რეკორდული დეფიციტი ბიუჯეტში და კლებადი მშპ - რუსეთის ეკონომიკას ნავთობმაც ვერ უშველა

პუტინი და რუსეთის ეკონომიკის ვექტორი. ილუსტრაცია

რუსეთის ბიუჯეტის რეკორდულად გაზრდილი დეფიციტი და მშპ-ს კლების ტენდენცია ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ღრმა კრიზისში შედის. ექსპერტთა ვარაუდით, მიუხედავად ნავთობიდან მიღებული დროებითი სარგებლისა, ეკონომიკის ვარდნა გაგრძელდება, ხოლო სახელმწიფო ხარჯების ზრდა ვერ შეაჩერებს უარყოფით ტენდენციებს.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აპრილში გამოაქვეყნა ეკონომიკური მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის თებერვალში რუსეთის მშპ წინა წელთან შედარებით 1,5%-ით შემცირდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კლება იყო იანვარში, როცა მშპ 2,1%-ით შემცირდა.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით კი 2026 წლის პირველი კვარტლისთვის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 4,5 ტრლნ რუბლს (60 მლრდ $) გადააჭარბა, რაც თითქმის 800 მილიარდი რუბლით (10,5 მლრდ $) მეტია მთელი წლის დეფიციტის ნავარაუდებ მაჩვენებელზე.

რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი რთულ ვითარებაზე მეტყველებს რუსეთის პრეზიდენტის მიერ 16 აპრილს, მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება. პუტინის თქმით, რუსეთის სავალალო მაკროეკონომიკური დინამიკა განსხვავდება ცენტრალური ბანკისა და მთავრობის პროგნოზებისგან:

“სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ უკვე ზედიზედ ორი თვეა ეკონომიკური დინამიკა, სამწუხაროდ, კლებულობს. მთლიანობაში, იანვარ–თებერვლის პერიოდში მშპ 1,8%-ით შემცირდა. მინუსში აღმოჩნდა როგორც გადამამუშავებელი დარგები და ინდუსტრიული წარმოება მთლიანად, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი, სისტემურად მნიშვნელოვანი სფერო, როგორიც მშენებლობაა. დიახ, უარყოფითი დინამიკის მიზეზებს შორის სპეციალისტები ასახელებენ კალენდარულ, ამინდთან დაკავშირებულ და ე.წ. სეზონურ ფაქტორებს. როგორც უკვე ვთქვი წინა თათბირზე, ეს ჩვენთვის ცნობილია – მიმდინარე წლის იანვარში სამუშაო დღეები ორი დღით ნაკლები იყო, ვიდრე გასულ წელს, ხოლო თებერვალში – ერთი დღით ნაკლები. ეს, რა თქმა უნდა, ობიექტური გარემოებებია, თუმცა აშკარაა, რომ ისინი არ განსაზღვრავენ ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო აქტივობას სრულად”.

ასევე ნახეთ

რა ელის პუტინის ომის ეკონომიკას 2026 წელს?

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ელვირა ნაბიულინას თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის თანამედროვე ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შრომითი რესურსების დეფიციტი.

“დაბალი უმუშევრობა და ინფლაციის 2025 წლის დასაწყისისთვის 10%-მდე ზრდა მიუთითებს ეკონომიკის გადახურებაზე", - აღნიშნა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მოსკოვის ბირჟის ფორუმზე.

„ბევრს შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივი სიმკაცრე რაღაც ანომალიაა, რადგან ადრე მაღალი საპროცენტო განაკვეთები დაკავშირებული იყო დროებით გაუარესებულ გარე პირობებთან. როცა ვითარება ნორმალიზდებოდა, ჩვენ სწრაფად ვამცირებდით განაკვეთებს. ახლა კი გარე პირობების გაუარესება თითქმის მუდმივ ხასიათს ატარებს – როგორც ექსპორტში, ისე იმპორტში. უმუშევრობა 2%-ია. სწორედ ეს გარემოება და ის, რომ ინფლაცია გასული წლის დასაწყისში 10%-მდე გაიზარდა, მიუთითებს ეკონომიკის გადახურებაზე,“ – განაცხადა ნაბიულინამ.

ასევე ნახეთ

რუსეთი რეკორდსმენია ცენტრალური ბანკის რეალური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით

რუსეთის შრომის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთში აქტიურად დასაქმებულია 74,7 მილიონი ადამიანი. რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში (2030 წლამდე) კადრების დეფიციტმა შესაძლოა 3 მილიონ ადამიანს გადააჭარბოს. ექსპერტები პრობლემის გადაჭრის მთავარ გზად სამუშაო ძალის დამატებით შემოდინებას მიიჩნევენ. შრომითი კადრების ყველაზე დიდი დეფიციტი შეინიშნება სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელ წარმოებაში, ენერგეტიკასა და წყალმომარაგებაში. რუსეთის შრომის სამინისტრო და შრომის ბაზრის ანალიტიკოსები ასევე მიუთითებენ წარმოების პერსონალის, მომსახურების სპეციალისტებისა და ტექნიკური კადრების ნაკლებობაზე.

რუსეთის ხელისუფლებამ ამაზე არ ლაპარაკობს, თუმცა სპეციალისტები ამგვარი მდგომარეობის მიზეზებად ასახელებენ დემოგრაფიულ ვითარებას, რომელიც დამძიმებულია უკრაინასთან ოთხწლიანი ომითა და მოსახლეობის ემიგრაციაში გადინებით.

სარგებელი სპარსეთის ყურის კრიზისიდან

რუსეთმა მნიშვნელოვანი სარგებელი ნახა სპარსეთის ყურეში შექმნილი ვითარებით, რის გამოც აშშ-ის მთავრობამ რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს დროებით სანქციები მოუხსნა. შესაბამისი ლიცენზია 12 მარტს გამოქვეყნდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებ-საიტზე. უწყების ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო „მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაბალი ფასების შესანარჩუნებლად“.

შედეგად ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, 2026 წლის მარტში რუსეთის ნავთობის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის გაორმაგდა თებერვალთან შედარებით და მან 19 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ასევე ნახეთ

ნავთობის ფასი თითქმის 120 დოლარს გაუტოლდა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია 2022 წლიდან

თებერვალში, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე, რუსეთმა ნავთობის ექსპორტიდან მხოლოდ 9,75 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. IEA-ს მონაცემებით, მარტში რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტი გაიზარდა დღეში 270 ათასი ბარელით და 4,6 მილიონ ბარელს მიაღწია. „ეს ზრდა ძირითადად ზღვით გადაზიდვებზე მოდიოდა, რადგან ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, დაზიანების შემდეგ კვლავ არ ფუნქციონირებს“, - დაწერა სააგენტო Reuters-მა.

2026 წლის მარტის დასაწყისში გამოცემა The Financial Times-იც წერდა, რომ მსოფლიო ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რომელიც გამოწვეული იყო აშშ-ისა და ისრაელის ომით ირანის წინააღმდეგ, რუსეთის ბიუჯეტს ყოველდღიურად დაახლოებით 150 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს აძლევდა. კომპანია Kpler-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა სუმიტ რიტოლიამ მაშინ რუსეთი „ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის მთავარ გამარჯვებულად“ მოიხსენია.

სანქციების ფარგლებში მოქმედი 30-დღიანი საშეღავათო ვადა 11 აპრილს ამოიწურა. შესაბამისად რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები კვლავ სრულად ამოქმედდა.

რეკორდულად დიდი ხვრელი ბიუჯეტში

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა 2026 წლის პირველი კვარტლის ფედერალური ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შედეგები: იანვრიდან მარტის ჩათვლით შემოსავლებმა 8,3 ტრილიონი რუბლი შეადგინა (დაახლოებით 8%-ით ნაკლები, ვიდრე 2025 წელს იყო), ხარჯებმა კი თითქმის 13 ტრილიონ რუბლს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტრომ წელს პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტი დახარჯა. შედეგად, დეფიციტი 4,576 ტრილიონ რუბლამდე გაიზარდა, რაც თითქმის 2,5-ჯერ მეტია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით და, რაც სპეციალისტების შეფასებით, უფრო მნიშვნელოვანია თითქმის 800 მილიარდი რუბლით აჭარბებს წლიურ დეფიციტს, რომელიც ბიუჯეტის კანონით 3,8 ტრილიონზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

ექსპერტებით გათვლებით, რუსეთის ხელისუფლებას ბოლო დროს ნავთობიდან მიღებული „ჭარბი შემოსავლებიც“ კი ვერ წაადგება დიდად. რუსეთის ნავთობის საშუალო თვიური ფასის - ბარელზე 77 დოლარის პირობებში დამატებითი შემოსავლები, ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით, 250 მილიარდ რუბლს არ გადააჭარბებს, რაც მარტში ნავთობი-გაზის შემოსავლების დანაკლისის მცირე ნაწილს თუ დაფარავს.

“ამჟამად, ფაქტობრივად, ჰიპერტროფირებული ფორმით მეორდება 2025 წლის ვითარება. მაშინ, როცა პირველი კვარტლის დეფიციტი 2 ტრილიონზე ნაკლები იყო, ბიუჯეტის გადახედვა გახდა საჭირო – შეიცვალა ძირითადი პარამეტრები და გაიზარდა დასაშვები დეფიციტი, რასაც, როგორც რუსეთის ცენტრალურ ბანკში ამბობენ, „ინფლაციური“ შედეგები მოჰყვა. გეგმა, რომ „ბიუჯეტური სტიმული“ მონეტარული პოლიტიკით ჩანაცვლდეს (ანუ დეფიციტის შემცირება – რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით), ამ ეტაპზე არარეალისტურად გამოიყურება”, - ამბობს რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ანალიტიკოსი მაქსიმ ბლანტი, რომლის თქმითაც, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მიუხედავად სახელმწიფო ხარჯების 17%-იანი ზრდისა, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), სულ მცირე იანვარ-თებერვალში, შემცირდა:

„4,5 ტრილიონიანი დეფიციტი ანუ დეფიციტის ზრდა ავტომატურად უნდა იწვევდეს სტატისტიკური მაჩვენებლების ზრდას. შემოსავლებით არ უზრუნველყოფილი წლიური 4,5 ტრილიონი რუბლი - ეს წლიური მშპ-ის დაახლოებით 3%-ია. ასეთი „სტიმულის“ პირობებში 2026 წლის დასაწყისში სწრაფი ზრდა უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა რუსეთის ეკონომიკა პირიქით, კლებაშია. შესაბამისად, საუბარს „დაბალანსებულ ზრდასთან დაბრუნებაზე“ უკვე მნიშვნელობა აქვს დაკარგული”.

ასევე ნახეთ

რეკორდული სამხედრო ხარჯები და სტაგნაციაში შესული ეკონომიკა: პუტინის რთული 2026 წელი

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სახელმწიფო ფინანსებში გაჩენილი უზარმაზარი დეფიციტი ტრადიციულად ხარჯების წინმსწრებ დაფინანსებას უკავშირდება.

“რა თქმა უნდა, თანხების დიდი ნაწილი ომს ხმარდება. თუმცა ომი უკვე მეხუთე წელია გრძელდება, წლის დასაწყისში დეფიციტი რეკორდებს ამყარებს, ხოლო ფრონტზე ვითარება არსებითად არ უმჯობესდება. უფრო მეტიც, ცვლილებები რუსეთისთვის უარესობისკენ მიდის: უკრაინის იერიშები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საექსპორტო ინფრასტრუქტურაზე გაფართოვდა და უფრო მტკივნეული გახდა", - ამბობს მაქსიმ ბლანტი, რომლის თქმითაც არანაკლებ საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ხარჯების 17%-იანი ზრდის ფონზე კომუნალური და ინფრასტრუქტურული სფეროები არასაკმარისად ფინანსდება:

“აპრილში რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა თავად აღნიშნა, რომ საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობა კრიტიკულ მდგომარეობაშია: რეგიონებში ინფრასტრუქტურის ცვეთა 50%-ს აღწევს, ხოლო იანვარში ავარიების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, რეგიონები მასობრივად ამცირებენ ამ სფეროს დაფინანსებას”.

ექსპერტები რუსეთის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობის აღსაწერად კიდევ ერთ მაგალითს ასახელებენ: რუსეთის ინფრასტრუქტურული კომპანიების ეროვნულმა ასოციაციამ, რომელიც გზების მშენებლობასა და შეკეთებაში ჩართულ უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, მთავრობას წერილით მიმართა და სექტორში „დომინოს ეფექტის“ მსგავსად გაკოტრებების სერია დააანონსა. სახელმწიფო კონტრაქტების დაფინანსების დაგვიანების გამო, კომპანიების დავალიანება წლის პირველ სამ თვეში 2.5-ჯერ გაიზარდა. ამასთან, კომპანიები უკვე აღარ ითხოვენ დამატებით დაფინანსებას – აცნობიერებენ, რომ დღევანდელ პირობებში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

გზის მშენებელი კომპანიები მთავრობას სთავაზობენ, 2027 წლის ბოლომდე გამოცხადდეს მორატორიუმი როგორც გაკოტრებაზე, ასევე ბაზრის მონაწილეთა შემოწმებასა და დარგის ხელმძღვანელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. საქმე ისაა, რომ სახელმწიფოსგან თანხების მიუღებლობის გამო კომპანიებს აღარ შეუძლიათ გადასახადების გადახდა, რაც დავალიანების ზრდას იწვევს, საგადასახადო ორგანოები კი ამ გარემოებებს არ ითვალისწინებენ და აგრძელებენ გადასახადების დარიცხვას, ჯარიმებისა და საურავების დაკისრებას, რაც კომპანიების ხელმძღვანელებისთვის მძიმე პერსპექტივას ქმნის.

გადაუხდელობის კრიზისი, რომლითაც მოცულია რუსეთის ეკონომიკა, ოფიციალურმა სტატისტიკამაც დააფიქსირა. 2026 წლის დასაწყისისთვის ვადაგადაცილებულმა დებიტორულმა დავალიანებამ 7,7 ტრილიონ რუბლს მიაღწია. ეს არის თანხა, რომელსაც კომპანიებს მათი კლიენტები ვეღარ უხდიან მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. ასეთი ვადაგადაცილებული დავალიანება ნებისმიერი ბიზნესისთვის შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს. 2025 წელთან შედარებით ბიზნესის მიერ მიუღებელი თანხები 25%-ით გაიზარდა, ხოლო ვადაგადაცილების წილმა 10,3%-ს გადააჭარბა – რაც 2008 წლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.

ასევე ნახეთ

ზახაროვა: რუსეთი „იძულებული იქნება“ საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება

ეკონომისტების თქმით, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო სწრაფად ეშვება სტრუქტურულ კრიზისში, რომლის იგნორირებაც უკვე ოფიციალურ სტატისტიკასაც აღარ შეუძლია.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, რობერტ ნიგმატულინმა მოსკოვის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ღიად გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, რაც, ექსპერტთა თქმით, სულ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო.

„გულწრფელად მიმაჩნია, რომ განსაცდელში ვართ. ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი შემოსავლები გვაქვს ევროპაში. ასე როგორ შეიძლება? საბჭოთა ხელისუფლების დროსაც ღარიბები ვიყავით, მაგრამ მაშინ კოსმოსს ვითვისებდით, ატომურ ენერგეტიკას ვაშენებდით... ახლა რა ხდება? ყველაფერი დავკარგეთ და ჩვენ კვლავინდებურად ყველაზე ღარიბები ვართ. ჩინეთის ყველაზე ღარიბ რეგიონებთან შედარებითაც კი ღარიბები ვართ“, - განაცხადა რობერტ ნიგმატულინმა, რომლის თქმითაც, რუსეთში დაწყებულია დეპოპულაცია - ყოველ წელს რუსეთის მოსახლეობა 600 000 ადამიანით მცირდება.

რობერტ ნიგმატულინი, აკადემიკოსი

„მშპ 2014-2015 წლიდან 11 წლის განმავლობაში წელიწადში საშუალოდ 1,5%-ით იზრდებოდა, მაშინ როცა სამომხმარებლო ფასები, ამავე პერიოდში 77%-ით გაიზარდა", - ამბობს რუსი მეცნიერი, - "მიიჩნევა, რომ პუტინი მოვიდა და აღმშენებლობა დაიწყო, სინამდვილეში იშლება მაგალითად მანქანათმშენებლობა, რომელშიც 4 მლნ ადამიანი იყო დასაქმებული, ახლა 10-ჯერ ნაკლები - 440 ათასია. მსუბუქ მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობა 3-ჯერ შემცირდა, სამაგიეროდ 1,5 მლნ-მდე გაიზარდა კურიერებისა და დაცვის თანამშრომლების რაოდენობა. მკვეთრად შემცირდა მეცნიერების რაოდენობა: რუსეთში ყოველ 10 000 ადამიანზე 54 მეცნიერია.ამ დროს განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 174-ია“.

აკადემიკოსი, რობერტ ნიგმატულინი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში, რომელიც ასეთ მდგომარეობაშია და ასეთი ხელმძღვანელობა ჰყავს, ფულს არავინ ჩადებს.

„დღევანდელი კადრები, ვინც რუსეთის ეკონომიკას ხელმძღვანელობს, არაფრად ვარგან. ამაში უნდა დავარწმუნოთ პრეზიდენტი“, - ამბობს რობერტ ნიგმატულინი.