რა ბედი ელის ავღანეთსა და ნატოს მისიას აშშ-ის ქვედანაყოფის შემცირებით

ანონიმური წყაროს მიერ აშშ-ის ადმინისტრაციიდან გაჟონილ ინფორმაციას ავღანეთიდან, დაახლოებით, 7 000 ჯარისკაცის სავარაუდო გაყვანის თაობაზე, ყველაზე დიდი გამოხმაურება თავად ავღანეთში მოჰყვა.

სააგენტო „ფრანს პრესის“ თანახმად, ავღანელები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოხატავენ შეშფოთებას, რომ ამერიკული კონტინგენტის გაყვანას, შესაძლოა, მოჰყვეს შეუქცევადი პროცესები: სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლა, ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნება და სამოქალაქო ომის ახლი ძალით გაჩაღება.

გაყვანის პოზიტიური და უარყოფითი შედეგი

„ბოლო წლებში თალიბები განუწყვეტლივ იტაცებენ ტერიტორიებს და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს“, - ამბობს გრემ სმიტი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანალიტიკოსი. თუმცა ავღანეთის საკითხების ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ შესაძლო გაყვანამ პრაქტიკაში შეიძლება არ მოახდინოს გავლენა ბრძოლის ველზე, რადგან „ვაშინგტონს შეუძლია ქვედანაყოფი ჩაანაცვლოს უსაფრთხოების კერძო ფირმებით, რომლებსაც, სხვადასხვა ინფორმაციით, ავღანეთში დღესდღეობით, სულ ცოტა, 25 ათასი მებრძოლი ჰყავთ."

თავის მხრივ, ავღანეთის ხელისუფლებაც ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ საგანგაშო მაშინაც კი არაფერი იქნება, თუ ეს ინფორმაცია სიმართლე გამოდგა.

„თუ ისინი ავღანეთიდან გავლენ, ამას არ ექნება გავლენა უსაფრთხოებაზე, რადგან ბოლო ოთხ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ავღანელები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას“, - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჰარონ ჩახანსურიმ.

თუმცა ამ ოპტიმიზმს არ იზიარებენ თავად აშშ-ის ნატოელი მოკავშირეები. ბრიუსელში შიშობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილების რეალიზების შემთხვევაში ძალიან დასუსტდება საერთაშორისო კოალიციური ძალები, რომელსაც მთავარი დამრტყმელი ძალის გარეშე ძალიან გაუჭირდება ძალების სწრაფი შევსება და ექსტრემისტების თავდასხმების მოგერიება.

„გულწრფელად ითქვას, არ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავქსაქსოთ ძალები და იმის იმედი გვქონდეს, რომ რამეს მივაღწევთ მთავარი მოთამაშის გარეშე“, - ასე გამოეხმაურა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი, გავრცელებულ ცნობას ამერიკული ქვედანაყოფის მოსალოდნელი შემცირების შესახებ.

ყველაზე ხანგრძლივი საომარი ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში

აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიცია ავღანეთში იმყოფება 2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა დაამხეს თალიბების რეჟიმი. სწორედ თალიბებმა მისცეს თავშესაფარი ავღანეთში ალ ყაიდის ლიდერებს, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში განხორციელებულ საავიაციო ტერაქტების სერიას.

ვაშინგტონმა, დაახლოებით, 1 ტრილიონი დოლარი დახარჯა ავღანეთში მიმდინარე ომში მას შემდეგ, რაც აშშ-ის ლიდერობით მოქმედმა კოალიციამ 2001 წელს დაამხო თალიბანის რეჟიმი. მიჩნეულია, რომ ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ომი, რომელშიც აშშ მონაწილეობს.

მიუხედავად ამისა, ავღანეთის მთავრობა კვლავ დიდი გაჭირვებით იგერიებს ქვეყნიდან ნატოს საბრძოლო დანაყოფების უმეტესობის გაყვანის შემდეგ, 2014 წლიდან, გახშირებულ ექსტრემისტულ თავდასხმებს, რომელსაც ყოველწლიურად რამდენიმე ათასი სამხედრო და სამოქალქო პირი ეწირება.

აშშ-ის ხელისუფლება ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხას ქაბულისა და თალიბების წარმომადგენლები, რადგან მეამბოხეთა ლიდერები აცხადებენ, რომ არსებითი სამშვიდობო პროცესის დაწყებას წინ უნდა უსწრებდეს ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გასვლა.

ავღანეთის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას ანონიმურად გაუმხილა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება „სერიოზულ პროგრესს მოასწავებს“ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც დახურულ კარს მიღმა, რამდენიმე წელია, მიმდინარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროში. ამ მოსაზრებას ზოგიერთი ანალიტიკოსიც იზიარებს.

„ეს არის სიგნალი თალიბებისათვის, რომ ამ გაყვანით აშშ სერიოზულად უდგება მოლაპარაკებებს“, - ამბობს სმიტი. ამასთან, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ „ეს ნაბიჯი აიძულებს ავღანეთის ხელისუფლებას იფიქროს მშვიდობის მიღწევაზე მოკლევადიან პერსპექტივაში და არა ისეთ რამეზე, რაც წლობით შეიძლება გაგრძელდეს“.

განახევრებული „მტკიცე მხარდაჭერა“

ნატოს საიტის თანახმად, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ამჟამად ალიანსისა და მისი მოკავშირეების 16 919 ჯარისკაცი ირიცხება. 8 475 ჯარისკაცით, ნატოს წევრებს შორის პირველ ადგილზეა აშშ.

შესაბამისად, ავღანეთიდან 7 000 ამერიკელი ჯარისკაცის გასვლის შემთხვევაში ამჟამინდელი კოალიცია პრაქტიკულად განახევრდება. არ არის ცნობილი, მიბაძავენ თუ არა ვაშინგტონის ნაბიჯს სხვა მოკავშირე თუ პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საქართველო.

სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი მეზობელ რუსეთს აქვს ოკუპირებული, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში 870 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი.

თბილისმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქართული ქვედანაყოფები ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) დასრულებამდე დარჩებიან.