რას ჰყვება საქართველოს საგარეო ვაჭრობა ქვეყნის საგარეო კურსზე

უკრაინაში ომის პარალელურად შემცირდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა ორ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან. პარალელურად იზრდება ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე.

2023 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, უმსხვილესი 10 საექსპორტო მიმართულების ჩამონათვალში აღარ მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატები.

მეტი აჩვენე

აშშ-სთან ექსპორტი 2023 წლის იანვარ-აპრილში 79,1%-ით არის შემცირებული. საქართველოს აშშ-ში ექსპორტის ასეთი დაბალი დონე 2009 წლის შემდეგ არ ჰქონია. ამერიკასთან ვაჭრობის ისტორიაში, საქონლის რეალიზების მაჩვენებელი რეკორდულად მაღალი, 5,5% იყო გასულ წელს, 2022 წლის იანვარ-აპრილში.

მეტი აჩვენე

ბოლო 7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული ექსპორტის წილი ევროკავშირის ქვეყნებთან. 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტის მეოთხედი, ანუ 25%, მოდიოდა ევროკავშირის ქვეყნებზე, 2023 წლის პირველ ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 14,8%-მდე შემცირდა. ეს არის პირველი შემთხვევა 2017 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ექსპორტის წილი ევროკავშირის ქვეყნებში 15%-ზე ნაკლებია.

მეტი აჩვენე

ევროკავშირსა და ამერიკასთან ექსპორტის შემცირების პარალელურად იზრდება დსთ-სთან ექსპორტის წილი. 2023 წლის პირველ ოთხ თვეში დსთ-ს ქვეყნებში გავიდა მთლიანი ექსპორტის 60,2%. ეს მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში ძირითადად 50%-ზე დაბალი იყო, 2017 წლის იანვარ-აპრილში კი 37%-ს შეადგენდა.

დსთ-ს ქვეყნები ანაცვლებენ ევროპის ქვეყნებს საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორების ათეულშიც. ამ სიის სათავეში წლებია თურქეთია საშუალოდ 14%-იანი წილით. შემდეგ ადგილებს რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი ინაწილებენ. 2019 წლის შემდეგ ამ სიაში 2023 წლის იანვარ-აპრილში დაბრუნდნენ ყაზახეთი (2,9%) და ყირგიზეთი (2,2%). წლევანდელი მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულში ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა, ბულგარეთი და გერმანიაა. გერმანიის პროცენტული წილი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და 4,7%-ს შეადგენს, ბულგარეთის შემცირებული - 2,4%-ია.

მეტი აჩვენე

უკრაინაში ომის პარალელურად სავაჭრო პარტნიორების სიასთან ერთად შეიცვალა იმ საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალიც, რაც საქართველოდან გადის სხვა ქვეყნებში.

2023 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის 30% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის - მანქანების ექსპორტი 10%-ზე მაღალი ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა. 2023 წელს ავტომობილების ექსპორტი 350%-ით გაიზარდა. მათი უმეტესობა პირდაპირ ან მესამე ქვეყნის გავლით რუსეთში გადის.

ასევე ნახეთ საქართველოდან სომხეთში და უკან, შემდეგ კი რუსეთისკენ - სანქციების თავიდან არიდების გზა?

სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი საექსპორტო პროდუქტი იყო საქართველოდან ფეროშენადნობებთან ერთად, წელს საერთო ექსპორტში 13%-ს იკავებს. ეს მაჩვენებელი წინა წლებში სტაბილურად 20%-ზე მაღალი იყო.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შემცირებულია საქართველოდან ექსპორტირებული ნატურალური ღვინოების, სპირტიანი სასმელებისა და მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი.

მეტი აჩვენე

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკის ცვლილება საყურადღებოა მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების - უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე.

მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 52%-ით არის გაიზრდილი რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა, ამ დროისთვის არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით რუსეთი სანქცირებულ პროდუქციას იღებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთთან გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე ხშირად კრიტიკას და მოსახლეობის შიშს პირდაპირი თუ ირიბი ანტიდასავლური რიტორიკით პასუხობენ. ერთ-ერთი ბოლო განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 11 მაისს გააკეთა, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე საუბრისას. მან თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტისკენ, თავად კი ვაჭრობს რუსეთთან.

"რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობა. ამისკენ მიისწრაფოდა წინა ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებდნენ.

ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის, დაახლოებით, ერთი მილიარდი დოლარი, მაქსიმუმ. რა ხდება ევროპის შემთხვევაში?!. რასაც ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში - ევროკავშირი, [რომელმაც] არ მოიწონა ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან... შარშან 270 მილიარდი დოლარი, თითქმის 300 მილიარდი დოლარი, შეუვიდა რუსეთს შარშან, გაგანია ომის დროს, ბიუჯეტში სუფთა შემოსავლების სახით ევროკავშირიდან..." - პრემიერ ღარიბაშვილის ეს განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ მანიპულაციად მიიჩნია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობას ყოველთვიურად ამცირებს. 2023 წლის მარტში რუსეთის წილი ევროკავშირის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 1,8%-ია. 2022 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 7% იყო.

მეტი აჩვენე

“თუ გვაინტერესებს, ომის დაწყების შემდეგ, როგორ შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, შედარება უნდა გაკეთდეს იმის მიხედვით, თუ რა წილი უჭირავს ევროკავშირის და საქართველოს საგარეო ვაჭრობაში რუსეთს და რა გააკეთეს ამ წილების შესამცირებლად. 2021 წელთან შედარებით ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტის 49% და რუსეთიდან იმპორტის 58% დაასანქცირა. საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად”, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია და განმარტავს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთთან დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს გაურთულებს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ასევე ნახეთ როგორ ვაგზავნიდი დრონს მოსკოვში - რა მიაქვთ და რა ვერა საქართველოდან რუსეთში