ბიზნესმენი, რძის პროდუქტების კომპანია „ყვარლის ბაგის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი - რომელიც „რძისა და სკინტლის სკანდალში“ იყო გახვეული, - აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „შესვლა“ სუპერმარკეტებში „მოსაწონი არ არის“, თუმცა ამას არ ამტყუნებს.
„ნაკლებად ვიყავი ქვეყანაში, გუშინ დავბრუნდი, მაგრამ მე მგონი, მოსაწონი არ არის. ეს საჭირო არ არის, მაგრამ შეიძლება ოპერატიული ინფორმაცია სჭირდებოდათ და არ ვამტყუნებ“, - განუცხადა პაპაშვილმა „ფორმულას“ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ დღეს, 26 იანვარს, მორიგი შეხვედრა გამართა - ამჯერად ქართველ მწარმოებლებთან. პაპაშვილმა ეს კომენტარიც ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„უხეშობას იქ ადგილი არ ჰქონია და კოოპერაცია იყო ბიზნესსა და უწყებებს შორის“, - თქვა მან.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესმენებმა „დასვეს საკითხი, რომ მათთვის მიუღებელია ასეთი შესვლა და შემოწმება, იმიტომ რომ დამალული აქ არაფერია“.
„მაგრამ ოპერატიული ინფორმაციის მისაღებად სჭირდებოდა ალბათ მთავრობას“, - დასძინა პაპაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებების შედეგად შესაძლებელია ფასების გაიაფება:
„არ არის ადვილი საქმე, თუმცა შესაძლებელია, პრინციპში, რატომაც არა. შეიძლება მრავალმხრივ დაიზოგოს [თანხა], ქსელები თვითონ, ბანკები, გადახდის მექანიზმები. ასარჩევია ქვეყნის გზა - უნდა ადგილობრივი წარმოების განვითარება თუ უნდა იმპორტის ფასები დაარეგულიროს და შეამციროს“.
ასევე განაცხადა, რომ „რეგულირება უნდა ყველა ბიზნესს ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ“.
ასევე განაცხადა: „იაფი კრედიტი - იაფი წარმოება. ეს აქსიომაა“.
2024 წლის 22 მაისიდან დღემდე რეფინანსირების განაკვეთი 8%-ია. 2023 წელს განაკვეთი 11%-ს აღწევდა.
22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სურსათზე ფასის წარმოქმნის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუპერმარკეტების ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიებისგან სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები „ამოიღო“.
„სასამართლოს ათობით განჩინების საფუძველზე სუს-მა გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა კომპანიებიდან, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნებით, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების ამოღება დაიწყო“, - განაცხადეს უწყებაში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მე-14 წელს, ამ გუნდის მიერ შერჩეულმა პრემიერ-მინისტრმა 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით, სურსათი ძვირია, რადგან მაღალი ფასნამატი და მოგებაა. მისი ინიციატივა იყო, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და დაწყებულიყო გამოძიება.
ამ მოწოდების შემდეგ, იმავე დღეს, სუსში განაცხადეს, რომ იწყებდნენ სამომხმარებლო ფასების შესწავლას.
საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა.
კომისიის შემადგენლობა ასეთია:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი;
- ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე;
- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი;
- კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
თავდაპირველად, კომისიას მხოლოდ სურსათის ფასები უნდა შეესწავლა, თუმცა საბოლოოდ საკვლევი სფერო გაფართოვდა და მედიკამენტებისა და ბენზინის ფასებსაც მოიცავს.
ფორუმი