პრიშვინი საკუთარ დღიურში აღწერს, თუ რა სიხარულით შეხვდებიან მოსკოველები გერმანელების პოლონეთში შეჭრას. 15 დღის შემდეგ, როცა პოლონეთში წითელი არმია შეიჭრება, მოსკოველების (მათ შორის ანტიბოლშევიკების) ეს სიხარული მხოლოდ გაორმაგდება... ვარშავის ზიზღი იყო ერთ-ერთი ის, რაც მოსკოვს და ბერლინს ერთმანეთთან აერთიანებდა...

სერიის სხვა ნაწილები:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG