ნავთობის უარყოფითი ფასი? - რა ხდება მსოფლიოში

მსოფლიო ეკონომიკისთვის არნახული დარტყმა იყო, როცა კორონავირუსის გამო შემოღებული აკრძალვების ვითარებაში აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი 20 აპრილის შემდეგ ისტორიულად დაეცა.

მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე არასტაბილურობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა მოვაჭრემ, რომლებმაც გააფორმეს აშშ-ის ნავთობის ფიუჩერული (ვადიანი) კონტრაქტები, გადაწყვიტეს იქით გადაეხადათ პარტნიორებისთვის თანხა, ოღონდ წაეღოთ საქონელი.

ამან აშშ-ში წარმოებული ნავთობის ფასი 0 დოლარი გახადა - პირველად ისტორიაში.

Brent Crude-ის (ნავთობის საეტალონო მარკა) და რუსეთში წარმოებული URALS-ის ტიპის ნავთობის ფასმა ასევე საგრძნობლად დაიკლო მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ნავთობის საფასური უარყოფითი გახდა.

აი, პასუხები მთავარ შეკითხვებზე, რომლებიც აშშ-ის ნავთობის ფასის ისტორიულმა დაცემამ გააჩინა.

რა არის ნავთობის გლობალური ფასების ისტორიული ვარდნის მიზეზი?

კორონავირუსის პანდემიამ ნავთობის გლობალური მოთხოვნა საგრძნობლად შეამცირა, გამოიწვია მარაგის სიჭარბე და გადაავსო ნავთობის საწყობები მთელ მსოფლიოში.

იმის გამო, რომ ბაზრის მთავარი ძალები მიწოდება და მოთხოვნაა, მოვაჭრეებს გაუძნელდათ მოეძებნათ სამომავლო ხელის დამცლელები, ისინი, ვინც მათგან, ეგრეთ წოდებული ფიუჩერული კონტრაქტის საფუძველზე, შეისყიდიდა ნედლ ნავთობს მაისისა და ივნისისთვის.

ამან გამოიწვია ნავთობის ფიუჩერული კონტრაქტების ფასების სპირალური დაღმასვლა.

ჩრდილოეთის ზღვის ერთი ბარელი Brent Crude-ის ტიპის ნავთობის ფასის ნიშნული ივნისში მიწოდებისთვის 21 აპრილს ერთ დღეში დაეცა 12 დოლარით და გაიყიდა 17 დოლარად, ანუ ისეთივე დაბალ ფასად, როგორც 18 წლის წინ.

ეს ნიშნავს 60 პროცენტზე მეტ ვარდნას ამ წლის იანვრის პიკის შემდეგ.

Brent Crude-ი უფრო ადვილი და უფრო იაფია ტრანსპორტირებისთვის, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი, რადგან პირდაპირ ჩრდილოეთის ზღვაში მოიპოვება.

აშშ-ის მსუბუქი ნედლი ნავთობის, The West Texas Intermediary-ის (WTI), ფასი დაეცა ნულზე დაბლა, პირველად ისტორიაში, 20 აპრილს და მაისისთვის იყიდება ძალიან დაბალ ფასად - ბარელი 40 დოლარად.

ნავთობის საცავები

WTI-ის ფასმა ოდნავ მოიმატა 21 აპრილს, მაგრამ ძირითადად ის უარყოფითი იყო გვიან შუადღემდე, როცა ბარელი გაიყიდა 1 დოლარად.

ერთი სიტყვით, ნავთობის მარაგების აურაცხელი გლობალური სიჭარბეა მასზე დაბალი მოთხოვნის ფონზე და სანავთობო კომპანიებს მათი შესანახი ადგილები აღარ აქვთ.

ამიტომაც ზოგიერთმა მოვაჭრემ 20 აპრილს დაიწყო ფულის გადახდა მყიდველებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც, პირიქით, ნავთობის საფასური აქეთ უნდა მოეცა.

რა არის ნავთობის ფიუჩერული - ვადიანი - კონტრაქტი?

ფიუჩერული - ვადიანი - კონტრაქტი არის მოვაჭრეების იურიდიული ხელშეკრულება ნავთობის წინასწარ დადგენილი ფასით ყიდვის ან გაყიდვის შესახებ მომავალში, კონკრეტულად დათქმულ დროს.

ისინი, ვინც ხელშეკრულების ამგვარ ფორმას ხელს აწერს, ვალდებულნი არიან დაიცვან პირობები დათქმულ ფასსა და დროსთან დაკავშირებით.

ეს ნიშნავს, რომ მოვაჭრეები, ფაქტობრივად, რისკზე მიდიან, ვარაუდობენ რა, როგორი იქნება მომავალში ნავთობის ფასი.

მათ იმედი აქვთ, რომ მოგებას ნახავენ ფასში იმ განსხვავების გამო, რომელიც ამ ვადიან ხელშეკრულებაში მითითებულ და კონტრაქტის გაფორმების მომენტში არსებულ ფასებს შორის იქნება.

როგორ შეიძლება ნავთობის საფასური იყოს უარყოფითი?

„აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა“, - ამბობს ტიმ ბრეი, GuideStone Capital Management-ის, ინვესტიციების მენეჯერი დალასში, ტეხასში. - „ჩვენ არასოდეს მოვსწრებივართ ფიუჩერული კონტრაქტის უარყოფით საფასურს ნავთობზე“.

WTI-ს უარყოფითი საფასური, სავარაუდოდ, იმის გამოა, რომ მოვაჭრეები, რომლებმაც იყიდეს ნავთობის ფიუჩერები მაისისთვის, სხვებს უხდიან იმისთვის, რომ მიხედონ იმ ნავთობს, რომელიც მომდევნო თვეში უნდა იყოს მიწოდებული. მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი ნავთობის უარყოფით ფასს აღწერს, როგორც ტექნიკურს, და ამბობს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორაა კონტრაქტი შედგენილი.

ისინი აღნიშნავენ, რომ მყიდველთა უმეტესობა შეისყიდის ნავთობს ივნისში და არა მაისში მისაღებად.

ენერგეტიკის სტრატეგი რაიან ფიტზმორისი, დანიის Rabobank-ის თანამშრომელი, თვლის, რომ ნავთობის უარყოფითი საფასური „უფრო ტექნიკურია თავისი ბუნებით და დაკავშირებულია ფიუჩერის კონტრაქტის ვადის გასვლასთან“.

„იყო ცალკეული შემთხვევები, როცა ნავთობის კომპანიები ფულს იხდიან იმისთვის, რომ მათი ნავთობი წაიღონ, რათა გაათავისუფლონ საწყობები და ნავთობსადენის ტევადობა, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გასტანს“, ამბობს ფიტზმორისი.

რატომ ვერ დაიცვა მოსკოვსა და საუდის არაბეთს შორის ნავთობის წარმოების შემცირების ირგვლივ მიღწეულმა შეთანხმებამ რუსეთის ეკონომიკა ფასების დაცემისგან?

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გავლენა ნავთობის ფასებზე გამანადგურებელია რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც, ჩვეულებრივ, მნიშვნელივნად ხეირობს ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლით.

რუსეთის ნავთობის - URALS-ის ვარიანტის - ფასს განსაზღვრავს Brent Crude-ის მსოფლიო ინდექსი. საერთოდ, URALS-ის ფასი რამდენიმე დოლარით დაბალია ხოლმე ერთი ბარელი Brent Crude-ის ფასზე.

WTI-ს და и Brent Crude-ის მაჩვენებლების დაცემა ნიშნავს რუსეთის ნავთობის მკვეთრ გაიაფებას.

მოვაჭრეები შიშობენ, რომ 12 აპრილს OPEC-plus-ის ჩარჩოებში მიღწეული შეთანხმება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მსოფლო მოთხოვნის ისტორიული შემცირების კომპენსირება შეძლოს. ამ შეთანხმებით, მსოფლიოში ნავთობის მწარმოებელმა 23-მა სახელმწიფომ, რუსეთისა და საუდის არაბეთის ჩათვლით, მაისსა და ივნისში საერთო მოპოვება დღიურად უნდა შეამცირონ 9.7 მილიონი ბარელით, რაც მთელ მსოფლიოში შემოთავაზების ათი პროცენტია.

რა სამომავლო ეფექტი ექნება ნავთობის ფასის დაცემას რუსეთის ეკონომიკაზე?

ნავთობის ბაზრებმა გამოავლინეს OPEC-plus-ის შეთანხმების მიმართ მოვაჭრეების თავშეკავებული რეაქცია. ახლა დაცემის ფაზაშია რუსეთის საფონდო ინდექსებიცა და რუსეთის რუბლის ფასიც. ბუნებრივია, რუსეთის საფონდო აქციებში ყველაზე დიდი წაგება სანავთობო აქციებმა მოიტანა. 21 აპრილს, მაგალითად, RTS-ის ინდექსმა თავისი ფასის 4,3 პროცენტი დაკარგა, მაშინ როცა MOEX-ის ინდექსმა - 1,8 პროცენტი. იმავე დღეს რუსეთის ვალუტა, რუბლი, ორი პროცენტით გაიაფდა წინა დღესთან შედარებით. Nordea-ს ანალიტიკოსი, გრიგორი ჟირნოვი, ამბობს, რომ „თუ სანავთობო ბაზრებზე არსებულ განწყობილებას გავითვალისწინებთ, რუსეთის ვალუტას შემდგომი დასუსტება მოელის“.