Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ დაეტყო რეკორდულად გაიაფებული ნავთობი საქართველოს


საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი უკვე 25 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. შედარებისთვის: იანვრის დასაწყისში ის, დაახლოებით, 65 დოლარს შეადგენდა. ფასი ბოლო 10 დღეში რეკორდულად დაეცა, თუმცა ამას ქართულ ბაზარზე ჯერ გავლენა არ მოუხდენია. ლარის გაუფასურების ფონზე კი არ არის გამორიცხული, რომ კომპანიების ნაწილმა ფასი არ შეამციროს. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დოლარი დღეს უკვე 3.18 ლარი ღირს.

„დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ფასების შემცირების ტრენდი მომავალ კვირებში გაგრძელდება“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას„ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა,ვასილ ხორავამ. მისი განმარტებით, ბოლო ერთ თვეში კომპანიამ საწვავის ფასი სამჯერ 5-5 თეთრით შეამცირა.

„ამ ეტაპზე ფასების ცვლილება არ განიხილება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კომპანია „გალფის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ნინჩო ჯიბლაძემ. მისივე თქმით, კომპანიას საწვავის ორი თვის მარაგი აქვს, ანუ შემცირებულ ფასად საერთაშორისო ბაზრიდან ბენზინისა და დიზელის შემოტანა ჯერ არ იგეგმება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ საქართველოში ამ დროისთვის ბენზინისა და დიზელის საკმარისი მარაგებია და არც მათი ქვეყანაში შემოტანის კუთხითაა შეფერხება. რაც შეეხება ფასს, ის ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული.

„ნავთობპროდუქტების მოწოდება ქვეყანაში აბსოლუტურად დივერსიფიცირებულია - გეოგრაფიულად და ლოგისტიკურად. პროდუქტი რკინიგზის საშუალებით შემოდის აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან, საზღვაო გზით - ევროპული ქვეყნებიდან: რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან. ასევე, რუსეთიცაა ჩვენი მომწოდებელი. ბენზინი და დიზელი საქართველოში ბოლო 1.5 თვეში 15-20 თეთრით გაიაფებულია. ფასი, ალბათ, ყველა ვარიანტში სტაბილური იქნება, გაზრდა გამორიცხულია. თუ კურსმა საშუალება მისცა კომპანიებს, რა თქმა უნდა, ფასების შემდგომი შემცირება გაგრძელდება“, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი.

მისი ინფორმაციით, საქართველოში შეფერხდა სანავთობო პროდუქტ ბიტუმის იმპორტი. ის საგზაო მშენებლობაში გამოიყენება და ქვეყანაში, ძირითადად, ირანიდან შემოდიოდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ კომპანიებს ალტერნატიული ბაზრების მოძიება მოუწევთ, რადგან ირანიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG