33-წლიანი ურთიერთობის აშენება "ნულიდან"? რა გზავნილები ჩამოაქვს დეპუტატების დელეგაციას ვაშინგტონიდან

5 მარტს ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა "სუვერენული ერების ალიანსის" კონფერენციის ფარგლებში გამართულ ენერგოდამოუკიდებლობის პანელზე.

ქართველი დეპუტატების დელეგაციას ვაშინგტონიდან თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უცვლელმა მესიჯმა ჩამოასწრო - აშშ მოელის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კონკრეტულ ნაბიჯებს ურთიერთობებში „სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად”.

დელეგაცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის - ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აშშ-ში „სუვერენულ ერთა ალიანსის“ დამფუძნებელ კონფერენციაზე - მემარჯვენე ძალების - შეკრებაზე იყო მიწვეული. კონფერენციამდე მათ შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ “ქართული ოცნებისა” და მისი განაყოფის - „ხალხის ძალის“ დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა, ეკა სეფაშვილი.

ანტიდასავლური კრიტიკით გამორჩეულმა „ხალხის ძალამ“ დაფუძნებისას, 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის - აშშ-ის საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.

„ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა“ - თბილისიდან ჩასული დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო.

ვაშინგტონმა საქართველოსთან 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მოქმედება საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2024 წლის ნოემბრის ბოლოს შეაჩერა: "„ქართული ოცნების სხვადასხვა ანტიდემოკრატიული" ქმედებების გამო, რამაც დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები“- ეწერა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

“ძალიან პრაგმატულია ჩვენი შეხვედრები, რომლებიც ეხება უშუალოდ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არათუ აღდგენას, არამედ თვისებრივ გაუმჯობესებას. სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე”, - განაცხადა მარიამ ლაშხმა, 5 მარტს, ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ.

დელეგაციის წევრები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე - ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ “მომავალი ეკონომიკური ერთობლივი პროექტების განვითარება” საფუძველს ჩაუყრის “უფრო მტკიცე პოლიტიკურ ურთიერთობებს”.

- საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ როგორია ამერიკული მხარის შეფასებები?

- რა საკითხებით დაინტერესდა ამერიკული მხარე და შეუწყობს თუ არა ხელს გამართული შეხვედრები, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების წინსვლას?

ამ შეკითხვებით რადიო თავისუფლებამ 6 მარტს აშშ-ის საელჩოს მიმართა და მიიღო პასუხი, რომელიც იმეორებს ვაშინგტონის ძველ გზავნილს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად თბილისის მიერ გადასადგმელი ნაბიჯების საჭიროების შესახებ:

  • "შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
  • შეერთებული შტატები ესწრაფვის საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობას.
  • პრეზიდენტ ტრამპის მიერ შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთელ სამხრეთ კავკასიას გარდამტეხ შესაძლებლობებს სთავაზობს. საქართველოს შეუძლია ერთდროულად - წვლილიც შეიტანოს ამ პროცესში და მნიშვნელოვანი სარგებელიც მიიღოს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რომელსაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.
  • ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ჩართულობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, რათა დაამტკიცოს თავისი სერიოზული განზრახვა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებისა და განვითარების თაობაზე".


ცოტა ხნით ადრე, ამავე შინაარსის განცხადება ტელეკომპანია "ფორმულას" სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოუგზავნეს.

  • საქართველოს მთავრობის მიერ გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯების თემა, სხვადასხვა დროს, ფიგურირებდა აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში.
  • სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სახელით, მსგავსი მესიჯის გადაცემას ცდილობდა აშშ-ის ყოფილი ელჩი, რობინ დანიგანი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, როდესაც შეხვედრაზე უარი მიიღო.


ასევე ნახეთ ივანიშვილი: აშშ-ის ელჩს ჩემ ნაცვლად კობახიძესთან შეხვედრა შევთავაზე, თუმცა მან უარი განაცხადა
ასევე ნახეთ რა მესიჯები ჩამოიტანა რესპუბლიკელმა სენატორმა თბილისში - სტივ დეინსის რეგიონული ტურნე

გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ მესიჯი თბილისში რესპუბლიკელმა სენატორმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სტივ დეინსმაც ჩამოიტანა, 2025 წლის მაისში, როცა ის რეგიონულ ტურნეს მართავდა და მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

მაშინ მას მეგობარი უწოდა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და X-ზე მადლობაც გადაუხადა თბილისში „საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და ოპოზიციასთან“ მისი შეხვედრის გამო. ამ დროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უკვე დამტკიცებული იყო უილსონის ინიციატივით მომზადებული - საქართველოსთან დაკავშირებულ ორპარტიული კანონპროექტი - “მეგობარი აქტი” [MEGOBARI].

სენატორი სტივ დეინსი ერთ-ერთია ამერიკელი კანონმდებლებიდან, რომლებსაც სამხარაძის საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში შეხვდა.

5 მარტს გაიმართა შეხვედრა კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტსთანაც, რომელიც ჯო უილსონის მიერ ინიციირებული კანონპროექტის - “მეგობარი აქტის” თანასპონსორების სიაშია. ის საგარეო კომიტეტის წევრია და ასევე, აშშ-ის წარმოადგენს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში.

“ჩვენ ვთხოვეთ კონგრესმენებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ ხოლმე ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ, იმისათვის, რომ იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს“ - სამხარაძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ იყო მისი ამ მოწოდების ადრესატი.

ასევე ნახეთ კონგრესმენი უილსონი: „ოცნებამ“ საქართველოს ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად ჩააბარა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს დაემთხვა საქართველოს ხსენება ჰელსინკის კომისიაში 4 მარტს გამართულ მოსმენაზე. "დიქტატორები ძალადობრივ ჩაგვრას აძლიერებენ, როცა ყველაზე სუსტები არიან", - თქვა ჯო უილსონმა სხდომაზე.

კიდევ ვის შეხვდნენ? რაზე იმსჯელეს?

ამერიკელი კანონმდებლების გარდა, პარლამენტის დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის წარმომადგენლებსაც შეხვდა:

  • ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანსა და
  • ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილეს ენდრიუ ბეიკერს.


„ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ძირითადი საკითხი ჩვენი შეხვედრის”, - ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრა “პოზიტიურად” შეაფასა ნიკოლოზ სამხარაძემ. საუბრის თემებს შორის მან ასევე დაასახელა: “უახლესი წარსულის საკმაოდ მძიმე გადაცდომები” და “მათ შორის, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტები”.

ჰანრაჰანის და ბეიკერის ოფისებს განცხადებები უშუალოდ ამ შეხვედრების შესახებ არ გაუკეთებიათ.

ასევე ნახეთ ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო სამხარაძის გამოსვლის დროს „სუვერენულ ერთა ალიანსის“ კონფერენციაზე - პანელზე, რომელიც ენერგეტიკის თემას შეეხებოდა.

“ჩვენ ვიყავით ჩვენს არჩევნებსა და შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის მსხვერპლნი. როდესაც უცხოურ ჩარევაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ რუსეთის ფედერაციას; არამედ, ვგულისხმობ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აშშ-დან და ევროპიდან ფინანსდებოდნენ და რომლებიც რეალურად მუშაობდნენ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციის შელახვაზე, ასევე არეულობის, ძალადობისა და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის წახალისებაზე“, - ციტატები სამხარაძის გამოსვლიდან პარლამენტმა გაავრცელა. ვიდეოჩანაწერი ამერიკულ წყაროებში არ იძებნება.

ოფიციალური ინფორმაციით, სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიების ნაწილობრივ ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან, საქართველოს ენერგეტიკულ მზარდ შესაძლებლობებზე და ასევე - გარე ძალების, მათ შორის აშშ-ის ჩარევაზე საქართველოს შიდა საქმეში - რაზეც ხშირად ლაპარაკობს „ქართული ოცნება“.

სამხარაძის სიტყვებით, აქვთ იმედი, რომ “ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და აყვავდება” და ორი ქვეყანა ერთად იდგება “სუვერენიტეტის, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და არჩევნების დასაცავად”.

“ჩვენ ამ ვიზიტით, არათუ მხოლოდ ამერიკაში, არამედ, მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები - რომელთა გაერთიანებაც დაფუძნებულია იმაზე, რომ სუვერენული ერების გაერთიანებით მოხდეს უკეთესი მსოფლიოს წყობა. ჩვენ ამ შეხვედრით ვეცადეთ, დაგვემყარებინა ორმხრივი ურთიერთობები და ვფიქრობთ, აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად განახლდება და მას ექნება კონკრეტული შედეგები“, - ეს მარიამ ლაშხის კომენტარია.

პარლამენტის დელეგაცია ალიანსის კონფერენციაზე ანნა პაულინა ლუნამ მიიწვია, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, რომელიც ანტიუკრაინული და ანტიევროპული განწყობებით გამოირჩევა. მას ხშირად ციტირებს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული, უკრაინის შესახებ რუსული ყალბი ნარატივის გავრცელების გამო.

„მთელი მსოფლიოს წარმომადგენლები დღეს შეიკრიბნენ, რათა შექმნან ალიანსი. ალიანსი დავოსის ელიტის წინააღმდეგ, გლობალისტური დღის წესრიგის წინააღმდეგ და სუვერენიტეტისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო სუვერენული ერების პირველ ყოველწლიურ ალიანსს - ჩვენი დღის წესრიგია სუვერენიტეტი და არა გლობალიზმი“, - წერს კონგრესმენი X-ზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში, ბოლოს, 2026 წლის იანვარში გაიმართა. იქ 130 ქვეყნის 3000-ზე მეტმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ 60-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირები. დავოსში ჩასული იყო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც იქვე “მშვიდობის საბჭოც” დააფუძნა.

თბილისის წარმომადგენლები არ მიუწვევიათ არც დავოსის ფორუმზე და არც ტრამპის "მშვიდობის საბჭოში".

ასევე ნახეთ "სტრატეგიული უმნიშვნელობა" მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თუ სუვერენული კომფორტი - როგორ იწყებს "ქართული ოცნება" 2026 წელს
ასევე ნახეთ დრონები, ჩიპები, გემები, სამუშაო ადგილები სომხეთსა და აზერბაიჯანში - როგორ ხვდება "ამერიკის დაბრუნებას" რეგიონში საქართველო

ყოფილი დეპუტატი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ - "ამერიკელები საუბარზე უარს არასოდეს ამბობენ" და "განსაკუთრებული იმაში არაფერია", რომ „ქართული ოცნების“ დელეგაცია კონგრესმენმა მიიწვია კონფერენციაზე და სხვადასხვა შეხვედრაც გაიმართა.

„სიმართლე გითხრათ, დღემდე მომდის ერთი სენატორის მოსაწვევები, ის რეგულარულად იწვევს ყველას სხვადასხვა ღონისძიებაზე, მაგრამ ვერ მივდივარ... სხვადასხვა რანგში ვყოფილვარ სახელმწიფო დეპარტამენტშიც - მათ შორის - როგორც დეპუტატი, სამოქალაქო საზოგადოების წევრი. იქ საუბარზე უარს არავინ ამბობს“, - თეონა აქუბარდიას თქმით, აშშ-ში კარგად იციან, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და ისიც იციან, რომ ივანიშვილმა უარი განაცხადა ჩაებარებინა მარკო რუბიოს გზავნილი, სადაც, აქუბარდიას თქმით, "ნომერ პირველი მოთხოვნა, ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა იყო".

„დღემდე „ქართული ოცნება“ განაგრძობს მხოლოდ ილუზიის შექმნას და არაფრის შეცვლას არ აპირებს. ეს არის ილუზიის შექმნა საკუთარი ამომრჩევლისთვის - რათა დააჯეროს, რომ მომავალში რაღაც იქნება ხელშესახები შეერთებულ შტატებთან. მაგრამ მაღალ დონეზე დიალოგი, შეხვედრები არ აღდგება, ვიდრე თბილისის პოლიტიკა არ შეიცვლება“, - აქუბარდიას თქმით, ინტერესებთან შეუსაბამოა საქართველოს მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან, ირანთან და ვაშინგტონს არც ორი ბოლოდროინდელი ფაქტი არ გამოეპარებოდა:

  • თბილისის ანძის განათება ირანის დროშის ფერებში, ირანის ისლამური რევოლუციის აღსანიშნავად და
  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მონაწილეობა სადავო თავყრილობაზე - ისლამური რევოლუციის გამარჯვების აღსანიშნავად.


აშშ-მა და ისრაელმა საბრძოლო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. ირანს ჯერ ისრაელმა დაარტყა; ხოლო რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში „მასშტაბური სამხედრო ოპერაციები“ დაიწყო. მან ასევე თქვა, რომ თეირანის “ტერორისტულ რეჟიმს აღარასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!”. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

ასევე ნახეთ ისლამური რევოლუციის წლისთავზე თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში გაანათეს
ასევე ნახეთ ეძღვნებოდა ირანის ეროვნულ დღესასწაულს და არა გადასახლების წლისთავს - ამბობს კობახიძე, თუმცა მოსაწვევზე სხვანაირად ეწერა

აშშ-ისთან 33-წლიანი ურთიერთობის დაწყება თბილისს “სუფთა ფურცლიდან” სურს და ამას ხშირად იმეორებენ მთავრობაში თუ პარლამენტში.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ აშშ-სთან დანგრეული ურთიერთობები ახლა “აგურ-აგურ”, “ნულიდან” შენდება.

3 მარტს მანვე აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას” “ლოდინის დიდი უნარი” აქვს და მზად არის, აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებას დაელოდოს - “ერთი წელი იქნება, ორი წელი თუ რამდენი ხანიც დასჭირდება ამ პროცესს”.

“ჩვენ არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად, თორემ იქნებოდა, რა თქმა უნდა, აქამდე ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა”, - ესეც მახაშვილის სიტყვებია.