ამ სტატიაში გიყვებით, რა გამოსავალს პოულობს ხალხი პროდუქტების გაძვირებისას, რა და ვინ ქმნის საკვების ფასს და შეუძლია თუ არა სახელმწიფოს თავისუფალი ბაზრის პირობებში ფასების წარმოქმნაში ჩაერიოს.
„ფასის მაძიებელი“ ელისო
ელისოს ანგარიშზე 1200 ლარი ჩაურიცხეს. ხელფასის დღეა. ახლა მან ეს თანხა ძალიან ჭკვიანურად უნდა გაანაწილოს საკვებსა და სხვა აუცილებლობებზე ისე, რომ ერთ თვეს ეყოს. მას და მის სამ შვილს.
ელისო „ფასების მაძიებელია“ - ერთი ლარის გამოც კი შეუძლია ერთი მაღაზიიდან მეორეში წავიდეს, რომ იქ უფრო იაფად იყიდოს.
„მე სხვანაირად ფულს ვერ დავზოგავ“, - ამბობს ელისო, რომელსაც საყიდლებისა და მაღაზიების სია წინასწარ აქვს შედგენილი.
ელისოს საყიდლების სია
მონიშნული აქვს ყველა მაღაზია, სადაც ფასდაკლებაა დღეების მიხედვით.
იყენებს ფასდაკლების ბარათებს და სპეციალურ აპლიკაციას აქციების შესამოწმებლად.
ფული რომ დაზოგოს, ერთი სუპერმარკეტის ნაცვლად, სადაც ყველაფრის ყიდვას ერთ საათში შეძლებდა, ხუთ სხვადასხვა ადგილას მიდის: ბაზარში, საბითუმო მაღაზიებში, უბნის მცირე მაღაზიაში, შედარებით „იაფიან“ ქსელურ მარკეტში, ცალკე ხორცისა და ცალკე თევზის მაღაზიებში.
Your browser doesn’t support HTML5
market grapika.mp4
ამ სიარულში სამი საათი მაინც ეკარგება, თუმცა, სულ ცოტა, 200 ლარს ზოგავს.
„აგროჰაბში“ ნამყოფიც არ ვარ. არც „გუდვილში“. ვიცი, რომ იქ ჩემთვის ყველაფერი ძალიან ძვირია და აზრი არა აქვს შესვლას. მერე რაღაცები მომინდება და იმ ასი ლარით, რაც კვირის სამყოფ პროდუქტებზე მაქვს გათვლილი, შეიძლება რამე შემომეყიდოს“, - ამბობს ელისო, შაბათ დღეს თავის პატარა მანქანაში ჯდება და საყიდლებზე მიდის.
მის მარშრუტს ჩვენც მივყვებით.
ჯერ ბაზარში შედის. აქ ხილი და ბოსტნეული უნდა იყიდოს - ხახვი, ვაშლი, მწვანილი, კარტოფილი, ბანანი... კიტრს და პომიდორს ზამთარში არ ყიდულობს - „ძვირია“:
„ხილ-ბოსტნეული აქ უფრო იაფია, ზუსტად ვიცი, რადგან დავაკვირდი. შევსულვარ, მაგალითად, „კარფურში“, სადაც ყველაფერია და მითქვამს, ბარემ აქვე ვიყიდი-მეთქი, მაგრამ მერე რომ ვადარებ ფასებს, ძვირი გამოდის, ამიტომ, ისევ აქ მოვდივარ. ერთჯერ და მეტჯერაც მაღალია ხოლმე მარკეტებში ფასები“.
შემდეგ იქვე, ბაზართან ახლოს, საბითუმოებს ჩამოუვლის. უკვე წინასწარ იცის, სად არის ფასდაკლების აქციები. აქ ბურღულეულს ყიდულობს - შაქარი, ფქვილი, წიწიბურა, მაკარონი - ყველაფერს წონით და დიდი შეფუთვებით:
„შაქარი ხუთკილოიანი შეფუთვა 11-12 ლარი... პატარა შეკვრები რომაა, ბრენდული, მაგეებს იშვიათად ვყიდულობ“.
იქვე ყიდულობს ზეთსაც - დიდ ბოთლებში.
ხორცის საყიდლად ცალკე ხორცის მაღაზიაში შედის, თავის სახლთან ახლოს, ერთ-ერთ მეტროსთან.
ნახევარფაბრიკატებისთვის და სხვა პროდუქტებისთვის რამდენიმე მარკეტში უწევს შერბენა - აქაც წინასწარ უყურებს იმ დღის ფასებს: ხან „ორ ნაბიჯში“, ხან „მაგნიტში“, ხან „კალათაში“, ხან საბითუმო „ჯიბეში“.
უცებ ახსენდება, რომ მეორე დღეს სტუმრად მიდის და შოკოლადის ყიდვასაც გადაწყვეტს. ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში შოკოლადის ის ფილა, რომლის ყიდვასაც დააპირებს, 4,99 ლარი ღირს. სალაროსთან დიდი რიგია, ამიტომ შოკოლადს თაროზე აბრუნებს და გვერდით სურსათის მაღაზიაში გადადის. იქ იგივე შოკოლადს 2,99 ლარად პოულობს.
ეს პროდუქტების ყიდვისას გადახდილი ქვითრების მხოლოდ ნაწილია.
„გამიმართლა. 2 ლარი დავზოგე, - ამბობს ელისო, - მგონი, აქ უკეთესი აქციებია ხოლმე, აქ უფრო ხშირად შემოვალ“.
- ფასდაკლებებს სულ აკვირდებით?
- სულ. ასეთ ქსელურ მაღაზიებში უფრო არის ხოლმე გაყინულ ფილეზე ფასდაკლებები, კიდევ პელმენზე... თევზზეც.
- ნედლ თევზს არ ყიდულობთ?
- არა, სადაც მგონია, რომ სანდოა, იქ ნედლი თევზის ფასს მე ვერ შევწვდები.
გაყინული თევზის ასარჩევად ცალკე თევზის პატარა მაღაზიას აკითხავს.
- უკვე ხუთ ადგილას ვიყავით და თქვენი სიიდან ყველაფერი ჯერ არც გიყიდიათ. სამი საათი კი გავიდა.
- ეგრეა. დიდ სუპერმარკეტში რომ შევსულიყავი, უცებ მოვრჩებოდი, მაგრამ ალბათ, სულ ცოტა, 400 ლარს მაინც დავხარჯავდი და ახლა იგივე პროდუქტები 150 ლარით ნაკლებად მაინც ვიყიდე.
- ერთი კვირის პროდუქტები დაახლოებით რა გიჯდებათ?
- ჩემი სქემით თუ ვივაჭრებ, დაახლოებით 300 ლარამდე, ოღონდ თუ ყველაფერს ვიყიდი, რაც მჭირდება... და სუპერმარკეტში რომ შემიცდეს ფეხი, ამ ფასად გამორიცხულია, ერთი კვირის მარაგის ყიდვა შევძლო.
ჰიგიენური საშუალებებისთვის ცალკე საბითუმო მაღაზიაში მიდის, სადაც დიდი მოცულობის შამპუნი უფრო იაფია, ვიდრე ჩვეულებრივ მარკეტში.
„ერთ დიდ შამპუნს ვყიდულობ და მთელი თვე გვყოფნის ხუთ ადამიანს ოჯახში“.
ბავშვებისთვის კანფეტებს დღეს არ იყიდის, იცის, რომ ერთ-ერთ მარკეტში ფასდაკლების აქცია ოთხშაბათსაა და ურჩევნია მაგ დღეს იყიდოს.
- თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტად რაზეა ფასი მომატებული იმ პროდუქტებიდან, რასაც ხშირად ყიდულობთ?
- კვერცხზე, რძის პროდუქტებზე... მაიონეზიც უფრო ძვირია. რძე. კარაქი. ხორცსა და ყველზეც, მგონი, 4-5 ლარით მაღალი ფასია. ბოლო ნახევარი წელია, ცოტა მეტიც, ძალიან მძაფრად ვგრძნობ ამ სიძვირეს და ეს ჩემს ჯიბესაც დაეტყო.
ბოსტნეულის დახლი სუპერმარკეტში
ფასები უნდა დავწიოთ - სუსი სუპერმარკეტებში
2025 წლის 24 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში ევროპასთან შედარებით სურსათი იმიტომაა ძვირი, რომ პროდუქტებს ზედმეტად ძვირად ყიდიან, მაღალი მოგება რომ დარჩეთო და საგამოძიებო უწყებებს საკითხში გარკვევისკენ მოუწოდა.
საგამოძიებო კომისია შექმნეს პარლამენტშიც.
ასევე ნახეთ ცნობილია სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებული საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობაკომისიაში, რომელიც სურსათის ფასების წარმოქმნის პროცესში უნდა გაერკვეს, შევიდნენ 4 მინისტრი, სუსისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი. კომისიამ შეხვედრები დაიწყო მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან, სუპერმარკეტების მფლობელებთან.
პარალელურად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სურსათის ფასების ზრდის გამოძიება დაიწყო და ამ საბაბით სუპერმარკეტების ქსელებიდან და სადისტრიბუციო კომპანიებიდან დოკუმენტებიც წაიღო.
ასევე ნახეთ სუპერმარკეტებიდან და სადისტრიბუციო კომპანიებიდან სუსმა "დოკუმენტების ამოღება დაიწყო"„მოსაწონი არ არის, თუმცა მთავრობას არც ვამტყუნებ, ეს, ალბათ, ოპერატიული ინფორმაციის მისაღებად სჭირდებოდათ“, - თქვა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა, რძის პროდუქტების კომპანია „ყვარლის ბაგის“ დამფუძნებელმა, როცა 2026 წლის 26 იანვარს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრიდან გამოვიდა.
ასევე ნახეთ მოსაწონი არ არის, მაგრამ არ ვამტყუნებ - პაპაშვილი მარკეტებში სუსის „შესვლაზე“"ფასების საპარლამენტო კომისიამ", რომელსაც სათავეში ჩაუდგა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, მუშაობა 2 თებერვლიდან დაიწყო და მეორე დღეს პროსახელისუფლებო "იმედის" ეთერში თქვა - კომისია სწავლობს, „რატომ არის ფასნამატი მაღალი“ და შეიძლება ეს პროცესი „საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცესო“.
ფასების შემსწავლელმა კომისიამ ორი სხდომა უკვე გამართა.
ბოლო, 11 თებერვლის სხდომაზე, კვერცხის ფასზე მსჯელობდნენ. კვერცხი ჯერჯერობით ერთადერთი პროდუქტია, რომელიც მცირედით გაიაფდა.
ფასების შემცირების გზების ძიებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთ გზად დაასახელა სახელმწიფოს რესურსით სადისტრიბუციო ქსელის აწყობაც.
ასევე ნახეთ რატომ ღირს კვერცხი ძვირი? - გაიმართა ფასების შემსწავლელი კომისიის მეორე სხდომა„არ იქნება მაღალი გადასახადები, დაიწევს ფასი“ - დისტრიბუტორების კონტრარგუმენტები
როდესაც “ფასების დარეგულირებაზე” დაიწყო საუბარი, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში პროდუქტებზე ფასნამატი საშუალოდ 86%-ია, აქედან - 44% დისტრიბუციის წილიაო.
რამდენიც არ უნდა იყოს ნამატი, ამ პროცენტიდან ნახევარი, საბოლოოდ, ისევ სუპერმარკეტთან ბრუნდებაო, - ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე და აზუსტებს, რომ მაღაზიებმა დისტრიბუტორებს 10-მდე გადასახადი დაუწესეს, მათ შორისაა, მაგალითად, პროდუქციის რეგისტრაციის საფასური, თვალსაჩინო თაროზე პროდუქციის განთავსების გადასახადი და ახალი მაღაზიის გახსნის საფასურიც კი.
დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე
“სადისტრიბუციო სექტორს საშუალოდ მხოლოდ 25%-იანი ფასნამატი აქვს, დანარჩენი მარკეტების გადასახადებია, რაც ისევ მათ უბრუნდებათ”.
მაგალითად, თუ დისტრიბუტორს სურს, რომ სუპერმარკეტში შეიტანოს 10 პროდუქტი, სათითაოდ, მათი სახეობების მიხედვით, რეგისტრაციისთვის თითოეულ მაღაზიაში უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის 50 ლარი ანუ სულ 500 ლარი. ხოლო როდესაც კონკრეტულ ქსელს აქვს 700-800 მაღაზია, ეს 500 ლარი მაღაზიების რაოდენობაზე მრავლდება.
მოკლედ, დისტრიბუტორები ამბობენ, ფასების დაწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ჩვენთვის დაწესებული გადასახადები შემცირდება ან გაუქმდებაო. თუ ეს მოხდება, ცვლილება ფასებზეც აისახება და ამ ფასმა შესაძლოა 25%-ით დაიკლოს - ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციაში დღეს 90-მდე სადისტრიბუციო კომპანიაა.
ერთ-ერთი სუპერმარკეტის დახლი
დაკვირვება ფასებზე
პროდუქტებზე ფასების დაწევის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან დაახლოებით ერთ თვეში, რადიო თავისუფლება სასურსათო პროდუქტებზე ფასს სამ ქსელში („ორ ნაბიჯში“, „ნიკორასა“ და „კარფურში“) დააკვირდა და ერთმანეთს შეადარა 27 იანვრისა და 11 თებერვლის ფასები.
- ქსელებს შორის ფასები ძირითადად მხოლოდ იმ შემთხვევაში განსხვავდება, თუ პროდუქტი სააქციო ფასად იყიდება;
- თითოეული კომპანია კლიენტებს სთავაზობს ე.წ. ექსკლუზიურ პროდუქტს, რომელიც მხოლოდ იმ ქსელში იყიდება. მაგალითად, „ორ ნაბიჯში“ იყიდება 400 გრამად დაფასოებული მაკარონი „პასტა დი რიზი“ 99 თეთრად, „კარფურში“ კი 2 კგ-იანი შეფუთვით დაფასოებული მაკარონი 2,15 ლარად;
- ზოგიერთი ქსელი ერთი სახეობის სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქტზე აკეთებს ფასდაკლებას: მაგალითად, „კარფურში“ 27 იანვარს ერთი დასახელების ქათმის ფილე იყიდებოდა ფასდაკლებით, 6,99 ლარად, 11 თებერვალს კი მეორე სახის ფილეს დააკლდა ფასი.
მაღაზიებში განსხვავებული ფასი ღირს ხილი და ბოსტნეული, რომლის ღირებულებასაც ძირითადად ხარისხი განსაზღვრავს. „ორ ნაბიჯში“ 1 კგ ვაშლის ფასი 2,65-ლარიდან 3,95 ლარამდე მერყეობდა, „ნიკორაში“ 3,25 ლარიდან 3,95 ლარამდე;
ბაზარზე შედარებით ცნობილი დასახელების ზეთი „ბარაქა“ და „ოლეინა“ "ნიკორასა" და "ორ ნაბიჯში" 5 ან 10-თეთრიანი სხვაობით იყიდება. ასევე „ორ ნაბიჯს“ და „კარფურს“ აქვთ თითქმის 40%-ით იაფი ზეთები „კუბანსკოე ლუბიმოე“ და „ჩისტოე ზოლოტო“.
რძე და მაწონი „ნიკორაში“ 20-30 თეთრით მეტი ღირდა, რაც შეეხება კვერცხს „ორი ნაბიჯი“ და „ნიკორა“ მომხმარებელს სთავაზობდა #1 და „ზოგეს“ დახარისხებულ პროდუქტს, რასაც კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასი ჰქონდა.
ვის სჯერა გაიაფების?
ფასი ეს არის სამი კომპონენტის ერთობლიობა:
- პირველი - რამდენ ფულს გადაიხდიდა მომხმარებელი იმაში, რისი ყიდვაც უნდა;
- მეორე - რეალურად რამდენის დახარჯვა შეუძლია;
- და მესამე - ამ პროდუქტზე კლიენტების მოთხოვნილება.
გვეუბნება კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise-ის მკვლევარი, ეკონომისტი ეგნატე შამუგია.
„თუ, მაგალითად, სუპერმარკეტში ლიმონათი ღირს ერთი ლარი, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მოთხოვნილება ამ ლიმონათზე, მას აფასებენ, საშუალოდ, ერთ ლარად. თუ ამ ფასად არ გაიყიდა ეს პროდუქტი, სუპერმარკეტი ამ ფასს დაწევს, მაგრამ თუ ხედავს, რომ ერთ ლარად ძალიან ბევრი იყიდება, მაშინ ის გააძვირებს ამ პროდუქტს“, - ამბობს მკვლევარი და ამატებს, რომ ფასს სუპერმარკეტის ბუღალტრული ჩანაწერები კი არა, მომხმარებელი განსაზღვრავს, რის გამოც სუსის ჩარევა ფასების რეგულირებაში აბსურდად მიაჩნია.
კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise-ის მკვლევარი, ეკონომისტი ეგნატე შამუგია
ეკონომიკის მკვლევარს ვკითხეთ, გაიაფდება თუ არა პროდუქტები იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ზოგიერთ მათგანზე დაწევს დამატებითი ღირებულების გადასახადს?
ეგნატე შამუგია ამაზე გვპასუხობს, რომ ამ ნაბიჯმა ფასი შესაძლოა დაწიოს რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე, თუ სახელმწიფო არ წაიღებს დამატებითი ღირებულების გადასახადს (18%), თუმცა, როგორც ეკონომისტი ხსნის, ქვეყანაში ფასების საერთო დონეს სახელმწიფოს მონეტარული პოლიტიკა განსაზღვრავს, მონეტარულ პოლიტიკას კი - ცენტრალური ბანკი.
“შეამციროს [ეროვნულმა ბანკმა] ფულის ბეჭდვა - ფულის ემისია. თუ ეს მოხდება, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტირებული პროდუქციაც გაიაფდება“.
რატომ არ აკეთებს ამას ეროვნული ბანკი?
ბევრ ფაქტორს შორის, ამის მიზეზი ისიცაა, რომ ცენტრალური ბანკი მთავრობის ვალის დაფინანსების წყაროა. ამ მონეტარული პოლიტიკით სარგებლობენ კომერციული ბანკებიც - ეს ორი ძალა ერთად, მთავრობა და კომერციული ბანკები კი, ეკონომისტის შეფასებით, ძალიან დიდი ძალაა საიმისოდ, რომ ცენტრალურმა ბანკმა ის მონეტარული პოლიტიკა გაატაროს, რაც სწორად მიაჩნია.
მეორე მხრივ:
“თუ ფასები გაიზრდება, დღგ-დან მიღებული შემოსავლებიც ხომ გაიზრდება ბიუჯეტში? ესე იგი, მთავრობაში მყოფ ადამიანებს მეტი ფული ექნებათ განსაკარგი. პოლიტიკოსები კი როგორ განკარგავენ ამ ფულს? ცხადია, მათი ელექტორალური მიზნებიდან გამომდინარე. მეორე - თუკი ფულის ბეჭდვა სარგებლის მომტანია კომერციული ბანკებისთვის, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, იპოვონ გზა იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა მოქმედი მონეტარული პოლიტიკა გააგრძელოს”, - გვეუბნება ეგნატე შამუგია, რომელსაც მიაჩნია, რომ სწრაფად მზარდი ფასები, თავიდან ბოლომდე არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
ამ ვითარებაში “ქართული ოცნების” სურვილი, პასუხისმგებლობის ისრები სუპერმარკეტებისკენ მიმართოს, ეკონომისტების შეფასებით, ღია კარის მტვრევაა.
როცა ეროვნულ ბანკში ვიკითხეთ, ფასების დარეგულირების პროცესში ბანკს რა როლი აქვს, გვიპასუხეს, რომ ეროვნული ბანკი ვალდებულია, ხელი შეუწყოს კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას მხოლოდ საფინანსო სექტორში:
„რაც შეეხება ამა თუ იმ საქონლის ბაზარზე კონკურენციის შესაძლო დარღვევებს, იქნება ეს კარტელური გარიგებები თუ სხვა“, ამის შესწავლა და მასზე რეაგირება „კანონმდებლობით უფლებამოსილი უწყებების პრეროგატივააო“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მაღალი ფასების დარეგულირება 2023 წლის თებერვალშიც სცადეს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაავალა ეკონომიკის სამინისტროს, მოემზადებინა კანონპროექტი, რომელიც ბაზარზე ფასებს დაარეგულირებდა, თუმცა სახელმწიფოს მეთაურმა ეს პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანა.
2022 წელს "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საზოგადოებრივმა კვლევამ გამოკვეთა, რომ საქართველოში ხალხმა სამ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დაასახელა:
- ფასების ზრდა;
- სამუშაო ადგილები;
- სიღარიბე.
კვლევის მიგნებებში ასევე აღნიშნული იყო, რომ NDI საქართველოს კვლევების ისტორიაში პირველად, ხალხმა ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დაასახელა.
ასევე ნახეთ NDI: ფასების ზრდა პირველად დასახელდა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ასევე ნახეთ ოჯახების შემოსავლები 2014 წელთან შედარებით შემცირებულია - რას უჩვენებს გამოთვლები ასევე ნახეთ ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ბოსტნეული და პური გაძვირდა