მოპასუხე კობახიძე, მოსარჩელე ამაღლობელი - ცილისწამების კიდევ ერთი შეწყვეტილი საქმე

Your browser doesn’t support HTML5

"სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი", - ამბობდა ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელზე. ვიდეოში ჩანს, რომ ჟურნალისტი ქაღალდს კედელს აწებებს.

“ბედის ირონია მგონია ეს მოცემულობა”, - თქვა პატიმარმა ჟურნალისტმა, მზია ამაღლობელმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე კაჟაშვილმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მისი მორიგი საქმის განხილვა შეწყვიტა. „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტი ცილისწამებაში ადანაშაულებს.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 24 აპრილს სასამართლოს #14 დარბაზში ღიმილით შემოვიდა, დამსწრეები მას ტაშით დახვდნენ.

ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ ჟურნალისტს პატიმრებისთვის გამოყოფილი ადგილიდან დარბაზში გადმოსვლის უფლება არ მისცა. „არ იზღუდება მხარის უფლება”, - თქვა ლიანა კაჟაშვილმა.

ამაღლობელი არც ამ სხდომის განმავლობაში არ ჩამომჯდარა, ისევე, როგორც მის წინააღმდეგ მანამდე ხანგრძლივად წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს. ის ღიმილით ესალმებოდა დარბაზში მყოფებს - თავს უკრავდა, მადლიერებას გამოხატავდა.

„ბედის ირონია მგონია ამ მოცემულობაში ყოფნა… ამ დავის საგანი ერთ სიტყვაში არის ცილისწამება… სარჩელის ავტორი მე ვარ - ადამიანი, რომელიც მიუკერძოებელ მედიას წარმოადგენდა, რომლისთვისაც ყველაზე ღირებული და ფასეული რამ არის გამოხატვის თავისუფლება და მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება საჯარო დებატებისა და დისკუსიების გაძლიერებაზე ვმუშაობდი. მოპასუხე კი არის ირაკლი კობახიძე, რომელიც პრემიერის სტატუსით სარგებლობს და მან, თავისი ძალაუფლების პირობებში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რეპრესიებს დაუქვემდებარა”, - თქვა მზია ამაღლობელმა, როდესაც პატიმრებისთვის გამოყოფილ სივრცეში მას მიკროფონი გადააწოდეს.

განმარტა ასევე, რომ კობახიძის განცხადებებს ყურადღებას არც კი მიაქცევდა - “რამდენად მიუღებელი, პროვოკაციული და შოკისმომგვრელი არ უნდა ყოფილიყო”, თუკი ჩათვლიდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია “განზრახ მცდარი ფაქტის გავრცელება” არ იყო.

ასევე ნახეთ

სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის ცილისწამების მეორე საქმეც შეწყვიტა

მზია ამაღლობელი ამ სარჩელით ირაკლი კობახიძის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული სამი ცილისმწამებლური განცხადების უარყოფას ითხოვს:

  1. „ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი.. ..მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.. ..აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან”, – განაცხადა კობახიძემ 2025 წლის 29 იანვარს “იმედი LIVE-ის" ეთერში.
  2. “როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ 2025 წლის 30 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
  3. “უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა”, – განაცხადა კობახიძემ 2025 წლის 16 აპრილს “რუსთავი 2-ის" ეთერში.


სარჩელში მოყვანილი ციტატები სასამართლო სხდომაზეც წაიკითხეს.

ადვოკატებმა თქვეს, რომ მოპასუხე კობახიძის მცდარი, ცილისმწამებლური განცხადებები ჟურნალისტის საქმიან რეპუტაციას აზიანებს და წარმოადგენს საზოგადოებაში მის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნის მიზანმიმართულ მცდელობას. განცხადებები გაკეთებულია მანამდე, ვიდრე სასამართლო მზია ამაღლობელს, პოლიციელისთვის სილის გაწვნის საქმეზე, პატიმრობას მიუსჯიდა.

“რაც ყველაზე საგანგაშოა, [კობახიძის განცხადებები] ახალისებს საზოგადოებას, ირწმუნონ ბრალდებულის დამნაშავეობა მძიმე ძალადობრივ დანაშაულში და უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წინასწარი პოზიცია ჩამოიყალიბონ სასამართლოს მიერ ფაქტების შეფასებაზე”, - წერია სარჩელში.

ადვოკატების მოთხოვნები და მოსამართლის პასუხები

რადგან მოპასუხე ირაკლი კობახიძე ან მისი წარმომადგენლები სხდომაზე არ მივიდნენ, ხოლო მათგან სასამართლომ ვერც შესაგებელი [პასუხი სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, რაც სასამართლოს ეგზავნება კანონით დადგენილი ფორმით] მიიღო, ადვოკატებმა 24 აპრილის სხდომაზე დააყენეს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ - რომლის თანახმადაც დაკმაყოფილდებოდა მზია ამაღლობელის სარჩელი.

მოსამართლე კაჟაშვილმა განაცხადა, რომ - საკითხის ასე დაყენება მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დროს იქნებოდა შესაძლებელი; მანამდე კი - ადვოკატებსაც მხოლოდ სარჩელის დასაშვებად ცნობის ან საქმის შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხზე უნდა ემსჯელათ.

რეაგირების გარეშე დარჩა ადვოკატების კიდევ ერთი მოთხოვნა - სასამართლოს შეეფასებინა, იყო თუ არა ცილისმწამებლური პრემიერის განცხადებები. “არაფერს არ მიიჩნევს სასამართლო ცილისმწამებლურად ან არაცილისმწამებლურად”, - თქვა მოსამართლემ ერთ ეპიზოდში.

მოსამართლე კაჟაშვილი დიდწილად ეყრდნობოდა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლს, მითითებით ჩანაწერზე, რომ პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებული განცხადება ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს.

ადვოკატები უშედეგოდ ცდილობდნენ აეხსნათ სასამართლოსთვის, რომ ტელეკომპანიების ეთერში გაკეთებულ განცხადებებს "ვერ დაერქმევა პოლიტიკური დებატები" და რომ ადამიანები პრემიერ-მინისტრის სტატუსის მქონე პირის მიერ წარმოთქმულ ცილისწამებას უცილობელ სიმართლედ მიიღებდნენ.

იმას, რაც სასამართლომ ირაკლი კობახიძეს გამოხატვის თავისუფლებად ჩაუთვალა, ადვოკატების თქმით, საქართველოში რიგით მოქალაქეებს არ აპატიებდნენ.

„ეს [ცილისწამების საქმის შეწყვეტა] არის საშიში პრეცედენტი, არა მხოლოდ ქალბატონი მზია ამაღლობელისთვის, რომელიც მოსარჩელეს წარმოადგენდა ამ საქმეში, არამდე ზოგადად ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემისთვის, ქართული სამართლის განვითარებისთვის… ეს შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირის პრობლემა, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა... მოქალაქემ რომ გააკეთოს იგივე - ჩვენ გვინახავს არაერთი პრეცედენტი, როდესაც ასეთი მოქალაქეები პასუხისმგებლობის წინაშე დადგნენ“, - განაცხადა ამაღლობელის ადვოკატმა, კომპანია BLB-ს პარტნიორმა ანა რეხვიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ. მანამდე კი, სხდომაზე ის ცდილობდა განემარტა მოსამართლისთვის, რომ საქმის შეწყვეტა დამაზიანებელი იქნებოდა მთლიანად სამართლის განვითარებისთვის და სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე სტუდენტები, იურისტები 10-15 წლის შემდეგაც ილაპარაკებდნენ.

საბოლოოდ, მოსამართლემ განჩინება სწრაფად გამოაცხადა და საქმე შეწყვიტა. “თავისუფლება მზიას!” - გაისმა შეძახილები სხდომათა დარბაზში, ვიდრე ჟურნალისტს ბადრაგები გაიყვანდნენ.

განჩინება შესაძლებელია გასაჩივრდეს 12 დღეში და ამაღლობელის დაცვის მხარე ამ ნაბიჯს გადადგამს.

ლიანა კაჟაშვილი უვადო მოსამართლეა. მისი ქმარიც (ამირან ძაბუნიძე) უვადოდ არის განმწესებული უზენაეს სასამართლოში, ხოლო და (გულიკო კაჟაშვილი) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

“მოლოდინი იმისა, რომ ეს სასამართლო რაიმე განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არავის ჰქონია; მაგრამ ეს ბრძოლა უნდა გავიაროთ… დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოვა დრო ამ ქვეყანაში თუ სხვა ქვეყანაში, როცა სამართალი აუცილებლად აღსრულდება”, - ეუბნება “ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ რუხაძე რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ “მზია მხოლოდ ამ კედლებში [სასამართლოში] მარცხდება; ამ კედლებს გარეთ მზია არ მარცხდება იმიტომ, რომ სიმართლის დაპატიმრება ჟურნალისტის დაპატიმრებით შეუძლებელია”.

შარშან შეწყვეტილი კიდევ ერთი საქმე

ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთი საქმე სასამართლოში 2025 წლის ნოემბერში შეწყდა, ასეთივე საფუძვლით, მოსამართლე დავით აკობიძის მიერ. ჟურნალისტი კობახიძეს მაშინაც სიცრუის გავრცელებისა და ცილისწამებისთვის ედავებოდა - ასევე ტელეკომპანიების ეთერებში გაკეთებული განცხადებების გამო.

ასევე ნახეთ

სასამართლომ პირველივე სხდომაზე შეწყვიტა კობახიძის წინააღმდეგ ამაღლობელის საჩივრის განხილვა


  • 2025 წლის 10 ივლისს - “იმედის” ეთერში ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელის მოქმედებები ძალოვანი სტრუქტურების და შესაბამისად, სახელმწიფოს განზრახ დაკნინებას ისახავდა მიზნად და რომ ამაღლობელმა “კონკრეტული დაკვეთა” შეასრულა;
  • ხოლო 2025 წლის 23 ივლისს - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კობახიძე ლაპარაკობდა დაკვეთაზე, რომ “უნდა დაეკნინებინათ უცხოელ აგენტებს ქართული პოლიცია და ქართველი პოლიციელი”.


მოპასუხის მხარე არც 2025 წლის ნოემბრის სხდომას არ დასწრებია.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს, საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო.

  • 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
  • 2025 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით, გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
  • უზენაესმა სასამართლომ საქმე განსახილველად არ მიიღო და შესაბამისად, განაჩენი უცვლელად დარჩა.
  • ჟურნალისტს დროზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრა "უდოს კომისიამაც".


პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.

მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოში სამი საჩივარია შესული, მათ შორის - არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ

მზია ამაღლობელის საქმე უზენაესმა წარმოებაში არ მიიღო

ასევე ნახეთ

„სამართალდამცავების უპატივცემულობა იქნება“ - „უდოს კომისიამ“ უარი თქვა ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე